დოდონა კიზირია: "საერთაშორისო საზოგადოება მხარს მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს! უსათუოდ!" - კვირის პალიტრა

დოდონა კიზირია: "საერთაშორისო საზოგადოება მხარს მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს! უსათუოდ!"

"თუ სააკაშვილის დევნა გაგრძელდება, მერწმუნეთ, საქართველოს რუსეთის გარდა, სხვა გზა არ ექნება და სწორედ ეს არის ივანიშვილის მიზანი" - ამბობს პროფესორი დოდონა კიზირია, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას ამერიკიდან ეხმიანება.

- რასაკვირველია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მაგრამ ეს იმ ქვეყნებში, სადაც კანონი დამოუკიდებელია ყოველგვარი პოლიტიკური წნეხისგან, სადაც არის რეალური დემოკრატია. საქართველოში კი ოპოზიციის წევრებს შურისძიების მიზნით აპატიმრებენ. გარდა ამისა რეალურად ქვეყანას მართავს ერთი კაცი, მილიარდერი ოლიგარქი, რომელიც ჩვენი მოსისხლე მტრის, რუსეთის პრეზიდენტის ბიზნესპარტნიორია. აი ამ მონაცემებს თუ მივიღებთ მხედველობაში, ჯორჯ ორუელის ბრწყინვალე ფრაზა რომ გავიმეოროთ, კანონის წინაშე ზოგიერთი უფრო თანასწორია.

- მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს...

- მიხეილ სააკაშვილს უკვე ანეგდოტად ქცეული მოპარული მილიარდები ვერ უპოვნეს, ვინაიდან ეს მხოლოდ მეოცნებეთა ფანტაზიებში არსებობს. ხოლო საპროტესტო აქციის დარბევები ხდება ყოველ ქვეყანაში, როდესაც ისინი მთავრობის გადატრიალებისკენ არის გამიზნული, ან სახელმწიფო საკუთრებას ზიანს აყენებს. ნინო ბურჯანაძემ ამ ორი დღის წინ განაცხადა, მე ყოველმხრივ ხელს შევუწყობ ობიექტურ გამოძიებასო. მის ანზორიკოსთან საუბრის ჩანაწერს თუ გამოიტანს განსახილველად ქალბატონი ნინო, სადაც ნათქვამია, 500 კაცის სიკვდილიც არაფერია და მერე ეფესბეს ჯარი ჩაიბარებს სიტუაციასო? ან იმას, რომ მისმა მანქანამ პოლიციელი მოკლა, როცა ის პროტესტის ადგილიდან გარბოდა? ან მთავრობა რატომ არ დაინტერესდა მისი დანაშაულით? ფაქტიურად, ყველა იქ მყოფთა დაშავებაც ამ ქალბატონის კისერზეა. არ არის განა ეს შერჩევითი სამართლიანობა?

-ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ივანიშვილი და ღარიბაშვილი პუტინის დაკვეთით მოქმედებენ...

- ამაში აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი. ამის ბევრი დამატკიცებელი ფაქტი არსებობს, მაგრამ განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რომ ივანიშვილს და პუტინს, ორივეს სძულთ მიხეილ სააკაშვილი და სურთ მისი ფიზიკური განადგურება. სწორედ ამას ემსახურება ეს უკანასკნელი ფარსი - მის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულის წარდგენა... საერთაშორისო საზოგადოება მხარს მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს! უსათუოდ! უკვე დაუჭირა კიდეც. სათანადო განცხადებები გააკეთეს ამერიკელმა სენატორებმაც და მთავრობამაც. ასევე იქნება ევროპაშიც. თუ სააკაშვილის დევნა გაგრძელდება, მერწმუნეთ, საქართველოს რუსეთის გარდა სხვა გზა არ ექნება და სწორედ ეს არის ივანიშვილის მიზანი.

- არ თვლით, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, თუნდაც ბადრი პატარკაციშვილის და ტელეკომპანია იმედის საქმე?

- მე პირადად არ ვთვლი, ვინაიდან ბადრი პატარკაციშვილი ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას, შემოჰქონდა იარაღი, რათა დაერიგებინა მისი მომხრეებისათვის და დაეწყო სამოქალაქო ომი. მისი ტელეარხი კი სწორედ ამ იდეების პროპაგანდა იყო. ჩემი აზრით, თვითონ ბადრი პატარკაციშვილიც უნდა დაეპატიმრებინათ. მაგრამ სააკაშვილი თავს იკავებდა პოლიტიკური ოპონენტების დაკავებისგან, თორემ ნინო ბურჯანაძე და კიდევ არაერთი ციხეში უნდა ჩაესვა, არა გამოგონილი, არამედ სრულიად რეალური დანაშაულებისთვის.

- სააკაშვილს თუ დააკავებენ, ეს გავლენას იქონიებს მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტზე?

- საქართველოს ავტორიტეტი უკვე შეილახა ჯერ კიდევ სააკაშვილის ბრალდებულად გამოცხადებამდე. ხოლო მისი დაკავების მოთხოვნის შემდეგ, კიდევ უარესად შეილახება. ეს თვითონ მეოცნებეთა გულმხურვალე მხარდამჭერმა, ლევან ბერძენიშვილამც განაცხადა... საერთაშორისო საზოგადოებას ბევრი სხვა საქმე აქვს და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების თვალთვალისთვისარ სცალია. ხოლო ისინი, ვინც მათ საქმიანობას თვალს ადევნებს, ძალიან უარყოფითად აფასებს მას. ამ მთავრობის წევრები იმდენად გამოუცდელები არიან პოლიტიკაში, რომ დიპლომატიურ ზრდილობას კეთილგანწყობად აღქვამენ, ვინაიდან თვითონ მათ ზრდილობის წესებზე წარმოდგენა არა აქვთ. ამ ზრდილობის იქეთ კი სერიოზულ გულაცრუებას აქვს ადგილი. მე მაქვს კონტაქტები პოლიტიკაში მაღალ დონეზე მყოფ ხალხთან და მაქვს ეს ინფორმაცია.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)