გოგა ხაინდრავა: "ერეკლე კოდუა ავადმყოფია და სხვა არაფერი" - კვირის პალიტრა

გოგა ხაინდრავა: "ერეკლე კოდუა ავადმყოფია და სხვა არაფერი"

"ეტყობა, ისე გარეკეს მაგ უბედურ დღეზე გაჩენილებმა და ისე აერიათ ყველაფერი, რომ ვეღარ ხვდებიან, რას ლაპარაკობენ"

"ვანოზე ამბობენ, ციხეში ონკანს და უნიტაზს ვერ არჩევს ერთმანეთისგანო, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ და შეტევა დაემართათ"

"სოდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, ერეკლე კოდუამ ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა მას გოგა ხაინდრავას ლიკვიდაცია შეუკვეთა, რასაც ქვეყანაში არეულობა უნდა გამოეწვია. ჩვენ დავუკავშირდით გოგა ხაინდრავას და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს არის სრული ბოდვა და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ეტყობა, ისე გარეკეს მაგ უბედურ დღეზე გაჩენილებმა და ისე აერიათ ყველაფერი, რომ ვეღარ ხვდებიან, რას ლაპარაკობენ.

- ერეკლე კოდუა აცხადებს, რომ თქვენთან ერთად კიდევ სამი პიროვნების ლიკვიდაცია შეუკვეთა ბადრი პატარკაციშვილმა...

- მაგას იცით როგორ მოსდის, ცუდ ოფიციანტს შემკვეთები და შეკვეთები რომ აერევა ერთმანეთში, როგორც ჩანს, მიშა სააკაშვილის ნათქვამში აერია ბადრის ნათქვამი, რადგან მიშამ და მერაბიშვილმა ნამდვილად შეუკვეთეს ჩემი ლიკვიდაცია. ამაში ვარ დარწმუნებული და ეტყობა, ეს აერია ერთმანეთში.

-როგორ ფიქრობთ, თუ მას მართლა დაუკვეთა ბადრი პატარკაციშვილმა თქვენი ლიკვიდაცია, რატომ იყო ამდენხანს ჩუმად ერეკლე კოდუა?

- ერეკლე კოდუა ავადმყოფია და სხვა არაფერი. მაგათ უკვე ისე ეშინიათ და ისე უჭირთ, რომ ვეღარ ხვდებიან, რას ლაპარაკობენ. სააკაშვილმაც აურია და მერაბიშვილმაც, მეტიც ვანოზე ამბობენ, ციხეში ონკანს და უნიტაზს ვერ არჩევს ერთმანეთისგანო, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ და შეტევა დაემართათ.

- უნდა მოხდეს თუ არა გამოძიება ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის შორის გამართული საუბრის ჩანაწერისა?

- ეს ჩანაწერი თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო და ამას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება. დღესაც, რაც რუსთავი ორმა გაუშვა ანონსის დროს, ჩანაწერის ეგ მონაკვეთიც ყალბია. ესაა თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული ჩანაწერი, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. გამოსაძიებელი არაფერია. თუ ადამიანს ელემენტარული ცოდნა გაქვს, რაა ხმა, მიხვდები რომ ჩანაწერი სრულად სიყალბეა. მე კინორეჟისორი ვარ და ძალიან კარგად ვიცი ეს ყველაფერი და დარწმუნებით გეტყვით, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე მონტაჟი.

- რისთვის დასჭირდა ბადრი პატარკაციშვილს ამ შეხვედრის ორგანიზება?

- ვერ გეტყვით, ეს უნდა ჰკითხოთ ვალერი გელბახიანს, ვინც იყო ამ შეხვედრის მომწყობი, მე ნამდვილად არ ვიცი, რატომ შედგა ეს შეხვედრა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)