"ჩიორა პირადად ჩემთვის არავინ არ არის, არარაობაა..." - კვირის პალიტრა

"ჩიორა პირადად ჩემთვის არავინ არ არის, არარაობაა..."

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ,,თქვენ ბრძანდებით ქურდების ადვოკატი, თქვენ ბრძანდებით პიროვნება, რომელიც კრიმინალურ სამყაროს წარმოადგენს და იცავს კრიმინალურ პროკურატურას", - მიმართა თაქთაქიშვილმა ბესელიას. ჩიორა თაქთაქიშვილის ამ განცხადებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თავხედური უწოდა. მან თაქთაქიშვილს მწამებელთა წარმომადგენელი და მკვლელების გუნდის თანამოაზრე უწოდა. "ფსიქიატრიულშია ეს ქალი წასაყვანი", - განაცხადა ეკა ბესელიამ. დაპირისპირების შემდეგ თაქთაქიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა... მომხდარს მწვავე კომენტარით გამოეხმაურა ცნობილი რეჟისორი - ქეთი დოლიძე...

- ჩიორა თაქთაქიშვილს საერთოდ ხმის ამოღების უფლება არ აქვს! წამოწოლილი რომ ეგდო თავის ყვავილებიან ტახტზე, იმ სამარცხვინო საქციელს მიხედოს და იმ ათას უბედურებას, რომელსაც ხელს აწერდა მთელი "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის მანძილზე. ჩიორა პირადად ჩემთვის არავინ არ არის, არარაობაა... ჩვენი მთავარი უბედურება კი იმაშია, რომ დასავლეთის დავალებით ისევ სხედან პარლამეტში ეს 40 მტარვალი, რასაც ვერასოდეს ვერ შევეგუები! ამას ვამბობ ყველგან ძალიან ხმამაღლა, ვეუბნები ყველა ჩემს უცხოელ მეგობრებს, გვიშველონ! დასავლეთის დავალებაა, მათ ჩაგვაგდეს ამ დღეში! როგორ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კიდევ არსებობდნენ პოლიტიკაში და ისინი ქვეყნის ოპოზიცია იყვნენ?! ეგენი არიან დამნაშავეები, განსაკუთრებით ის 40 კაცი, რომლებსაც ყველანაირ სიავეზე აქვთ ხელი მოწერილი! ეკა ბესელიას ეუბნებიან ეგენი რამეს?! ციხეში რომ უნდა ისხდნენ დღეს ყველა! ეგ 40 კაცი ახლავე უნდა შეაგდო ციხეში!

- 40 კაცში ვის გულისხმობთ?

- მთელი "ნაციონალური მოძრაობის" სპექტრს. ეგენი ისე უნდა გასამართლდნენ, როგორც ჰიტლერის პარტია! ჰიტლერის პარტიის წევრები არიან და ჰიტლერი გახლავთ –მიხეილ სააკაშვილი! ვერანაირი სტრასბურგი მაგათ ვერ უშველით! ამდენ მხეცობას ხალხი არ აპატიებთ. ეგენი რომ კიდევ ჩანან, ამერიკის და დასავლეთის დავალებაა. არც ამერიკელები და არც დასავლეთი თავის ქვეყანაში არ გააჩერებდა ამდენი ცოდვის ჩამდენ ადამიანებს. ჩვენზე კი ექსპერიმენტებს ატარებენ, იმიტომ რომ ის ფერადი რევოლუცია, ეგრეთწოდებული "ვარდების რევოლუცია" ჩაუვარდათ და ახლა რცხვენიათ, რომ არ გაუმართლათ. იხტიბარს აღარ იტეხენ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)