"მეგობარ ქვეყანასთან მუქარით ლაპარაკი არაკორექტულია" - კვირის პალიტრა

"მეგობარ ქვეყანასთან მუქარით ლაპარაკი არაკორექტულია"

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ სიმართლე, თუ რა ხდებოდა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ გამოხმაურების საპასუხოდ გააკეთა, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა. უცხოელ პოლიტიკოსთა ნაწილი დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და ყოფილი პრეზიდენტის სამართლებრივ დევნას აპროტესტებს. მაგალითად, ოთხმა ამერიკელმა სენატორმა ჯეიმს რიშიმ, ჯინ შეიენმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა პრემიერ ღარიბაშვილს პირადი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, შეშფოთებას გამოთქვამენ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, პრემიერმა სენატორებს საპასუხო წერილი უკვე გაუგზავნა. სააკაშვილის სამართლებრივი დევნა უარყოფითად შეაფასეს ლიტვისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის მეგობართა კლუბს წარმოადგენენ და მათი შეშფოთებაც დიდწილად ამით აიხსნება. გასათვალისწინებელია, რომ წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა და ფინანსები დახარჯეს საკუთარი ხელისუფლების საერთაშორისო ასპარეზზე პიარისთვის, ესეც რომ არ იყოს, როდესაც დღის წესრიგში ექსპრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, დროულად უნდა მოხდეს დასავლელი პარტნიორების დეტალურად ინფორმირება. ამასთან, მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს სრულიად თავისუფალია საერთაშორისო არენა - ის დადის ქვეყნიდან ქვეყანაში, იძლევა ინტერვიუებს, აკეთებს განცხადებებს და არსებული ინფორმაციით, მისთვის დღესაც არაერთი ლობისტი მუშაობს. ექსპრეზიდენტი ცდილობს, პოლიტიკური დევნილის მანტიაში გაეხვიოს და ამისთვის ქვეყნის იმიჯის შელახვასაც არ ერიდება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას გაათკეცებული შრომა მართებს, რათა დაიცვას ქვეყნის იმიჯი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს. ყველაზე მეტი აჟიოტაჟი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებამ გამოიწვია: "თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უნდა მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ". მას რომ მეგობრული ურთიერთობა აქვს სააკაშვილთან, ცნობილია. ასევე, ამ დღეებში ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს ცნობილმა შვედურმა გაზეთმა "აფტონბლადეტმა""გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "კარლ ბილდტმა საქართველო თავისი პიარკომპანიის კლიენტად აქცია". სტატიის ავტორი მიანიშნებდა, რომ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის კარლ ბილდტის უპირობოდ გამოცხადებული მხარდაჭერა, შესაძლოა, არცთუ უანგაროა. სტატიის მიხედვით, კარლ ბილდტი 2004-2006 წლებში ცნობილი პიარკომპანია Kreab-ის მართვის დირექტორი გახლდათ. ამ პიარკომპანიის კლიენტთა სიაში არა მხოლოდ დიდი საწარმოები და ორგანიზაციები ირიცხებიან, არამედ მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები. სტატიის ავტორი წერდა: "ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მათ მომსახურებას იყენებდა, საქართველოც იყო. საინტერესოა, რომ ამ კომპანიასთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა უკავშირდება სწორედ კარლ ბილდტს, რომელსაც კომპანიიდან წამოსვლის შემდეგაც არ შეუწყვეტია სააკაშვილის მთავრობის ლობირება".

ექსპერტების შეფასებით, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში სააკაშვილის ხელისუფლების ბრალეულობათა შესახებ ორი აზრი, ფაქტობრივად, არ არსებობს. შესაბამისად, როდესაც ასეთი განსხვავებული შეფასებები ისმის დასავლეთიდან, ბუნებრივია, ეს საზოგადოების განწყობაზე დადებითად ვერ აისახება და ნაწილობრივ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას უწყობს ხელს.

ვიქტორ დოლიძე, პარლამენტარი, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი:

"დიდ პატივს ვცემთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ამერიკელ სენატორებს თუ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ და დღესაც გვეხმარებიან, მაგრამ ნამდვილად არსებობს საკითხები, რაშიც ვერ დავეთანხმებით. მესმის, სააკაშვილის მიმართ მათი სენტიმენტებისაც, მასთან პირადი მეგობრობაც აკავშირებთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არავინ იცის, როგორი იქნება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები, წინმსწრებად ასეთი განცხადებები, არ არგებს თვით ამ პროცესს და არც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას.

იმ სენატორებს, ვინც დღეს შეშფოთებას გამოთქვამენ, საკუთარ თავზე არ უწვნევიათ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიანი პერიოდის სიმძიმე, ამ ყველაფერმა ჩვენს მოსახლეობაზე გადაიარა, რომლის მთავარი მოთხოვნაც სწორედ სამართლიანობის აღდგენაა. თუ საკითხი ასე დგას, რომ სააკაშვილის ბრალეულობის მიუხედავად, რადგან ის ექსპრეზიდენტია, უნდა დავანებოთ მისი დანაშაულების გამოძიებას თავი, ეს მიუღებელია. სტანდარტი ერთია - კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგეს!"

ექსპერტთა საყვედურს იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის სწორად ინფორმირებისთვის ხელისუფლება საკმარისად არ იყენებს ლობისტურ კომპანიებს და ვერც საელჩოები დგანან მთლად მოწოდების სიმაღლეზე, ყოფილი დიპლომატი ვიქტორ დოლიძე არ იზიარებს: "ეს მიდგომა არასწორია და ის მენტალურ-ფსიქოლოგიური ინერციით მოგვყვება დღემდე. საქმე ის არის, რომ წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა პიარისთვის, დიდ ფულს ხარჯავდა ლობისტურ კომპანიებში, პოლიტიკური მიზნით იყენებდა ელჩებს, რაც ყოვლად დაუშვებელია. სამართალდამცავთა საქმიანობასა და მართლმსაჯულების აღსრულებასთან დიპლომატიურ მისიებს არაფერი ესაქმებათ. დიახ, მნიშვნელოვანია, რომ დავუსაბუთოთ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენში მიმდინარე პროცესების კანონიერება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ამ პროცესების გამჭვირვალედ წარმართვით".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით დარჩიაშვილის მტკიცებით კი:

"საერთაშორისო გამოხმაურება სააკაშვილის პირად მეგობრებს არ უკავშირდება, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები საერთაშორისო გავლენიანი წრეების შეურაცხყოფა და მათთან კონფრონტაციის მანიშნებელია".

საინტერესოა, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, კენეთ სპენსერ იალოვიცის მოსაზრებაც. მისი თქმით, საქართველოში სასამართლო სისტემა ჯერ ისევ გამოცდას აბარებს:

"წარსულში ის არ იყო დამოუკიდებელი, ის უკიდურესად პოლიტიზებული იყო. ამის გამო ლეგიტიმურია სამართლებრივი პროცესის გამო შეშფოთება. ჩემი აზრით, სასამართლო პროცესების წარმართვის საუკეთესო გზა იქნება, რომ დაწესდეს მონიტორინგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ უცხოეთი სასამართლო პროცესის სამართლიანობაში დარწმუნდეს".

იალოვიცის აზრს ნაწილობრივ იზიარებს საქართველოს ექსსაგარეო საქმეთა მინისტრი, ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი:

- საქართველოსა და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, მიზეზი ის ეჭვებია, რაც საქართველოში სამართლებრივი პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვის თაობაზე დასავლეთში ჯერ კიდევ არსებობს. ყველასთვის, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა, ცხადი იყო, რომ ჩვენში კანონის უზენაესობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. შესაბამისად, დღესაც შიშობენ, რომ ის ნაბიჯები, რაც უკანასკნელ პერიოდში გადაიდგა, პოლიტიკურად მოტივირებული არ იყოს. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ქართულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც მისი ვალია - ჩვენმა სამართალდამცავებმა, სასამართლო სისტემამ უნდა უზრუნველყონ კანონის უზენაესობა და ამის შესაბამისად ყველა იმ პირისთვის პასუხის მოთხოვნა, ვინც დანაშაული ჩაიდინა. ამასთან, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მსოფლიომ კარგად გაიგოს, თუ რა და როგორ ხდებოდა, რასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა საკმარისად მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ მიზანი მიღწეული იქნება, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვით. დასავლელი მეგობრებისთვის ჩვენი სამართალდამცავების ყველა ნაბიჯის კორექტულობა და კანონის შესაბამისობა სარწმუნო უნდა გახდეს. ვიდრე ეს მიღწეული არ იქნება, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინფორმირება უნდა გაგრძელდეს და გააქტიურდეს კიდეც.

- საქართველოს ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ, რომ ლობისტებს საკმარისად არ იყენებს.

- ის, რაც ზევით მოგახსენეთ, ლობისტების გამოყენებასაც ეხება. საერთაშორისო წრეებში, დასავლეთში ჩვენი ქვეყნის შესახებ სათანადო ინფორმაციული ფონის შექმნა აუცილებელია, ამას ენერგიაც სჭირდება, რესურსებიც და დროც. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა უცხოურ პრესაშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.

- შვედეთის საგარეო მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა: "თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ უნდა მოუსმინოს ევროკავშირში თავისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრებს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ ამას გავითვალისწინებთ".

- ვერაფრით გავიზიარებ კარლ ბილდტის განცხადების ამ ტონს. მეგობარ ქვეყანასთან მუქარით ლაპარაკი არაკორექტულია.

ალბათ, ბატონ ბილდტს რაღაც ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში გაკეთებულ განცხადებებზე, სხვა შემთხვევაში, ამგვარი ფრაზა სრულიად გაუგებარია. მეგობარი იმის მეგობარია, რომ გულდასმით იმუშაოს იმისთვის, რათა ქვეყანაში, რომელიც სულ ახლახან დაადგა გარდაქმნების გზას, პროცესები წარიმართოს ისე, რომ ის მართლაც იქცეს ევროპულ ქვეყნად. თუმცა, ნურც ჩვენ დავივიწყებთ, რომ მეგობრების კრიტიკა მისაღები და ზოგჯერ აუცილებელი ელემენტია, ნათქვამია, "მოყვარეს პირში უძრახეო".

ნათია დოლიძე