"სააკაშვილის საქციელი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის საქციელი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო"

"ვიცი, რომ სააკაშვილმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა"

" ჯერ მიუსაჯონ და პატიებაზე მერე ვილაპარაკოთ"

"მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ალყაში მოგვაქციეს და მტკვარში გვყრიდნენ"

დღეს საქართველოს პროკურატურამ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. რამდენად შესაძლებელია, მისი საქართველოში ჩამოყვანა და რამდენად ლოგიკურია მასზე ბრალის წაყენება, კომენტარი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერს ლევან ბერძენიშვილს ვთხოვეთ:

- 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით, მე ევროსაბჭოში იმავე წელს ჩემი გამოსვლისას ვთქვი, ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხი ამისთვის სააკაშვილს პასუხს მოსთხოვს-მეთქი. დანაშაული რომ მოხდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ვიცი, რომ სააკაშვილმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა. მთავარია, ჩვენი პროკურატურა შეძლებს თუ არა, ეს ფაქტები ისე დამაჯერებლად წარმოადგინოს, რომ როგორც მე მჯერა, ისე დაიჯეროს საერთაშორისო საზოგადოებამაც. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი, როგორი იქნება ეს სასჯელი, მერე შეიწყალებენ თუ არა მას, ეს სხვა საკითხია. 2007 წლის ნოემბერში მოხდა დანაშაულებათა მთელი სერია, ეს იყო დარბევა დილას, შუადღეს, საღამოს და ღამით. ეს იყო ნადირობა ადამიანებზე. ეს იყო "იმედის" დარბევა, მოკლედ დანაშაულებათა მთელი სერიაა, რომელთაც ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი.

- "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამბობენ, რომ სააკაშვილის დევნა რუსეთის დაკვეთაა...

- მათ მშვენივრად იციან რომ 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც თვითონვე აღიარა და ამის გამო გადადგა. "ნაციონალები" სხვას რას იტყვიან?! მაგათ რომ კითხოთ, მეც რუსეთის აგეტი ვიყავი და ისევ იქ არიან აზროვნებით. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა დანაშაული და ისევ იმათ რატომ უნდა ვკითხოთ აზრი? თუ ისიც ვკითხოთ ახლა როგორ მოვიქცეთ? დანაშაულებრივად დახურეს თუ არა "იმედი"? - დიახ; "იმედში" რომ შევარდნენ ორსული ქალები ძირს დაყარეს თუ არა?! – დიახ! ეს მხოლოდ ორი ფაქტია და ასეთი ათასობით შემიძლია დავასახელო. პირადად მე და კიდევ სხვა რამდენიმე ადამიანი ალყაში მოგვაქციეს და მტკვარში გვყრიდნენ და რა შუაშია აქ რუსეთის დაკვეთა?!

- ხშირად წერენ, რომ არა სარკოზის პრეცედენტი, ჩვენი პროკურატურა ამ ნაბიჯს არ გადადგამდაო, რამდენად ეთანმხებით ამ მოსაზრებას?

- ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერ შუაში არაა სარკოზი. ექს-პრეზიდენტების დაკავებაზე მეტი რა ხდება ისტორიაში. სამხრეთ კორეაში ლამის ყველა პრეზიდენტი დაიჭირეს. სამართლებრივი დევნა ექს-პრეზიდენტზე იყო ისრაელში, საფრანგეთში (ჯერ კიდევ ჟაკ შირაკის დროს), გერმანიაში, აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტის დევნაც იყო და სხვ. მაგ. სერბეთის პრეზიდენტი მილოშევიჩი საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლა. სააკაშვილმა 2007 წელს ისეთი რამ ჩაიდინა, რომლის მერე საერთოდ უნდა გამქრალიყო პოლიტიკიდან, მაგრამ მან იმდენი მოახერხა, რომ კიდევ დაგვაკარგვინა ტერიტორიები 2008 წელს დაშვებული საშინელი შეცდომების გამო. მე გამომაცხადეს ჩემთვის ყველაზე საძულველი ქვეყნის აგენტად, მაგრამ არაა პრობლემა, პიროვნულად ვაპატიებ, მაგრამ მხოლოდ მას მერე, რაც სამართალი აღსრულდება. ჯერ მიუსაჯონ და პატიებაზე მერე ვილაპარაკოთ.

მთავარი დამნაშავე სააკაშვილია და მან უნდა აგოს პასუხი, თუნდაც ნუ ჩამოვა, ჩვენ მაინც უნდა მივუსაჯოთ. იყოს, სადაც გაუხარდება, მაგრამ მსოფლიო ჩალით არაა დაფარული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი წამითაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ 2007 წლის ნოემბერში სააკაშვილმა დაარღვია ყველა კანონი, რაც კი არსებობს. სააკაშვილის საქციელი, ფაქტობრივად, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)