"ერდოღანს ზოგჯერ ენა წინ უსწრებს"
"ერდოღანის ნათქვამი ქართველებმა როგორც გაიგეს, 100%-ით მართლები არიან, მაგრამ..."
"ერდოღანი არასოდეს იტყვის იმას, რომ ქართველობა ცუდია და ქართველები დაბალი დონის ხალხი არიანო, რადგან მას საქართველო უყვარს"
გუშინ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა: "მე ბევრი მეუბნება, რომ ქართველი ვარ, მეტიც, იმასაც კი მეუბნებიან, სომეხი ხარო". მისმა ამ ნათქვამმა ქართველი საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, ბევრი საქართველოს ხელისუფლებას იმასაც კი მოუწოდებს, რომ საპროტესტო ნოტა გაგზავნოს. ერდოღანის ამ განცახდებაზე კომენტარი თურქეთში მცხოვრებ ქართველს ორჰან ბერიძეს ვთხოვეთ:
- ამ კვირას თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებია და ოპოზიცია ზოგჯერ არასწორ ბრალდებებსაც უყენებს პრემიერს, მათ შორის, ისეთებსაც, რომელიც ერდოღანის ეროვნებას შეეხება. ბევრგან წერენ, რომ ის ებრაელი ქართველია, წერენ რომ სომეხია და სხვ. ასე ვთქვათ ერდოღანი დაღალეს იმ თემაზე ბევრი საუბრით, რომელიც მის ეროვნებას ეხებოდა და ერდოღანმა ამით მათ გაუთავებელ ლაპარაკს პასუხი გასცა. მან სიტყვა-სიტყვით ასეთი განცხადება გააკეთა: "მე მეუბნებიან, ქართველი ხარო, მეტიც, ზოგი იმასაც კი მეუბნება, სომეხი ხარო". მისი ამ სიტყვებიდან ისე ჩანს, რომ ქართველობა ცუდია, მაგრამ სომხობა კიდევ უფრო ცუდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ერდოღანი არასოდეს იტყვის იმას, რომ ქართველობა ცუდია და ქართველები დაბალი დონის ხალხი არიანო, რადგან მას საქართველო უყვარს. მას კარგი ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან, ქართველ ხალხთან, თურქეთში ჩემნაირი ბევრი ქართველი ცხოვრობს და სხვ. გარემოებების გამო. მე ძალიან ბევრჯერ მოვისმინე ეს ნათქვამი და ისეთი აზრი გამოვიტანე, რომ უბრალოდ ცუდად გამოუვიდა ნათქვამი. დავუკავშირდი ხალხს ვინც ერდოღანს იცნობს და ვუთხარი, რომ გადაეცით გააკეთოს განცხადება და ასე ვთქვათ, საკუთარი ნათქვამი განმარტოს...
- ბევრმა ქართველმა ეს ნათქვამი პირად შეურაცხყოფად მიიღო..
- ქართველების აზრს უდიდეს პატივს ვცემ და ქართველებმა როგორც გაიგეს, 100%-ით მართლები არიან, მაგრამ მე კიდევ გავიმეორებ, რომ ერდოღანი საქართველოზე ცუდად ნამდვილად არ იტყოდა, უბრალოდ მას ცუდად გამოუვიდა ნათქვამი, მაგრამ მათ, ვისაც საქართველოს და თურქეთის კარგი ურთიერთობა არ მოსწონთ, ცუდად იყენებენ ასეთ ნათქვამებს და სულ სხვა ახსნას უძებნიან.
- მოახლოებულია არჩევნები და ეს ნათქვამი მის წინააღმდეგ იმუშავებს თუ პირიქით?
- არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ის მაინც გაიმარჯვებს. ის მოქმედი პრემიერ-მინისტრია და ყველა შესაძლებობა მის ხელთაა. მე, სიმართლე გითხრათ ხმაც არასოდეს მიმიცია მისთვის, მაგრამ მისი მმართველობის დროს საქართველოში თავისუფლად წასვლა-წამოსვლა გახდა შესაძლებელი, შესაძლებელია თავისუფალი ვაჭრობა და სხვ. ბევრი კარგი გადაწყვეტილება სწორედ მისი მმართველობის პერიოდში მიიღეს. ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ერთ-ერთ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ვთქვი, რომ საზღვარი საქართველოსთან მხოლოდ პირობით ხასიათს ატარებს-მეთქი. ეს ხუმრობაა, მაგრამ თურქეთში ერთი ანდაზაა - ხუმრობის ნახევარი ჭეშმარიტებააო. ჩემთვის საქართველო სტამბოლში არსებული ჩემი სახლიდან იწყება.
- თურქების და სომხების ურთიერთობა, ისედაც რთულ ფაზაშია, პრემიერის ეს განცხადება კიდევ უფრო ხომ არ გაამწვავებს ამ პრობლემას?
- ერდოღანი ცოტა არაპროგნოზირებადი პიროვნებაა. დილით შეიძლება სულ სხვა რამე თქვას და საღამოს სხვა. შეიძლება ერთ დღეს სომხებს 100 წლის წინანდელ პრობლემებზე ბრწყინვალე რამე უთხრას, მაგრამ მეორე დღეს სულ სხვა რამე თქვას. უხეშად რომ ვთქვათ, ზოგჯერ მას ენა წინ უსწრებს. მე არა ვარ პოლიტიკის ექსპერტი ,ეს უბრალოდ ჩემი აზრია.
- ბატონო ორჰან, რეალურად ერდოღანი მართლა ქართული წარმოშობისაა?
- 2004 წელს ბათუმში უთქვამს, მე ქართველი ვარ, რიზედანო. მერე მე ვიდეოც ვნახე, რომელიც ჩემმა მეგობარმა ქართველმა გააზიარა "ფეისბუქზე", თუმცა ახლახანს ვეძებე და ეს ვიდეო ვეღარ ვნახე, როგორც ჩანს იუთუბიდან წაშალეს. ერდოღანი ქართველია თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, თვითონ ადამიანი რა ეროვნებად თვლის თავს. მე ქართველი ვარ და ვამაყობ ამით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენელი ცუდია. სომხები, თურქები, ქართველები ყველანი, ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ვართ.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)