ჟანრი ლოლაშვილი: "ქვეყნის სათავეში იყო ავადმყოფი, "ატეხილი" ადამიანი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა, აქტი რომ ჰქონოდა" - კვირის პალიტრა

ჟანრი ლოლაშვილი: "ქვეყნის სათავეში იყო ავადმყოფი, "ატეხილი" ადამიანი, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა, აქტი რომ ჰქონოდა"

"ჩვენ ჩაგვრეცხეს და თვითონ ტივტივებენ. სააკაშვილი ჩარეცხილი კი არა, ნამუსგარეცხილია!"

"ქვეყნის ქონება გროშებად დაარიგეს მეგობრებზე, ქალებზე და საყვარლებზე"

"სასაცილო ხდება ეს დემოკრატიულობანა, როცა თვალდახუჭული საუბრობენ სენატორები, რომლებიც მოსყიდულები არიან! ფულები ჩაიჯიბეს სამარცხვინო ხალხისგან!"

დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს... ამ თემას მწვავე კომენტარით, ცნობილი მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი გამოეხმაურა...

- პრეზიდენტი რომ ქალებს ყიდულობდა რაღაც ნივთებს, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვიღაც ავადმყოფი, "ატეხილი" ადამიანი იყო ქვეყნის სათავეში, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა, რაღაც აქტი რომ ჰქონოდა... არ იყო მთლად ნორმალურად მანდ საქმე და მაგათ სასქესო ორგანოებზე რაღა ვისაუბრო, ან ვის რა უყიდა?! პასუხისგებაზე არავინ უკან არ უნდა დაიხიოს! არის დამნაშავე, ვიცით ყველამ და პასუხიც უნდა აგოს! ყოვლად უტიფარია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ქმედება. იმის მაგივრად რომ წყნარად იყვნენ, რაღაც ექსტრემისტული სულისკვეთება ამოძრავებთ და თავიანთ თავში ხედავენ მთელ საქართველოს. ვინც მათ ამტყუნებს, იმათ ქვეყნის მტრად ასაღებენ. საერთოდ უნდა აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა", რადგანაც უკვე დამტკიცებულია რასაც აკეთებდნენ და რა უბედურებაც დამართეს საქათველოს! კიდევ აქეთ გვედავებიან, იმის ნაცვლად რომ მწარედ მოინანიონ ცოდვები. ხალხი გაგიჟებულია და სამართლინობას ითხოვს. ამიტომ ყველა უნდა დაისაჯოს!

- თქვენ ადრეც ებრძოდით მათ...

- დიახაც! ბევრმა ახლა დაიწყო მაგათზე აუგის ლაპარაკი და მე თავიდანვე ვყვიროდი ჩარეცხილების სახელით! ჩვენ ჩაგვრეცხეს და თვითონ ტივტივებენ. მიხეილ სააკაშვილი ჩარეცხილი კი არა, ნამუსგარეცხილია! არანორმალურია და მოევლება!

მე თუ მკითხავთ, ქვეყნის სახელით უნდა დაიწეროს წერილი და გაიგზავნოს იმ ქვეყნებში, სადაც არიან ცნობილი ლობისტები. ლობისტები კი არა ისინი ჩვეულებრივი მექრთამეები არიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისგან დიდძალ ფულს იღებდნენ. ჩემთვის პირადად სასაცილო ხდება ეს დემოკრატიულობანა, როცა თვალდახუჭული საუბრობენ სენატორები და ვიღაცეები. მათ არ იციან და არც აინტერესებთ, რა ხდებოდა საქართველოში, ვერც ის გაუგიათ, სააკაშვილი რასაც წარმოადგენს და იქედან გვარიგებენ ჭკუას. მოსყიდულები არიან და იმიტომ! ფულები ჩაიჯიბეს სამარცხვინო ხალხისგან!

მე დიდი ხნის წინ ვთქვი სიმართლე, მაგრამ მაშინ დაჭერას მიპირებდნენ. ჯერ ჩვენი ფილმი "ცხელი ძაღლი" დაიჭირეს და გააუპატიურეს, მერე მე მირეკავდნენ სახლში და მემუქრებოდნენ, ჭკვიანად იყავი ბიჭოო.. მე ვუთხარი, ჩუმად კი არა ყველგან ენას გამოგიყოფთ, თუ საჭირო იქნება, შეგაგინებთ კიდეც და მერე პასუხს მართლა ვაგებ-მეთქი. მაშინ არ იყო სამართლიანობა, ახლა არის და ყველა მიიღებს საკადრისს! რატომ არიან გაქცეულები, თუ მართლა ეგრე ვაჟკაცები არიან და არა ლაჩრები?! მაგათი ხალხი გამოტყდა რაც იყვნენ, აგერ მელნიკოვმა როგორ დაფქვა ყველაფერი?!... ეგ 8 მილიონი ზღვაში წვეთია, უნდა იანგარიშონ ლობისტებზე რამდენი ფული დაიხარჯა და საერთაშორისო დახმარებები სად გაიბნა! რა ინვესტიციებიც საქართველოში შემოდიოდა, პირდაპირ სახლში მიჰქონდათ. ქვეყნის ქონება გროშებად დაარიგეს მეგობრებზე, ქალებზე და საყვარლებზე. Hჰოდა ახლა მოევლებათ, როგორც საჭიროა!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)