მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: ბატონი, მეფე, სულთანი, შაჰინშაჰი - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები: ბატონი, მეფე, სულთანი, შაჰინშაჰი

ბატონი, მეფე, სულთანი, შაჰინშაჰი

ორი დღე იფიქრა მიშამ და ბოლოს მოიფიქრა, რომ პროკურატურის ბოლო ბრალდებაზე საუკეთესო პასუხი გაუგონარი დემაგოგია და თვალში ნაცრის შეყრა იქნებოდა. ნაცარი, იცოცხლე, მიშას ბევრი აქვს, სულ თან დააქვს. ჰოდა, ხუთშაბათ საღამოს გვაყარა და გვაყარა ეკრანიდან. რისი "გაპრავებაც" დემაგოგიითა და ტყუილებით შეიძლებოდა, "აპრავა". რასაც ესეც ვერ უშველიდა, იმაზე განაცხადა, არ მომხდარა, ივანიშვილმა მოიგონა, საკუთარი ხელით ჩაასწორა პროკურატურის ბრალდებაშიო. თუმცა, იყო ერთადერთი თემა, რომლის "გაპრავება" დემაგოგიითაც კი გაჭირდებოდა და ასევე შეუძლებელი იქნებოდა, გეთქვა, რომ ტყუილია, რადგან ვიდეოფირი არსებობს. ეს მასაჟისტის, დოქტორ დოტის ამბავია, მაგრამ რად გინდა? ამის შესახებ მას "რუსთავი 2"-მა არ ჰკითხა.

ფულს რომ თავი დავანებოთ, მარტო დოქტორ დოტის თემაც კი ავლენს სააკაშვილის ნამდვილ სახეს: 1) ომიდან და ტერიტორიების დაკარგვიდან რამდენიმე თვეში ამის გუნებაზე დადგა; 2) ჩვეულებრივი მასაჟისტი კი არ მოინდომა, არამედ მასაჟისტი, რომელიც მასაჟზე მეტად თავის სექსუალურობაზე აკეთებს აქცენტს; 3) მან ჩათვალა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მისი პირადი ფულია და ბიუჯეტის თანხა დახარჯა ამ ყველაფერში; 3) მან ჩათვალა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი მისი პირადი თვითმფრინავია და შეუძლია გაგზავნოს სხვა ქვეყანაში, რომ მასაჟისტი ჩამოუყვანონ; 4) მან ეს ადამიანი ისე შემოიყვანა, საზღვრის გადმოკვეთა არ დაფიქსირდა, ანუ ფეხებზე დაიკიდა ქვეყნის კანონმდებლობა და საზღვრები.

ეს ყველაფერი ნუთუ საკმარისი არ არის, ვიფიქროთ, რომ ეს ადამიანი თავს არა დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტად, არამედ საკუთარი სამფლობელოს ბატონად, სულთნად, მეფედ თუ შაჰინშაჰად გრძნობდა?

ვითომ არგუმენტები

ხლა რაც შეეხება მიშასა და მისი მომხრეების არგუმენტებს: მთავარი, რასაც ამბობენ, ის არის, ყველა სახელმწიფო მოხელე დადის მივლინებაში, ხარჯავს ფულს და რა მოხდა, ჩვენს პრეზიდენტსაც თუ ჰქონდა სასტუმროს ხარჯებიო. საქმე სასტუმროს ხარჯებში კი არა, ამ ხარჯების მიზნობრიობაშია. როდესაც პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით არის და ბიუჯეტის ხარჯზე ქირაობს სასტუმროს, ეს კანონიერია, მაგრამ თუ სადმე გასართობად მიდის და მაშინ ქირაობს სასტუმროს ბიუჯეტის ფულით _ ეს უკანონო. იმ 8 მილიონის გარდა, იმ წლებში პრეზიდენტს ვიზიტებზე კიდევ 20 მილიონი აქვს დახარჯული და მის კანონიერებას ჯერჯერობით არავინ აყენებს ეჭვქვეშ.

მეორე ის, რომ გაიძახიან, რა ვერტმფრენის დაქირავებას და რაღაც საჩუქრებს გვედავებით, პერუში, მაგალითად, იმიტომ ჩავიდა, რომ ამ ქვეყანას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ ეღიარებინაო. კი, ამიტომ ჩავიდა, მაგრამ ეს ვიზიტის ოფიციალური მხარე იყო, მერე, როდესაც ოფიციალური ამბები დასრულდა, რას აკეთებდა და რაში დასჭირდა ვერტმფრენი, ამაზეა ლაპარაკი.

მესამე ის, რომ გაიძახიან, სააკაშვილმა ქვეყნის ბიუჯეტი ერთიდან 9 მილიარდამდე გაზარდა და თქვენ კიდევ პიჯაკების ხარჯებს უთვლითო? ანუ, თუ ბიუჯეტი გაზარდა, უფლება აქვს ამ ბიუჯეტის ხარჯზე "იგულაოს".

მეოთხე ის, რომ გაიძახიან, მთავარი ეს ხარჯები კი არ არის, არამედ ის, რა ბენეფიტი მიიღო ქვეყანამ სააკაშვილის ამ ვიზიტებით, ის ხომ ქვეყანაში ინვესტორების მოსაზიდად მოგზაურობდაო. აბა, რა, მთავარი ამ ხარჯებისგან ქვეყნისთვის მიღებული ბენეფიტია! აბა, პრეზიდენტს უცხოეთიდან რომ არ ჩამოეყვანა პარიკმახერი ან მასაჟისტი და რომელიმე ინვესტორის წინაშე დაუვარცხნელი და ღიპგადმოგდებული წარმდგარიყო, ვინ გვაღირსებდა ინვესტიციას?! კაცი ჩვენთვის წვალობდა, მასაჟისტს თავს აკბენინებდა, რომ ქვეყანას ტანწერწეტა პრეზიდენტი ჰყოლოდა, თქვენ კიდევ დაუნახავები ხართ ყველანი!

მეხუთე ის, რომ მიშა თურმე კორუმპირებული არ არის. ნიუ-იორკიდან ჩართვაში ისე იწუწუნა, პროსტატა მაწუხებს და მეტროთი დავდივარო, ვიფიქრე, ფული ხომ არ შევუგროვოთ-მეთქი. კორუმპირებულობას რაც შეეხება, საქმე აქ მარტივადაა: რომელიმე კორუმპირებულ ჩინოვნიკს ფულის ბიუჯეტიდან მოპარვა რაში სჭირდება? იმაში, რომ ფუფუნება არ მოიკლოს, არა? შეიძინოს ხელით ნაკერი პიჯაკები, გამოიწეროს ძვირად ღირებული მასაჟისტები, დაისვენოს ფეშენებელურ სასტუმროებში... უბრალოდ, იგი ბიუჯეტის ფულს ჯერ ჯიბეში იდებს და მერე ამ მოპარულით იხდის საკუთარი სიამოვნების ხარჯებს. მიშამ რა ქნა? ამ სქემიდან ერთი რგოლი _ ჯიბე ამოაგდო და ფულს ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართავდა საკუთარ გართობაზე და დღეს გვეუბნება, მე ხომ ფული ჯიბეში არ ჩამიდვია, ესე იგი, კორუმპირებული არა ვარო.

ნიმესილის რევოლუცია

ეგონა, ქართველებს ღვინის სმა უყვარდათ ყველაზე მეტად და თურმე ნიმესილი ჰყვარებიათ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ წამლების გარკვეული კატეგორია ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება, ნიმესილზე ისეთი ამბავი ატყდა, ვიხუმრე, ამ ქვეყანაში ნიმესილის რევოლუცია მოხდება-მეთქი. მიტინგზე მთავარი ლოზუნგი იქნება: ნიმესილს გვართმევენ, ხალხოოოო! ნიმესილის გარდა სხვა წამლებზეც დასწყდა ბევრს გული, ექიმთან რა ირბენს რეცეპტის გამოსაწერადო. არადა, ექიმთან მისვლა იმისთვის არის კარგი, რომ ადამიანმა თვითმკურნალობას აღარ მიმართოს ისეთი პრეპარატებით, რომლებსაც ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს. რა თქმა უნდა, წამლების რეცეპტით ყიდვა ცალსახად ართულებს ცხოვრებას, მაგრამ ცხოვრების გართულება ჯობია თუ ჯანმრთელობის?

მე რეცეპტების მომხრე ვარ, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს და ხელისუფლებას შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენოს. ახლა ხომ იგინება ხალხი და წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა ვინმე აფთიაქში წამლის საყიდლად მივა და ეტყვიან, წადი რეცეპტი მოიტანეო. მართალია, მთელი ცივილიზებული სამყარო წამალს რეცეპტებით ყიდულობს, მაგრამ ქართველები ისე შევეჩვიეთ "ურეცეპტო ცხოვრებას", რომ ექიმთან წამლის გამო გაგზავნას ხელისუფლებას არ აპატიებს. ეს "ოცნების" დღემდე მიღებული ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილებაა.