გივი ბერიკაშვილი: "ძალიანაც გამეხარდა, მანანა რომ გაათავისუფლეს, შარი იყო და მეტი არაფერი" - კვირის პალიტრა

გივი ბერიკაშვილი: "ძალიანაც გამეხარდა, მანანა რომ გაათავისუფლეს, შარი იყო და მეტი არაფერი"

”ხალხი, რომლებთანაც ერთად დავბერდი და სულ შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეს ვეძახდით ერთმანეთს, მტრად გადამეკიდა, მანანა არაფერს გვიკეთებსო. ახლა კი დავისვენებ ერთი და ამოვისუნთქავ”... - ასე ეხმიანება კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან მანანა ბერიკაშვილის განთავისუფლებას, ცნობილი მსახიობი გივი ბერიკაშვილი...

- ძალიანაც გამეხარდა, მანანა რომ გაათავისუფლეს. ახლა ველაპარაკე ტელეფონით და არც ის ჩანს უკმაყოფილო. დაისვენებს და სექტემბრიდან შეუდგება მუშაობას. სამი სამსახური აქვს კიდევ. შარის მეტი არაფერი არ იყო იმ თანამდებობაზე. რაც არ უნდა გააკეთო უკმაყოფილოა ხალხი, ზოგს ეს უნდა, ზოგს ის... აქ თავშისაცემი არაფერი არ არის, არც მანანაა შეწუხებული, რომ გამოუშვეს და არც ოჯახის წევრები. რისთვის უნდა ვიძახოთ, ვაი რა დაგვემართა და რა უბედურება გვჭირსო?!

- თქვენთვის რთული იყო, ქალბატონი მანანა რომ კულტურის მინისტრის მოადგილე იყო?

- არ თქვა კაცო!... ხალხი, რომლებთანაც ერთად დავბერდი და სულ შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეს ვეძახდით ერთმანეთს, მტრად გადამეკიდა, მანანა ამას არ გვიკეთებს და იმას არ გვიკეთებსო. დავისვენებ ერთი და ამოვისუნთქავ.

- კორუფციაშიც ადანაშაულებდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები...

- სულელები არიან კაცო, არაფერი იციან, ყველაფერი წესრიგშია!... ახლა ახალი კაცი მოვიდა და აბსოლუტურად გასაგებია მისი პოზიცია, რომ სურს გარშემო ჰყავდეს ის ხალხი, რომლებსაც ძალიან კარგად იცნობს.

- ახალ მინისტრზე ამბობენ, ”ნაციონალების” და კერძოდ, ნიკა რურუას კარგი მეგობარიაო... ამაზე რას იტყოდით?

- არ არის ეგ ახლა სალაპარაკო და სადაო. ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა, მათ ვინც უღლატა ქვეყანას და ვინც გვერდში დაუდგა. თუ დააშავა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც! მთავარია ქვეყანა - ენა, მამული, სარწმუნოება! ძალიან ვთხოვ ყველას წუწუნს ნურავინ დაიწყებს! დასანიშნი დაინიშნება, გასაგდებს გააგდებენ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და კარგი საქმის გამკეთებელს გვერდით უნდა დავუდგეთ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)