"ივანიშვილს ხომ ექნება სათქმელი - "ხაზიაინ, ბოლშე ნე ვ მაიხ სილახ"... ამ სიტუაციაში ესაა მთავარი" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს ხომ ექნება სათქმელი - "ხაზიაინ, ბოლშე ნე ვ მაიხ სილახ"... ამ სიტუაციაში ესაა მთავარი"

"სხვა რა გზა აქვთ? რა ქნან ამ უბედურებმა? რა ქნას უკვე ლუსტრირებულმა "ქართულმა ოცნებამ" და პირველ რიგში მისმა "ბრძენ-კაცა" ბელადმა?"

"მიხეილ სააკაშვილს ევროატლანტიკური თანამეგობრობა "კრემლის ოცნებას" საჯიჯგნად არ გადასცემს"

"მიხეილ სააკაშვილს რომ ევროატლანტიკური თანამეგობრობა "კრემლის ოცნებას" საჯიჯგნად არ გადასცემს, ეს კარგად იციან მიშას მტრებმაც და მეგობრებმაც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ხომ ექნება სათქმელი - "ხაზიაინ ბოლშე ნე ვმოიხ სილახ"... ამ სიტუაციაში ესაა მთავარი... " - ამბობს პოეტი სერგი კაკალაშვილი... საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. სერგი კაკალაშვილი თვლის, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა კრემლისთვის გაწეული სამსახური.

სერგი კაკალაშვილი:

- სხვა რა გზა აქვთ? რა ქნან ამ უბედურებმა? რა ქნას უკვე ლუსტრირებულმა "ქართულმა ოცნებამ" და პირველ რიგში მისმა "ბრძენ-კაცა" ბელადმა? რა პასუხი გასცეს კრემლსა და "ლუბიანკას" და უკვე ნაწილობრივ მაინც მოტყუებულ და გზააბნეულ ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობას? დაპირებები ბევრია გაცემული! ვექსილები ნაკლებად, მაგრამ დაპირებებიც ან უნდა შესრულდეს, ან უნდა აიხსნას და პასუხი გაეცეს. ამომრჩეველი ჯანდაბას - ვის და როდის შეუსრულებია მათთვის დანაპირები?! არც ბენზინის და გაზის, არც წყლის და შუქის საფასურის განახევრებას არ ვაპირებდი, იმიტომ რომ ეს შეუძლებელია - ფიქრობს "ბრძენი კაცი"... არც "უფასო ფული" არსებობს ბუნებაში და არც... მაგრამ ეს კრემლი რომ თავისას ითხოვს?! ფული გადახდილია და შენ უნდა დაუკრა შეკვეთილი მუსიკა. ასეა ეს! - იტყოდა დათა თუთაშხია. თუ არადა! ევროპისკენ სახემიმართული, რუსეთს ზურგშექცეული, რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ორბიტიდან სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ ამოგლეჯილი საქართველოს ისევ ჩრდილოეთით მიტრიალება არც ისე ადვილი აღმოჩნდება. ბევრი ეცადეს, ყველა ხრიკსა და მამაძაღლობას მიმართეს, მაგრამ გაჯორდა (ასე იტყვიან ხოლმე კახეთში), არ ტრიალდება საქართველო! აი ზუსტად აქ დევს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საქმის აღძვრის აუცილებლობა ნომერ პირველი მოქალაქისთვის.

- მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო მხარს სააკაშვილს დაუჭერს...

- მიხეილ სააკაშვილს რომ ევროატლანტიკური თანამეგობრობა "კრემლის ოცნებას" საჯიჯგნად არ გადასცემს, ეს კარგად იციან მიშას მტრებმაც და მეგობრებმაც, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ხომ ექნება სათქმელი - "ხაზიაინ, ბოლშე ნე ვმოიხ სილახ"... ამ სიტუაციაში ესაა მთავარი. სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რა მოაქვს ამ ყველაფერს საქართველოსთვის? რამდენად მომგებიანია ეს "საოცნებო" თამაშები ჩვენი სამშობლოსთვის? მოგებით ვერაფერსაც ვერ მოვიგებთ! - დღეს უკვე შინ და გარეთ ყველასთვის ნათელია რომ დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული "ქართული ოცნება" აბსოლუტური უუნარო და უმოქმედოა, როგორც ეკონომიკის, ისე შიდა და გარე პოლიტიკის სფეროში. ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისა დასამართლიანობის აღდგენის ცრუ ტრანსპარანტებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების მთლიანად გასანადგურებლად და საქართველოს ერთის მხრივ დასაპატრონებლად, მეორეს მხრივ რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად, რამეთუ იცის, რომ ევროპულ საქართველოში ოლიგარქებისა და მათი მმართველობის ადგილი არ იქნება!.. რას წავაგებთ? - წავაგებთ ბევრს!

- მაგალითად?

- პირველ რიგში, დროს ვკარგავთ! უკან მიდის ეკონომიკა, უკან ბრუნდება ორგანიზებული დანაშაულის სამყარო, უკან ბრუნდება კორუფციული სისტემა - ეს "ერთი კაცის" მმართველობის აუცილებელი ატრიბუტია! და ალბათ ჩვენი საუბრის კონტექსტში, რაც ყველაზე მთავარია, ვკარგავთ იმიჯს საერთაშორისო არენაზე, რომლის მოპოვებას დიდი შრომა მოვანდომეთ ქართველებმა. ვკარგავთ მეგობრებს, რომლებსაც ესმოდათ ჩვენი და ჩვენი პრობლემების. დღეს მათ საქართველოსი აღარ ესმით და ეს საგანგაშოა!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)