მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

პასუხგაუცემელი კითხვები

აგვისტოს ომზე ბევრჯერ დამიწერია. ბევრჯერ დაგვისვამს კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება. ამ კითხვის პასუხი წელს აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე იყო თუნდაც შარშან. სიტუაცია კარდინალურად, ბუნებრივია, უკრაინის მოვლენებმა შეცვალა. უკრაინამ ბევრი რამ სხვანაირად გამოაჩინა და სხვანაირად დაგვაფიქრა რუსეთის ზრახვებზე. უკრაინის მოვლენები კარგი არგუმენტი გახდა სააკაშვილისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ომის დაწყებას მას აბრალებდა: ხომ ხედავთ, რა არის რუსეთის რეალური მიზანი, მე რა შუაში ვარო? - ამბობს დღეს ყოფილი პრეზიდენტი. არის ამაში ლოგიკა, მაგრამ რას ეუბნება ის მათ, ვინც ომის დაწყებას არა, მაგრამ რუსეთის ხაფანგში გაბმას ან რუსულ პროვოკაციაზე წამოგებას აბრალებს? აქ არგუმენტი - უკრაინის მაგალითზე ხომ ხედავთ, რუსებს რა ზრახვები აქვთ, ისინი ომს მაინც დაიწყებდნენო, - ჩემი აზრით, არ გამოდგება. პირველად ჩვენ რომ გადავედით შეტევაზე და ცხინვალი ავიღეთ, ამით რა მოვიგეთ? ომი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა? რამდენიმე კითხვა, ჩემი აზრით, ისევ პასუხგაუცემელი რჩება:

1) რატომ არ შეიძლებოდა ჯარი თავდაცვით პოზიციებზე განგველაგებინა და დაგვეცადა, სანამ მსოფლიო დაინახავდა რუსეთის ზრახვებს? იმაზე მეტს რას დავკარგავდით, რაც დავკარგეთ? სამაგიეროდ, დასავლეთი ისევე დაგვიდგებოდა გვერდით, როგორც დღეს უკრაინას უდგას, საგამოძიებო კომისიას კი არ შექმნიდა იმის გამოსაკვლევად ომი ვინ დაიწყო (იხსენებს მეთიუ ბრაიზა: "7 აგვისტოს, როცა საქართველოს მთავრობა დარწმუნდა, რომ რუსეთს ჯარი შემოჰყავდა, ქართულმა შენაერთებმა უკან არ დაიხიეს. არადა, ვურჩევდით, უკან დაეხიათ და მიეღოთ თავდაცვითი პოზიციები. ამ შემთხვევაში მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც რუსებმა და ოსებმა ქართული სოფლების დაბომბვა დაიწყეს, საქართველომ მათ ცეცხლით უპასუხა. ასე რომ არ ექნათ, ქვეყანა ომის შემდგომ პოლიტიკურ ომს მოიგებდა").

2) თუ როგორც მიშა ამბობს, ომი გარდაუვალი იყო და ეს იცოდა, მაშინ რატომ მიუერთა ე.წ. სამხრეთ ოსეთს ახალგორი, ხოლო აფხაზეთს კოდორი?

3) რატომ მიატოვა მოსახლეობა ოკუპანტების პირისპირ? ჩვენ ყოველ 8 აგვისტოს დაღუპულ ჯარისკაცებს ვიხსენებთ, რომლებიც მართლაც გმირები იყვნენ, მაგრამ რატომღაც გვავიწყდება მშვიდობიანი მოსახლეობა, სადაც მსხვერპლი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ჯარისკაცებში. კარგი, იმის შიშით, ომის დაწყება ჩვენ არ დაგვაბრალონო, ხალხი ომის დაწყებამდე არ გაიყვანა კონფლიქტის ზონიდან (რაც ამორალური მიზეზი მგონია), ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მაინც რატომ არ იზრუნა ევაკუაციაზე? რატომ გამოიყვანა ჯარი მანამ, ვიდრე ხალხი გამოვიდოდა და რატომ შეატოვა ისინი ოსურ თუ ჩრდილოკავკასიურ ბანდფორმირებებს, რომლებმაც იქ საშინელება დაატრიალეს?

ეს ის კითხვებია, რომლებსაც პასუხი უნდა გასცეს მიხეილ სააკაშვილმა.

დადის, დადის და...

მიშა კი, იმის მაგივრად, რომ ამ კითხვებს პასუხი გასცეს, ქვეყნიდან ქვეყანაში დამოგზაურობს და მის ერთ ნაბიჯს არ "მაზავს" "რუსთავი 2". ალბათ, არ არსებობს სხვა რომელიმე კერძო პირი (და მიშა დღეს კერძო პირია), რომლის გადაადგილებაც ასე შუქდებოდეს. მიშას აქვს ასეთი პრივილეგია და ამის წყალობით თავის "ბრძნულ აზრებს" არ გვაკლებს. ამას ემატება ისიც, რომ მისი დასავლელი მეგობრები ყოველდღე საპროტესტო წერილებს აქვეყნებენ, მიშას წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკური ანგარიშსწორებააო. რაც უნდა მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ეს ადამიანები, როგორ შეიძლება ერთი კითხვა არ გაგიჩნდეს: თუ საქართველოს მეგობრები ხართ, ვიდრე არ გარკვეულა მტყუან-მართალი, როგორ აძლევთ კვალიფიკაციას, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა? იქნებ ქართული სასამართლო ამართლებს მიშას? ან ჩვენ რა უნდა ვქნათ ახლა: რადგან რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენი ასე ფიქრობს, თათებზე უნდა დავდგეთ და კუდის ქიცინი დავიწყოთ, თუ წკმუტუნი დასჯილი ძაღლივით? ან რა სტანდარტის დამკვიდრებისკენ მოგვიწოდებენ: თუ ჩვენი ქვეყნის მომავალი რომელიმე ლიდერიც მოახერხებს და დასავლეთში რამდენიმე გავლენიან მეგობარს შეიძენს, მერე მას შეუძლია ყველანაირი საზიზღრობა ჩაიდინოს და პასუხს ვერავინ მოსთხოვს? ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენს ხელისუფლებას უფრო მკაცრი რეაქციაც შეძლება ჰქონდეს ამ განცხადებებზე და პირდაპირ უნდა მოითხოვოს მათგან დამტკიცება, რომ ეს პოლიტიკური დევნაა.

მახათის ძეგლი

გასულ კვირაში ბევრი უცნაური განცხადება გაკეთდა. მაგალითად, სააკაშვილმა თქვა, არჩევნები იმიტომ წავაგე, რომ ქართველ ხალხს განათლება აკლია, ღარიბაშვილმა კიდევ, არასამთავრობოებმა და მედიამ მუშაობა არ იცით, წადით, ისწავლეთო... ნეტავ მარტო ჩვენ გვხვდებიან ასეთი ბრძენთა ბრძენი და ყველაფრის მცოდნე მმართველები თუ სხვებსაც ჩვენსავით უმართლებთ, ჰა?

ახალარჩეულმა მერმაც კი მოინდომა ყველაფრისმცოდნის როლის მორგება და როდესაც "ვარდების მოედანზე" არსებულ ველოსიპედის ძეგლზე ჰკითხეს, დაუფიქრებლად განაცხადა: გარეუბანში უნდა გადავიტანოთო. არადა, ეს ძეგლი შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება არა, მაგრამ მერმა ის კი არ უნდა იფიქროს, რომ მას თუ არ მოსწონს რაღაც, ესე იგი, ცუდია, ხოლო რაც მოსწონს - კარგი. ნარმანიას ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ზოგმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებისკენ მიდრეკილება დაუწუნა, ზოგმა კიდევ, გარეუბანი რა ნაგავსაყრელია, თუ არ ვარგა, გარეუბანში რატომ დგამთო. ჰოდა, ნარმანიამაც უკან დაიხია - ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ სპეციალისტებით დაკომპლექტებული საბჭო მიიღებსო! ამიტომ თუ თავიდან ნარმანიას პირველი განცხადების გამო ვაკრიტიკებდი, ბოლო განცხადება მომეწონა. ეს ძალიან მაგარი თვისებაა, როდესაც შეგიძლია არ გაჯიუტდე და საზოგადოებას მოუსმინო. ძეგლებს კი მაინც ცუდად გადავეკიდეთ. გეგონება, სხვა უფრო დიდი პრობლემა არ არსებობდეს. მე თუ მკითხავთ, თბილისის ცენტრს ყველაზე მეტად მოუხდება ერთ ადგილში გაყრილი მახათის ძეგლი.