როგორ მივედით 2008 წლის ომამდე ანუ რუსული პოლიტიკის რეალიზაცია "ნაციონალურად" - კვირის პალიტრა

როგორ მივედით 2008 წლის ომამდე ანუ რუსული პოლიტიკის რეალიზაცია "ნაციონალურად"

რუსეთ-საქართველოს ომიდან 6 წელი გავიდა და მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აგრძელებენ მცდელობას, თავიდან აირიდონ პასუხისმგებლომა ამ ომის გამო. სააკაშვილი დღესაც აკეთებს მინიშნებებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება პრორუსულია და ომის წლისთავის წინ ვლადიმერ პუტინს სასიამოვნო საჩუქარს უკეთებს სააკაშვილის მიმართ ბრალის წარდგენით. პირადად მე "კაგებესთან" თანამშრომლობაში ომის 6 წლისთავის წინ - 7 აგვისტოს დამდო ბრალი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა სახემ - გიორგი კანდელაკმა. ვფიქრობ, საბოლოოდ მკაფიოდ უნდა გაირკვეს, რამდენად ემსახურებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში რამდენად მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სცენარის მიხედვით.

ჯერ კიდევ არ არის გაანალიზებული ყველა ის ნაბიჯი, რომელმაც რუსეთს აგრესიისათვის ხელ-ფეხი გაუხსნა. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები ამ გზის გასახსნელად ყველა ღონეს რომ იხმარდნენ, ეს ალბათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ მოვლენების ისე გასავითარებლად, რომ მოსკოვს სამხედრო აგრესიისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გარდა "სხვა გზა არ დარჩენოდა", საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსულ პოლიტიკას მაქსიმალურად აუწყო ფეხი. რატომ მოხდა ასე - იყო ეს შეცდომების კასკადი, გულბრყვილო მინდობა კრემლისადმი თუ შეგნებული დანაშაული, ამის დადგენას იმედია, დიდი დრო არ დასჭირდება. თუმცა, შედეგი ერთია - ომი, ოკუპაცია და აღიარება - რუსული პოლიტიკის ინტერესები მაქსიმალურადაა რეალიზებული საქართველოში და ამას ხელი შეუწყო სწორედ იმ გუნდმა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებს პრორუსულობაში და რუსეთის ინტერესების გატარებაში.

იმისთვის, რომ ნათლად დავინახოთ, როდის, როგორ დაიწყო, გააგრძელა და ბოლომდე მიიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ რუსული პოლიტიკის წესებით თამაში, ომის წინა, ომისა და შემდგომი დღეების მნიშვნელოვან მოვლენებსა და მოგონებებს გადავავლოთ თვალი. რაც შეეხება მოგონებებს, იმ პერიოდის სხვადასხვა ფრაგმენტს ხშირად იხსენებს ხოლმე თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, მას ამ მოგონებების დასადასტურებლად არასოდეს მოუტანია რაიმე დოკუმენტი და მტკიცებულება. მისი მონათხრობები ხშირად ურთიერთგამომრიცხავია და ხშირად ისმის კითხვა - ყოფილი პრეზიდენტი სიმართლეს ამბობს თუ საკუთარი უსუსურობის და შეცდომების გასამართლებლად, მარტივად რომ ვთქვათ, ჭორაობს. საკუთარ მოგონებებში სააკაშვილი ხან დარწმუნებულია, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებს და ცხინვალში წარმატებული ოპერაციისთვის მას მხოლოდ კვირები დასჭირდება, ხან იხსენებს, როგორ აფრთხილებდნენ მოსალოდნელი ომის შესახებ არა მხოლოდ მაღალჩინოსანი დასავლელი მეგობრები, არამედ თვით ვლადიმერ პუტინი.

პირველი ნიშნები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული პოლიტიკის თამაშს იწყებდა, ჯერ კიდევ 2006 წელს გამოჩნდა - აფხაზეთის მიმართულებით - შეიცვალა ქართული პოლიტიკა კოდორის ხეობაში და იქ საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდა, სამხრეთ ოსეთის მიმართულებით კი, შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია. შემდგომში მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ ორივე პროექტმა ხელი შეუწყო რუსეთს, იოლად მიეთვისებინა კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი.

მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების სხვა პირველი პირების მონათხრობები, ვარაუდები, დაპირებები და ილუზიები:

ნიშნები იმისა, რომ მოსკოვი არ აპირებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დათმობებზე წასვლას, მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ აჭარის მოვლენების დროს - 2004 წელს ჰქონდა. ამის შესახებ თავად სააკაშვილმა გაიხსენა 2013 წლის 7 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან საუბარში. კერძოდ, იგი აჭარის მოვლენების დროს პუტინთან საუბარს იხსენებს: "მან (პუტინმა) მითხრა, რომ აჭარაზე დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ აფხაზეთსა და ცხინვალში იგივეს ვერ მივიღებდით."

მიხეილ სააკაშვილს ბევრჯერ გაუხსენებია პუტინთან თუ სხვებთან საუბრები თუ მიმოწერა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, არასოდეს მოუტანია დამადასტურებელი რაიმე ჩანაწერი ან დოკუმენტი. სახელმწიფოს მეთაურისგან ამგვარი ჭორაობა ძალიან უსუსური და არასერიოზულია.

ომის დაწყებამდე გაცილებით ადრე ძალიან მკაფიო ნიშნები არსებობდა იმისა, რომ რუსეთი აგრესიისთვის ემზადებოდა და ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი მაინც მიჰყვა რუსულ სცენარს. მიუხედავად ამ ნიშნებისა, სააკაშვილი უხვად გასცემდა დაპირებებს აფხაზეთში დაბრუნების თუ ცხინვალის რეჟიმის დამარცხების შესახებ.

2005 წლის 11 ნოემბერს, სოფელ კარალეთში, შიდა ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს გახსნაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "ჩვენ ვართ ცხინვალის მახლობლად, ჩვენი ხეობების - დიდი და პატარა ლიახვის მახლობლად და მინდა, ვუთხრა ამ ხეობების მცხოვრებლებს, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ქართული სახელმწიფო იცავს თქვენს უსაფრთხოებას. მინდა, გავაფრთხილო შეიარაღებული ბანდიტები, რომლებიც აქედან შორს არ არიან და სულ რამდენიმე კოლომეტრში იმყოფებიან, ყველა თქვენგანი პასუხს აგებს. საქართველო ის აღარ არის, რაც იყო, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი, დაიცვას თავისი მოქალაქეები."

სად წავიდა სააკაშვილის ეს სიტყვები, დაპირება თუ მუქარა? რატომ ვერ მოახერხა მან შეესრულებინა 2005 წელს მიცემული პირობა და როგორ დაუშვა მან 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, თუ ასე კარგად იცოდა, სად იყვნენ შეიარაღებული ბანდიტები და რას აპირებდნენ ისინი?

დიმიტრი მედვედევის ციტატა 2006 წლის შესახებ: ჟურნალისტი ეკითხება მედვედევს: რას იტყვით ბატონი პუტინის განცხადებებზე იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს არსებობდა გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში ამზადებდნენ მეამბოხეებს სამხრეთ ოსეთში? მედვედევი პასუხობს: "რა თქმა უნდა, შეიძლება, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ ვცდილობდით, ამ ორ ხალხს დავხმარებოდით, რომლებიც ჩვენ შესაბამისი თხოვნებით მოგვმართავდნენ."

ფაქტობრივად, მედვედევი ადასტურებს, რომ 2006 წლიდან გარკვეული მზადყოფნა იყო. აშკარაა, რომ რუსეთი ამ დროიდან ემზადებოდა, ჩაეთრია საქართველო ისეთ პოლიტიკაში, რომელიც რუსეთისთვის მისაღები იქნებოდა და საქართველო ამას აჰყვა.

რადიო "ეხო კავკაზას" 2011 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2007 წლის 11 მაისს, ვანო მერაბიშვილი ესაუბრება რუსეთზე ჯონ ტეფტს, აშშ-ს იმჟამინდელ ელჩს საქართველოში, და ეყრდნობა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის გენერალ ვიქტორ კომოგოროვის მონაცემებს. მას მერაბიშვილი საქართველოს შესახებ რუსულ პოლიტიკაში არსებული იდეების უმრავლესობის წყაროს უწოდებს. მერაბიშვილი ამბობს, რომ ომი რუსეთის ინტერესებში არ შედის, რუსეთი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და რეგიონში არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას ანიჭებს უპირატესობას. იგი ჩვენი მეგობარი, მოკავშირე ქვეყნის ელჩს არწმუნებს, რომ ამერიკელებმა არაფერი იციან, რუსი კომოგოროვი კი ეუბნება, რომ რუსეთს არ აინტერესებს სამხრეთ ოსეთი და მისი აღიარება.

მერაბიშვილი-ტეფტის ამბავი გრძელდება იმით, რომ სოხუმიდან ახალ ჩამოსული აშშ-ს ელჩი მერაბიშვილს სერგეი ბაღაფშთან საერთო ენის გამონახვას სთავაზობს იმ ფონზე, როცა 2006 წელს კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანის შემდეგ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ყოველგვარი კონტაქტია გაწყვეტილი. საქართველოს მეგობარ ელჩს ბაღაფშისგან ჩამოაქვს ინფორმაცია, რომ იგი ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა. და აი, "საქართველოს ხერხემლის" პასუხი ამ შეთავაზებაზე: "ბაღაფშს სერიოზული პრობლემები აქვს ალკოჰოლთან დაკავშირებით, იგი ყოველდღე სვამს და ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ბაღაფში ფაქტობრივად, ჩამოსცილდა აფხაზეთის მმართველობას და ეს ფუნქცია ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს გადააბარა."

მერაბიშვილს რომ ეთქვა, რომ აფხაზეთის მართვა რომელიმე რუსის ხელში გადავიდა, კიდევ გასაგები იქნებოდა მისი უარი ელჩის შეთავაზებაზე, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, იგი ანქვაბთან საუბარს მაინც დათანხმებოდა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მონუსხულები იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების პირველი პირები საქართველოს სასარგებლოდ რუსული პოლიტიკის ვითომდა გამოყენების შანსებით - მერაბიშვილი იმ მომენტში არც კი ცდილობდა, მეგობარი ამერიკელების მხარდაჭერით აღედგინა ურთიერთობები ბაღაფშთან ან თუნდაც ანქვაბთან. ეს ძალიან სერიოზული მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობდნენ რუსები მერაბიშვილთან და სააკაშვილთან.

ომისწინა დაძაბულობის დასაწყისი:

რატომ იყო ელჩი 2007 წლის მაისში ჩასული სოხუმში? იმიტომ, რომ მაშინ ვითარება დაიძაბა - 2008 წლის აგვისტოში მომხდარის მცდელობა 2007 წლის გაზაფხულზეც იყო. მაშინ უკვე იგრძნობოდა ომის გარკვეული ვარიაციები და პროვოკაციები. 2007 წლის 14 მაისს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში მე (რომელიც, როგორც ბატონი კანდელაკი აცხადებს, "კაგებესთან" ვთანამშრომლობდი და ვთანამშრომლობ) - პაატა ზაქარეიშვილი ვამბობ: "ბოლო 1 თვის განმავლობაში ცხინვალში ძალიან დიდი შეიარაღებაა შეტანილი. შეყვანილი არიან რუსეთის მოქალაქეები. ამით აღშფოთებულია ადგილობრივი მოსახლეობა, დაძაბულობა აშკარად შესამჩნევია ცხინვალში". ანუ იმ დროისთვის უკვე აშკარად იგრძნობა დაძაბულობა და ეს მეც ვიცი.

ინტერვიუს გაგრძელება: "ცხინვალის რეგიონში კონფლქტის გაჩაღება რუსეთის ინტერესებშია. გამორიცხული არაა, ქართული მხარის პროვოკაციაში ჩათრევის მიზნით, განხორციელდეს ქართულ სოფლებზე შეტევა. ამის შემდეგომ კი რუსულ-ოსურმა მხარემ შეიძლება, ეს აქტიურობა გრძელვადიან შეუქცევად პროცესში გადაიტანოს. ამის რეალური საშიშროება არსებობს." ამ ყველაფერს მე ომამდე 1 წლით ადრე ვამბობდი ანუ საზოგადოებაში, მათ შორის ჩემს დონეზე, იგრძნობოდა, რომ რუსეთის მხრიდან სამზადისი მიმდინარეობდა და ამას ვერ ან არ ხედავდა რუსეთით დაბრმავებული ხელისუფლება.

ინფორმაცია პუტინის მუქარის შესახებ: ისევ სააკაშვილის მოგონება 2007 წლის 14 სექტემბერს, მედვედევის დაბადების დღეზე მომხდარ ამბავთან დაკავშირებით.

"2007-ში მედვედევის დაბადების დღეზე მიიყვანეს კონდოლიზა (რაისი), კარგად დალიეს და უცებ პუტინმა დაუწყო მას ლაპარაკი სრულიად გამჭვირვალედ, რომ საქართველოში უნდა იყოს ომი. კონდოლიზა წამოხტა და ტოვებდა სუფრას. ამას რუსები გვიყვებოდნენ. მაშინ მათ ეს სიგნალი მიიღეს და "კარგი, კარგიო", დაიხიეს უკან", - იხსენებს სააკაშვილი. მისივე თქმით, პუტინის ამ განცხადებას საჯარო რეაქცია არ მოჰყოლია. საინტერესოა, რის საფუძველზე ჰყვება ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი? როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს, იგულისხმება ამგვარი მისი მოგონებებიც და უნდა გაირკვეს, ეს ნაამბობები ჭორია თუ მას, როგორც სახელმწიფოს მაშინდელ ხელმძღვანელს, აქვს გარკვეული მტკიცებულებები. ამ ფაქტში საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს ამგვარი ინფორმაცია ჰქონდა, სააკაშვილი მაინც აჰყვა რუსულ თამაშს.

2007 წლის 28 ნოემბერს კი (როცა სააკაშვილმა უკვე იცის, რომ პუტინი ომს აპირებს), მერიაში დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილი ამბობს: "უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად შევქმნით პირობებს, თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისათვის აფხაზეთში".

ამ განცხადებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში ანუ 4 დეკემბერს (ომამდე დარჩენილია 8 თვე) სააკაშვილი შემდეგ განცხადებას აკეთებს: "ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს".

სააკაშვილის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, როგორ არის იგი აყოლილი რუსული პოლიტიკის ტალღას და თავს ვეღარ აკონტროლებს. შესაძლოა, დავუშვათ, რომ სააკაშვილის ეს სურვილები და დაპირებები იმ მომენტისთვის გულწრფელი იყო და ამ დაპირებებისა თავადაც სჯეროდა, მაგრამ მოგვიანებით იგი თავად განაცხადებს, რომ იცოდა, რომ პუტინი ომს აპირებდა. კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ კარგად მოახერხა რუსეთმა ჩაეთრია სააკაშვილი თავის თამაშში.

კითხვა სააკაშვილის მიმართ: ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან ჰქონდა სააკაშილს ინფორმაცია, ვინ დააჯერა იგი, რომ ცხინვალის საკითხს რამდენიმე თვეში მოაგვარებდა, მაშინ როცა უკვე იცოდა, როგორ უთხრა პუტინმა რაისს, რომ საქართველოში ომს აპირებდა?

სააკაშვილი განაგრძობს: "ამრიგად, საუბარია მართლაც ძალიან მოკლე პერიოდზე - რუსებსაც წამოსცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ."

კითხვა სააკაშვილის მიმართ - სად და როდის წამოსცდათ რუსებს, რომ სამხრეთ ოსეთი არ აინტერესებდათ? 2008 წლის აგვისტომ კარგად ააჩვენა, რამდენად "არ აინტერესებდა" რუსეთს ცხინვალი. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, როგორ მარიონეტივით მართავდნენ რუსები სააკაშვილს.

და ისევ რუსული მუქარა: მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინთან 2008 წლის თებერვალში დსთ-ს სამიტზე შეხვედრას და რუსეთის პრეზიდენტის მოძალადეობრივ რიტორიკას იხსენებს: "მან კი (პუტინმა) დაიწყო საუბარი კოსოვოს შესახებ. გაგვაფრთხილა, კოსოვო მზადდებაო. როდესაც მე ვკითხე, ჩვენ ამასთან რა შუაში ვიყავით, მან გაუპატიურებაში სტაჟიანი მოძალადის ტერმინოლოგიით მიპასუხა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება. პუტინმა გვითხრა, ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია და უბრალოდ, მოდუნდით და სიამოვნება მიიღეთო."

კითხვა სააკაშვილის მიმართ - როდისაა იგი მართალი, როცა ამბობს, რომ რამდენიმე თვეში დაიბრუნებს ცხინვალს და თუ მაშინ, როცა პუტინის ამ მუქარას იხსენებს? იგი მუდმივად ავრცელებდა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას და რაც მთავარია, ისევ და ისევ მიჰყვებოდა რუსულ პოლიტიკას.

2008 წლის 26 თებერვალი, სააკაშვილი ამბობს: "კოკოითი ბოლო 3 წლის განმავლობაში იძახის - აი, ახლა, შემდეგ კვირაში ცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას. ბაღაფში ალაპარაკდა ამაზე და თქვა, მაქვს ზუსტი ინფორმაცია, უახლოეს კვირებში ცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობასო. არის ეხლა ეს ხალხი ცარიელ-ტარიელი. დარჩნენ მშრალზე ბაღაფშიც, კოკოითიც და სხვა სეპარატისტებიც. ვერავინ გაბედა, ვერ გაბედეს მათმა მფარველმა ძალებმა ამ საკითხის დაძვრაც კი და ეს არის საქართველოს დიდი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამარჯვება".

ჩნდება რიტორიკული კითხვა: ვინ იყო მართალი - კოკოითი და ბაღაფში თუ სააკაშვილი? ვის ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია? რუსეთი კოკოითისა და ბაღაფშს უფრო მაღალი კატეგორიის პოლიტიკოსებად თვლიდა, ვიდრე სააკაშვილს, შესაბამისად, ისინი გაცილებით მეტად ინფორმირებული ჰყავდა და სულ ამაო იყო სააკაშვილის ასეთი თავდაჯერებული განცხადება, რომ სეპარატისტებს არაფერი გამოსდიოდათ.

ნინო ბურჯანაძე იხსენებს 2008 წლის გაზაფხულის მოვლენებს. იგი ამბობს, რომ მას ღამის 01:00 საათზე თავდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე სოხუმამდე მისვლის გეგმა გააცნეს. ბურჯანაძე ასეთი გაადწყვეტილების მომხრეთა შორის ქვეყნის მაშინდელ პირველ პირებს - სააკაშვილს, მერაბიშვილს, ბოკერიას, ტყეშელაშვილს, ლომაიას, ვაშაძეს და კეზერაშვილს ასახელებს. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ის და ბეჟუაშვილი ომის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, გიგა ბოკერია კი ბოლო ხმაზე აღფრთოვანებული გაჰყვიროდა, "კარტა ბელე" გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო."

ბურჯანაძის თქმით, იქ შეკრებილთ ეგონათ, რომ აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების შეყვანა და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა იყო სოხუმამდე მისვლის გეგმა.

ბურჯანაძე აგრძელებს: "ამას ესწრებოდა გენერალური შტაბის შემადგენლობა, მაგრამ სოხუმს იქით დანარჩენი აფხაზეთი სააკაშვილს და მის მეგობრებს არ აინტერესებდათ. სწორედ მაშინ შედგა სატელეფონო საუბარი სააკაშვილსა და პუტინს შორის. ამ სატელეფონო საუბარს ვესწრებოდი და ის ჩემი ინიციატივით შედგა. სააკაშვილმა გაიხსენა კიდეც, რომ სწორედ მაშინ უთხრა პუტინმა, რომ თუ შენ ომს დაიწყებ, იქ დგანან ჩვენი სამშვიდობო ძალები, დავამარცხებ შენს ჯარს, ვცნობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს და დაგიშლი ქვეყანასო".

ისევ რუსული მუქარა: ანუ როგორც ბურჯანაძე იხსენებს, სააკაშვილი პირიდაპირ პუტინისგან იყო გაფრთხილებული. ამ შემთხვევიდან სულ მალე იწყება ომი და ამ გაფრთხილების მიუხედავად, სააკაშვილი ასეთ ავანურისტულ ნაბიჯს დგამს.

სააკაშვილი ომისწინა პერიოდის მოგონებისას ერთ საინტერესო ამბავზეც საუბრობს - თუ როგორ შესთავაზა მან პუტინს საქართველოს მიერ აშშ-სთან მეგობრობაზე და ნატოზე უარის თქმა. კერძოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებაზე და აშშ-სთან მეგობრობაზე უარის თქმას ჰპირდება.

თუმცა, მისივე ნაამბობის მიხედვით, პუტინმა დაუფიქრებლად უპასუხა, რომ საქართველოს ტერიტორიებს მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე ვერ გაცვლის. სააკაშვილის ინფორმაციით, ამის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთში 26 ეშელონი შეიყვანა, ოჩამჩირეში, გალსა და ჯავაში კი ბაზების მშენებლობა დაიწყო. მისი თქმით, საქართველომ ეუთოს მექანიზმის ჩართვა მოითხოვა, რაც რუსეთმა დაბლოკა.

კითხვა სააკაშვილის მიმართ: რა პირობებში და როდის უთხრა სააკაშვილმა პუტინს ეს - ტელეფონით ელაპარაკა, წერილით მიმართა თუ პირად საუბარში შეპირდა პუტინს, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებაზე უარს იყოდა და შეაჩერებდა მეგობრობას აშშ-სთან?

ისევ სააკაშვილის მონათხრობებიდან: მან პუტინისადმი მიწერილი წერილიც გაიხსენა (ანუ უნდა არსებობდეს წერილი ან მისი ასლი). სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პუტინს მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა, პასუხად მისგან უარი მიიღო. ასევე, საინტერესოა, რა ფორმით მიიღო უარი.

სააკაშვილი აგრძელებს: "2008 წლის მაისში ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც რკინიგზელების მეორე ბატალიონი შევიდა აფხაზეთში. ამის შემდეგ მივწერე მედვედევს წერილი, (ასევე საინტერესოა, სად არის ეს წერილი!) რომელიც ვფიქრობ, ისტორიკოსების კამათის საგანი გახდება. ჩვენ მათ ლტოლვილების შეყვანის სანაცვლოდ კოდორის ჩრდილოეთით გადანაცვლება შევთავაზეთ. ლტოლვილები შევიდოდნენ საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ. სამაგიეროდ დავპირდი, რომ დავუკანონებდით ეკონომიკურ ინტერსებს ბიჭვინთაში, გაგრასა და სოხუმში - სოხუმის აეროპორტს, რკინიგზას, ანუ დე ფაქტო ვაკანონებდით მათ ინტერესებს საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილში. მათ უარი განაცხადეს და მედვედევმა მომწერა (ანუ უნდა არსებობდეს მედვედევის საპასუხო წერილიც), დაივიწყეთ ლტოლვილები და ტერიტორიაო".

ანუ სააკაშვილი მზად იყო, რუსეთის მაქსიმალური ინტერესები გაეთვალისწინებინა. თუმცა, საჭიროა ამ ყველაფრის მტკიცებულებები.

2008 წლის 6 ივლისი: სააკაშვილის ნაამბობის მიხედვით, მედვედევი კარგა ხანს ემალებოდა, მის ტელეფონს კი მშობელივით პუტინი პასუხობდა. "პირველად, როცა პუტინმა აიღო ყურმილი, მკითხა, მედვედევს რას ურეკავ, ჩემთან არ გაქვს საქმეო? მეორედ რომ დავურეკე, საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკულ განცხადებებზე მივუთითე. პუტინისგან წამოვიდა ირონიული პასუხი - "უჰ, როგორ დაგმეს რუსეთიო!" ბუშის პრესმდივნის განცხადებაც წავუკითხე. პუტინმა თქვა, ვფიქრობ, ბევრი ქაღალდი დაგროვდა, ეგ ქაღალდები დაახვიონ და ერთ ადგილზე გაიკეთონო. ამ საუბრის შესახებ მეორე დღეს ბუშმა ყველაფერი იცოდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ამერიკელები ყველაფერს უსმენდნენ."

ანუ სააკაშვილის თქმით, მან ორჯერ სცადა მედვედევთან დარეკვა. ეს თავისთავად საინტერესოა და როცა ომის რეალიები მეტ-ნაკლებად გამოძიებული იქნება, ეს კითხვები უნდა დაისვას და ამ საუბრების ჩანაწერები მოძიებული უნდა იქნას.

დასავლელი პარტნიორების მოგონებებიდან:

შესაძლო ომის ან პროვოკაციის შესახებ პირადად მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პარტნიორებიც აფრთხილებდნენ, მათი საშუალებით საქართველოს პრეზიდენტამდე მნიშვნელოვანი სიგნალები მიდიოდა, თუმცა, სააკაშვილის ქმედებებში ვერც ამ სიგნალებმა შეიტანა კორექტივები და იგი ჯიუტად აგრძელებდა სვლას რუსული პოლიტიკის გზაზე, რომელიც საბოლოოდ მივიდა ომამდე, ოკუპაციამდე და აღიარებამდე.

აშშ-ს იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მემუარებში წერს: "მიხეილ საააკაშვილმა რუსეთს ომის დაწყების პროვოკაციაში ჩათრევის საშუალება მისცა". რაისი იხსენებს, რომ არწმუნებდა სააკაშვილს, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გაეფორმებინა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა.

"ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ მისცეთ რუსეთს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვთ, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ეცდება, რამე სულელური გაგაკეთებინოთ. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ წააგებთ", - ეუბნება რაისი სააკაშვილს ომამდე - იგი თბილისში ივლისში იყო ჩამოსული. რაისი აგრძელებს: "ამგვარად სააკაშვილი მოკავშირეებს ნატოში უფრო დაშორდა".

რაისი ასევე, აღწერს შეხვედრას სააკშვილთან ომის წინ: "ის ამაყი და იმპულსურია, ამიტომ ჩვენ ყველა ვშიშობდით, რომ მას შეეძლო, მოსკოვისთვის ძალის გამოყენების პროვოცირების საშუალება მიეცა. მან თავად წარმატებულად განახორციელა პროვოკაცია ქვეყნის სხვა ნაწილში - აჭარაში და სარგებელიც მიიღო, როცა შიდა და საერთაშორისო ზეწოლით ამ რეგიონის რეინტეგრაცია მოხდა. ვშიშობდით, რომ ეს პრეცედენტი აფიქრებინებდა სააკაშვილს, რომ იგივე გაუვიდოდა პუტინის საყვარელი სოჭის სიახლოვეს."

ანუ პარტნიორები აფრთხილებდნენ სააკაშვილს, არ ეთამაშა რუსული თამაში. სააკაშვილი კი იხსენებს: "კონდოლიზა რაისი იძახოდა, რა ომი, დაივიწყეთ ეს, რადგან რუსები ამას არ იზამენო. შტაინმაიერმა კი პირიქით გვითხრა, რომ იზამდნენ. მან გვითხრა: ახლა ისინი გააგრძელებენ პროვოკაციას, მერე რაღაც ეტაპზე მოგიხდებათ მათი სამშვიდობო სტატუსის გაუქმება, მერე სულ უფრო მეტად გესვრიან, გააძლიერებენ თავის ჯარებს და რაღაც მომენტში თქვენ ვალდებული იქნებით, უპასუხოთ".

ანუ სააკაშვილმა თავის განცხადებებში შტაინმაიაერიც ჩართო და ურიგო არ იქნება, როდესმე ბატონ შტაინმაიერს დავუსვათ კითხვა - რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია სააკაშვილისა და მისი საუბრის შესახებ.

და მიხეილ სააკაშვილი ისევ შტაინმაიერზე: "დასავლეთიდან პირველმა შტაინმაიერმა გვითხრა, რომ ომი იქნებოდა. ამის შესახებ შტაინმაიერმა საქართველოს მთავრობის წევრებს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში განუცხადა. აგვისტოს დასაწყისში, როცა დაიძაბა სიტუაცია, ჩამოვიდა შტაინმაიერი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს იყო პირველი ოფიციალური პირი, რომელმაც დასავლეთიდან გვითხრა, რომ ომი იქნება. გეგმა შემოგვთავაზა, რომელიც იყო ორაზროვანი და მიუღებელი, თუმცა, იმდენად გაბრაზებული ვიყავით, რამეზე რომ ჩაგვეჭიდა ხელი, ამაზეც ვთანხმდებოდით. ჩავიდა გალში და შეხვდა ბაღაფშს. მანამდე იყო მოსკოვში და შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში. თემურ იაკობაშვილმა უთხრა, დაგვეხმარებოდა თუ არა დასავლეთი ახალი სამშვიდობო ფორმატის მიღებაში. ამაზე შტაინმაიერმა იაკობაშვილს უთხრა: "რა ახალი სამშვიდობო ფორმატი, ბიჭებო, მალე აქ თქვენ ომი გექნებათ".

(შტაინმაიერი საქართველოში ვიზიტით 2008 წლის 17-18 ივლისს იმყოფებოდა) სააკაშვილი მას საჯაროდ ბევრ პასუხისმგებლობას აკისრებს. საჭიროა ამ ყველაფრის გადამოწმება.

საფრთის შესახებ არა მხოლოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსებისთვის იყო ცნობილი, ეს საშიშროება საზოგადოებისთვისაც საგრძნობი იყო, მათ შორის ჩემთვისაც, რომელსაც ხელი არანაირ საიდუმლო ინფორმაციაზე თუ დოკუმენტზე არ მიმიწვდებოდა. ისევ ფრაგმენტი ჩემი სხვა ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "რეზონანსში" 2008 წლის 31 ივლისს (საომარი მოქმედებების დაწყებამდე 7 დღით ადრე) გამოქვეყნდა: "ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყება საფრთხეს შეუქმნის მთელი საქართველოს სტაბილურობას. აქ საერთაშორისო დონის გზები გადის. ამიტომ არ მიკვირს, რომ რუსეთი ცხინვალის საშუალებით გეგმავს საომარი მოქმედებების განახლებას." ჟურნალისტის კითხვაზე, ომი აფხაზეთში იქნებოდა თუ ცხინვალში, მე ვამბობ, რომ ომის საფრთხე ცხინვალშია.

და ვაგრძელებ: "მათ უნდათ, რომ საქართველო მაქსიმალურად დააზარალონ, ამიტომ მგონია, რომ ქართულმა მხარემ ჭკუა უნდა იხმაროს და დაფიქრდეს, თამაშობს თუ არა რუსულ თამაშს, როცა რაღაც პროვოკაციას პასუხობს ან პროვოკაციას თვითონ იწვევს. ძალიან ბევრი შეიარაღება შეიყვანა რუსეთმა ცხინვალში და ფაქტობრივად, მთელი ცხინვალის რეგიონი, რომელსაც სეპარატისტული ძალები აკონტროლებენ, იქცა სამხედრო ბანაკად".

ანუ ომის დაწყებამდე 7 დღით ადრე ვამბობ, რომ რუსეთის ჯარი უკვე შემოყვანილია,სააკაშვილი კი აცხადებდა, რომ ჯარი 7 აგვისტოს შემოვიდა. ჯარის შემოყვანა არ უნდა ყოფილიყო საბაბი საააკშვილისთვის, გაემართლებინა თავისი მოქმედებები. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი პროვოცირებას ახდენდა და თავისას 7 აგვისტოს მიაღწია.

იხსენებს პოლონეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის მეგობრის ლეხ კაჩინსკის თანაშემწე: "7 აგვისტოს ღამეს დარეკა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილს არ ჰქონდა კარგი ახალი ამბები. მან უთხრა ჩვენს პრეზიდენტს, რომ ქართული სოფლები იბომბებოდა და რუსები რაღაც დიდი ოპერაციისთვის ემზადებოდნენ. კაჩინსკიმ უპასუხა, რომ რაიმე სისულელე არ ჩაედინა და პროვოკაციას არ წამოგებოდა".

ისევ კაჩინსკის თანაშემწის მოგონებიდან: "7 აგვისტოს ღამეს სააკაშვილმა სამხედროებისადმი სამი ბრძანება გასცა - შეეჩერებინათ ცხინვალისკენ მიმავალი რუსული ტანკები, საცეცხლე წერტილების გაუვნებელყოფა, საიდანაც ქართული სოფლები იცხრილებოდა, მინიმუმამდე შეემცირებინათ დანაკარგები სამოქალაქო მოსახლეობაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა გენერალ კულახმეტოვს და აცნობა, რომ საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავის კაბინეტში მიიწვია რამდენიმე ჟურნალისტი და ისინი ამ საუბრის მოწმენი იყვნენ. "ყველაფერი ნათელია, კარგი,თქვენი ნებაა", - უპასუხა კულახმეტოვმა.

იხსენებს მეთიუ ბრაიზა: "7 აგვისტოს, როცა საქართველოს მთავრობა დარწმუნდა, რომ რუსეთს ჯარი შემოჰყავდა, ქართულმა შენაერთებმა უკან არ დაიხიეს. არადა, ვურჩევდით, რომ უკან დაეხიათ და მიეღოთ თავდაცვითი პოზიციები. ამ შემთხვევაში მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ მათ ცეცხლით უპასუხა. ასე რომ არ ექნათ, ქვეყანა ომის შემდეგომ პოლიტიკურ ომს მოიგებდა. ქართველებს დაავიწყდათ, რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა. მათ ასევე, იფიქრეს, რომ საომარ ოპერაციებში მოიგებდნენ."

ტაქტიკით, რომელზეც ბრაიზა საუბრობს, მოიქცა უკრაინა წლევანდელი კრიზისის დროს. შესაძლოა, ამით უკრაინამ ბევრი ვერაფერი მოიგო, მაგრამ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა რუსული აგრესია. საქართველოც დამარცხდა 2008 წელს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მაგალითად, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი უკრაინას წელს, 17 მარტს მოუწოდებს, კვლავ განაგრძოს თავშეკავებული პოლიტიკია ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით. ამგვარი პოლიტიკით ჩანს, რომ რუსეთი აგრესიას ახორციელებს და უკრაინის დასაცავად უფრო ხელსაყრელ პირობები იქმნება. "ჩვენ ვაფასებთ თავშეკავებას, რომელსაც უკრაინა იჩენს კრიზისის საპასუხოდ, მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას კვლავ განაგრძოს ეს მიდგომა", - აცხადებდა ეშტონი.

ისევ კაჩინსკის თანაშემწის მოგონებებიდან: - "კაჩინსკის სურდა, რომ თბილისისთვის მხარი დასავლეთის ქვეყნებს დაეჭირათ. ამისთვის იგი ნიკოლა სარკოზის დარწმუნებას შეეცადა. ეს დიდი წარმატება იქნებოდა, რადგან 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის პრეზიდენტობა ფრანგთა ხელთ იყო. 10 აგვისტოს ესაუბრნენ კიდეც ტელეფონით ერთმანეთს, თუმცა, მალევე გამოჩნდა, რომ საკმაოდ განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. პოლონეთის პრეზიდენტი ყურმილში ამბობდა, რომ ქართველები უნდა დავიცვათო. ამტკიცებდა, რომ კავშირი (სავარაუდოდ, იგულისხმება ევროკავშირი) ვალდებულია, კავკასიაში გააგზავნოს სამშვიდობო ძალები. თუმცა, სარკოზიმ მტკიცედ უპასუხა, რომ ამ ყველაფერში სააკაშვილია დამნაშავე, რადგან მან დაიწყო სროლა. კაჩინსკი შეეპასუხა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის იმის გამოსარკვევად, თუ ვისი ბრალია ყოველივე ეს. სარკოზის თითქოს, არც ესმოდა. "ნუ ნერვიულობ, მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს. სააკაშვილი დამნაშავეა, მან გამოიწვია რუსეთის ამგვარი რეაქცია". კაჩინსკისთან საუბარში გაისმა რამდენიმე გაურკვეველი სიტყვა სააკაშვილის მისამართით. იგი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა მისცა უფლება, საქართველო პროვოკაციაში ჩაეთრიათ".

მნიშვნელოვანი ეპიზოდი ექვსპუნქტიანი გეგმის შექმნის ისტორიიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ვერ მოხვდა ამ დოკუმენტში საქართველოს ტერიტროიული მთლიანობის შესახებ პოზიცია. ალბათ, არ არის ძნელი წარმოსადგენი, დღვანდელ ხელისუფლებას ამგვარი ნაბიჯი რომ გადაედგა, რა ქარ-ცეცხლი დაატყდებოდა მას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.

ისევ კაჩინსკის თანაშემწის მოგონებებიდან: "ლეხ კაჩინსკის არასასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდეს: სარკოზის 6 პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში საუბარი არ იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფორმალურ ჩამორთმევას გულისხმობდა. გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ არ დათანხმებოდა ამგვარ შეთანხმებას.

ამასთან დაკავშირებით კაჩინსკის ტანაშემწე შემდეგ ეპიზოდს იხსენებს:

"...მოულოდნელად, დარბაზში, სადაც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მეთაურები იმყოფებოდნენ, შემოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ყველას მიესალმა, მაგრამ არ დამჯდარა, კაჩინსკისთან შეჩერდა, რომელსაც პოლონურად უთხრა: "თქვი "დიახ. დიახ". კაჩინსკიმ კი თქვა: "არა, არა". სარკოზი ტაიფუნივით აბობოქრდა. "უკვე უნდა გავფრინდე", - თქვა მან გასვლისას. პოლონეთის პრეზიდენტი მიხვდა, რომ ხელშეკრულება, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები არ იყო ჩადებული, ხელმოწერილია. "ეს ცუდად დამთავრდება", - უთხრა სააკაშვილს. "ნუ ნერვიულობ", - სააკაშვილი ცდილობდა, დაემშვიდებინა იგი, უხსნიდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა."

2014 წლის 16 მარტს სენატორი ჯონ მაკკეინი უკარაინასა და საქართველოს შორის პარალელებზე საუბრისას სატელევიზიო ეთერში ამბობს: "საქართველოს შემთხვევაში შეცდომა სააკაშვილმა დაუშვა, როცა მან კონფლიქტი დაიწყო. ახლა ის წარმოუდგენელ, ძალიან რთულ ვითარებაშია".

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ნათლად აჩვენებს იმჟამინდელი მთავარსარდლის დაბნეულობას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარების შემოსვლის თარიღთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ. ბრძანებულების ტექსტი პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა 9 აგვისტოს 17:26 საათზე. ანუ ამ დროისთვის უკვე მომხდარია 7 და 8 აგვისტოს მოვლენები, დგას 9 აგვისტო და საღამოს 6-ის ნახევარზეც კი ვერ ხვდება სააკაშვილი, რომ რუსები ატყუებდნენ.

ბრძანებულებაში წერია: "მიუხედავად საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, ცალმხრივად შეეწყვიტა ცეცხლი და შეთავაზებული წინადადებისა, გამართულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, სეპარატისტების მიერ -8 აგვისტოს განხორციელდა მასირებული შეტევა მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული იქნა აუცილებელი და ადეკვატური ზომები შეიარაღებული თავდასხმის აღსაკვეთად. სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერტორიაზე განხორციელებული ქმედებები აქტიურად იქნა მხარდაჭერილი რუსეთის ფედერაციის მიერ, კერძოდ 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა."

ანუ სააკაშვილს იმ დროისთვის ჯერ კიდევ აქვს რუსეთის იმედი და ერთგვარად ინდობს კიდეც - 9 აგვისტოს საღამოს ჯერ კიდევ არ არსებობს ლეგენდა, რომ რუსული ჯარი 7 აგვისტოს შემოვიდა საქართველოში. ეს არ არის ინტერვიუ, ეს პრეზიდენტის ბრძანებულება - სახელწმიფო დოკუმენტია. რუსეთს სააკაშვილი იმდენად ჰყავდა გაბრუებული, რომ მას 9 აგვისტოს კიდევ აქვს იმედი, რომ რუსეთი უთმობს ცხინვალს.

ისევ ტერიტორული მთლიანობის საკითხი და როგორ ამოვარდა შეთანხმებიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი:

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისები არ იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მნიშვნელოვანია, ყველამ გაიგოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავალ. რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსს, ეს საკითხები განხილვას არ საჭიროებს." მისი ეს ნათქვამი ეხება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პუნქტს, რომელიც მოიცავდა საერთაშორისო მსჯელობის დაწყებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრისა და მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტიების თაობაზე.

ექვსპუნქტიანმა საერთაშორისო გეგმამ ქართულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ მნიშვნელოვანი კორექტირება განიცადა. როგორც საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, ყველაზე დიდი რედაქციული ხასიათის ცვლილება მეექვსე პუნქტში შევიდა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას შეეხებოდა. "ამ რეგიონების სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება . ეს ჩვენი პოზიცია იყო, რომლის გათვალისწინებითაც აღნიშნული პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: "უზრუნველყოფილი იყოს ამ ორი რეგიონისთვის საერთაშორისო გარანტიები სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის."

საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ექვსპუნქტიანი დოკუმენტიდან, რომელიც მან მოსკოვიდან თბილისში ჩამოიტანა, ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნის შედეგად ამოღებული იქნა პუნქტი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებისათვის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას შეეხებოდა."

ანუ იმას, რომ ამ პუნქტიდან ეს ფრაგმენტი ამოღებული იქნა, ადასტურებენ სარკოზიც, ლომაიაც და სააკაშვილიც. ამის საფუძველზე მომავალში რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო კიდევ გეგმავდა გარკვეულ აგრესიულ ღონისძიებებს და ამიტომ იძულებული იყო, ეღიარებინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ისმის კითხვა, ვინ ურჩია სააკაშვილს, დოკუმენტიდან სტატუსის საერთაშორისო განხილვის შესახებ პოზიცია ამოღებულიყო? ვინც მას ეს რჩევა მისცა, აშკარად რუსულ პოლიტიკას თამაშობდა, რადგან ამით ფაქტობრივად, გზა გაუხსნა რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი: "დამოუკიდებლობის აღიარება მიზანი არ ყოფილა, მაგრამ თბილისიდან რევანშისტული სიგნალები გაისმოდა. სააკაშვილმა უარი განაცხადა წინადადებაზე, რომელიც რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა შესთავაზეს - დაეცვა ზავი და დაწყებულიყო საერთაშორისო დისკუსიები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. ჩვენ მზად ვიყავით, სტატუსი საერთაშორისო კონტექსტში განგვეხილა. სააკაშვლმა თქვა, არანაირი განხილვები. მისმა მომდევნო რევანშისტულმა განცხადებებმა მიგვიყვანეს დასკვნამდე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების უსაფრთხოებისა უზრუნველსაყოფად და გადასარჩენად დამოუკიდებლობის აღიარების გარდა სხვა გზა არ არსებობდა."

ანუ უკვე 12 აგვისტოა და სააკაშვილი ჯერ კიდევ თამაშობს რუსულ თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტი არსებითად შეიცვალა, სააკაშვილი არ მალავდა ამ დოკუმენტის მიმართ კეთილგანწყობას. იგი ამ შეთანხმებას "გადარჩენის ოპერაციას" უწოდებდა და სარკოზის მადლიერიც იყო.

ამ ფაქტების რიგი ადასტურებს, რომ ამ ომის თავიდან აცილება გაცილებით უფრო იოლი და შესაძლებელი იყო, ვიდრე ომის დაშვება. სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ომი თავიდან აეცილებინა და ყველაფერი გააკეთა, რომ რუსული სცენარით ომი დაეშვა.

ასე განხორციელდა ყველაზე უარესი სცენარი საქართველოსთვის 2008 წელს და ეს შედეგი გამოიღო რუსულ პოლიტიკას აწყობილმა ნაბიჯებმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მხრიდან. ყველა ეს ციტატა და ფაქტი მოტანილი მაქვს საჯარო დოკუმენტებიდან. ამ სტატიაში შესაძლოა, არ არის ამ ნაბიჯების სრული ჩამონათვალი, რადგან მათი ყველა ქმედება ალბათ, არც გამხდარა საჯარო. თუმცა, ცნობილი ფაქტებიც საკმარისია სიმართლის დასანახად. ამდენად, როდესაც ამ ნაბიჯების შემოქმედები - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამჟამინდელ ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებენ, ისევე მოიყვანონ ფაქტები და ისევე დაასაბუთონ ეს, როგორც მე ჩამოვთვალე მათი ქმედებები.

პაატა ზაქარეიშვილი,

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში