მთავრობაში მორიგი ცვლილებები შემოდგომისთვის იგეგმება - კვირის პალიტრა

მთავრობაში მორიგი ცვლილებები შემოდგომისთვის იგეგმება

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთბაშად შვიდი მინისტრი შეცვალა. საკადრო ცვლილებები დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის საკითხების მინისტრებს შეეხოთ. სოზარ სუბარმა და ელგუჯა ხოკრიშვილმა სასჯელაღსრულებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთა თანამდებობებიდან დევნილთა და განსახლების და გარემოს დაცვის სამინისტროებში გადაინაცვლეს. სოფლის მეურნეობის მინისტრად - ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრად - გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად - დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად - გელა დუმბაძე, კულტურის მინისტრად კი მიხეილ გიორგაძე დანიშნეს.

საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების აზრით, ზოგიერთი ცვლილება დაგვიანებულიც კი იყო - მაგალითად, ბევრი კითხვა არსებობდა კულტურისა და გარემოს დაცვის ექსმინისტრებთან.

ასევე, ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, შალვა ფიფიას სოფლის მეურნეობის მინისტრობიდან გადაყენება ნაადრევი იყო, რადგან ფიფია ასე თუ ისე, ნორმალურად უძღვებოდა დარგს. იმავეს ამბობენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო ექსმინისტრ კონსტანტინე სურგულაძეზეც.

საინტერესოა ერთი ფაქტიც - სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნული ოთარ დანელია და სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სხვადასხვა დროს, მათ შორის - ღარიბაშვილის შს მინისტრობისასაც, სწორედ ამ უწყებაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ. ექსპერტების აზრით, ეს მიანიშნებს, რომ ღარიბაშვილი მთავრობის დაკომპლექტებას სწორედ თავისი გუნდის წევრებითა და ყველაზე სანდო ადამიანებით ცდილობს.

სხვათა შორის, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის გააგრძელებს მინისტრებზე დაკვირვებას და მორიგი საკადრო ცვლილებები გამორიცხული არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, რაც არ არის გამორიცხული, შემოდგომით ვიხილოთ. ამ ვერსიის თანახმად, საკადრო ცვლილებები რამდენიმე უწყებას შეეხება, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსაც. კერძოდ, არაოფიციალური ინფორმაციით, პრემიერი ირაკლი ალასანიას საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანს, მაია ფანჯიკიძემ კი, არ არის გამორიცხული, რომელიმე ქვეყანაში ელჩად გააგრძელოს მუშაობა.

ამ ვერსიის თანახმად, შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესაც, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კადრია.

ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ წელს ჩატარებულ საატესტატო გამოცდებზე საკმაოდ ბევრი ხარვეზი გამოვლინდა, რომელთა შესახებ ექსპერტებს არაერთხელ უსაუბრიათ.

არ არის გამორიცხული, თანამდებობა დაატოვებინონ ნოდარ ხადურსაც, თუ საბიუჯეტო პრობლემები კვლავ გაგრძელდა.

პარალელურად, საზოგადოებას კითხვები ახალ მინისტრებთანაც აქვს. მაგალითად, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, რომელიც კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ცნობილია, რომ ეს კომპანია წლების განმავლობაში "კარგად" თანამშრომლობდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებასთან. საინტერესოა, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას "ისტერნ პრომოუშენის" შვილობილ კომპანიას გადაეცა შპს "თბილისის საკონცერტო დარბაზის" (ფილარმონია) მართვის 49-წლიანი იჯარა. ახალი მმართველის პირობებში დარბაზის დაქირავების ფასი 6.000-დან 15.000 ლარამდე გაიზარდა. ამ ყველაფერს კონტროლის პალატის აუდიტის სამსახურის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული დასკვნაც დაემატა, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ 2011-2012 წლების საქმიანობას უკავშირდებოდა და ლაპარაკია საბიუჯეტო თანხების სავარაუდო გაფლანგვის ფაქტებზე. უწყების შეფასებით, ნიკა რურუას მინისტრობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან "ისტერნ პრომოუშენს" მილიონ 368 ათასი ლარი გადაუხადეს, საიდანაც მხოლოდ ბათუმის ჯაზფესტივალის ჩატარებისთვის მილიონ 104 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეზე.

ამის საშიშროება ალბათ, ნამდვილად არსებობს იმ დროს, როდესაც ბიზნესიდან ხელისუფლებაში მოსულ პირს თანამდებობრივად სწორედ იმ სფეროს მართვა ევალება, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ ბიზნესს უძღვებოდა და შესაბამისად, კომერციული ინტერესები ჰქონდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბიზნესიდან მოსული თანამდებობის პირის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

მოკლედ, ცხელი პოლიტიკური ზაფხულის შემდეგ შესაძლოა, წინ ცხელი პოლიტიკური შემოდგომა გველოდეს. იმედია, სამთავრობო ცვლილებები მართლაც მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის უფრო ეფექტიან მუშაობას განაპირობებს. სხვა შემთხვევაში, ალბათ, სოციალური პრობლემებით დახუნძლულ საზოგადოებას პოლიტიკური "გადახურება" არ ასცდება, რაც ხელისუფლებასაც ძვირად დაუჯდება.

ნათია დოლიძე