ირაკლი კაკაბაძე: "სააკაშვილი ფუხიმორის კვალს უნდა გაუყენონ" - კვირის პალიტრა

ირაკლი კაკაბაძე: "სააკაშვილი ფუხიმორის კვალს უნდა გაუყენონ"

"მაკკეინს სააკაშვილი ფულს უხდის... საერთოდაც, მაკკეინი არაა სერიოზული ფიგურა"

"ადეიშვილი და გებელსი რას იტყვიან, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა"

საქართველოს პროკურატურამ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალი წაუყენა. ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. რამდენად სწორი იყო პროკურატურის ეს გადაწყვეტილება, ამაზე კომენტარი მწერალ ირაკლი კაკაბაძეს ვთხოვეთ:

- ჩემი აზრით ბრალის წაყენება დაგვიანებულია, სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია დაჭერილი უნდა იყოს, მაგრამ არაუშავს, მთავარია, რომ ეს მოხდა. სააკაშვილი ფუხიმორის (ალბერტო ფუხიმორი - პერუს ყოფილი პრეზიდენტი, დამნაშავედ ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში) კვალს უნდა გაუყენონ, რადგან სააკაშვილი ფუხიმორზე ნაკლები ნამდვილად არ ყოფილა, ფუხიმორი კი ციხეში ზის. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის ადგილიც იქაა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახერხებს პროკურატურა ბრალდების დამტკიცებას?

- ჩვენ ვხედავდით, რომ აქამდე ხალხი ძალიან უკმაყოფილო იყო პროკურატურის მუშაობით და იმედია, ახლა უკეთესად იქნებიან მომზადებული. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ ნაცისტურ პარტიას, ამ გარეწრებს ციხეში ვერ სვამენ, პირიქით ლაპარაკი მიდის მათ გამართლებაზე. ეს ყველაფერი კი პროკურატურის სისუსტეზე მეტყველებს. მივესალმები უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლას, რომლებიც ადგილობრივ კადრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში გაუწევენ დახმარებას.

- დღეს გავრცელდა სენატორ მაკკეინისა და კიდევ ორი სენატორის განცხადება, რომლებიც ხელისუფლებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ...

- მაკკეინს სააკაშვილი ფულს უხდის და მისი ნებისმიერი განცხადება ფულით გაკეთებული განცხადებაა. საერთოდაც, მაკკეინი არაა სერიოზული ფიგურა. მთავარი არის ქართველი ხალხის ნება და არა ამერიკელი სენატორების განცხადება. ქართველი ხალხი კი მათ გაამწარეს.

- ადეიშვილის ადვოკატმა გაავრცელა ადეიშვილს განცხადება, სადაც ის ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს, რამდენად ადეკვატურია მისი ეს განცხადება?

- ადეიშვილი და გებელსი რას იტყვიან, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, შედგეს ნიურნბერგის სასამართლო და გებელსები, გერინგები და ა.შ. გასამართლდნენ. მეორე მსოფლიო ომის მერე ნაცისტური პარტიისათვის რომ გეკითხათ რამე, ზუსტად იგივეს გეტყოდნენ, რასაც დღეს "ნაციონალები" ამბობენ. ამიტომ ისინი უნდა დასვა სასამართლო სკამზე. ქართველი ხალხის უმრავლესობა ელოდება "ნაცისტური" პარტიის გასამართლებას, არა "ნაციონალური მოძრაობის", არამედ "ნაცისტური პარტიის", რადგან რაც მათ აკეთეს აბსოლუტურად იგივე შინაარსის იყო, რასაც აკეთებდნენ ნაცისტები.

- სააკაშვილის ბრალდებულად გამოცხადება ხომ არ გამოიწვევს საერთაშორისო რეზონანს?

- საერთოდ არ მაინტერესებს საერთაშორისო რეზონანსი, მთავარია ქართველი ხალხის ნება. ნუ გვავიწყდება, რომ ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები დააპატიმრეს ან რაიმე სხვა სახის სასჯელი მიუსაჯეს. ფუხიმორიდან დაწყებული ბერლუსკონით დასრულებული. აქედან გამომდინარე, თუ ბრალი დასაბუთებული იქნება, არავითარი რეზონანსი არ მოჰყვება ამას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)