"დოქტორ დოტის" დღიურები - კვირის პალიტრა

"დოქტორ დოტის" დღიურები

23 ივნისი, 2008 წელი

დღეს შესანიშნავი დღე იყო. მე გავუკეთე მასაჟი დედამიწაზე ყველაზე მომხიბვლელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ის საქართველოს პრეზიდენტია და ძალიან მხიარულია ურთიერთობაში. საერთოდაც, თავდაპირველად 30-წუთიანი მასაჟი უნდოდა, მაგრამ 90 წუთის შემდეგ აღიარა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო მასაჟი იყო. კარს უკან მცველები ელოდნენ, ტანმაღლები და ფართომხრებიანები. სეანსის დროს ძალიან გონებამახვილი იყო. მის მძლავრ კისერს ხელით ვეხებოდი და ვუთხარი: "ვაუ! თქვენი კისერი ისეთი დაჭიმულია!" მან კი მიპასუხა: "თუ სერიოზულად გინდათ გითხრათ, მასზე რუსეთი ზის!" ორივემ მაგრად ვიცინეთ ამ ხუმრობაზე. ძალიან კომფორტულად ვიყავი. მერე ვკითხე, იყო თუ არა ნამყოფი ჯორჯიაში, ჩვენს, ამერიკულ ჯორჯიაში, ატლანტის დედაქალაქში. გაეცინა და მითხრა: "რასაკვირველია" უფრო შორსაც წავედი და ვკითხე, მოუსმენია თუ არა ოდესმე რეი ჩარლზის Georgia on my Mind , თან მეცინებოდა, ასეთ სულელურ შეკითხვებს რომ ვუსვამდი. მერე ვუამბე, რომ ჩემი ოჯახი ჯორჯიის შტატში ცხოვრობს და მან მითხრა, რომ ღირდა, საქართველოში ჩავსულიყავი. დამარწმუნა, რომ თუ წავიდოდი, ყველანაირად იზრუნებდნენ ჩემს უსაფრთხოებაზე. ასე რომ, ამ ზაფხულს შეიძლება წავიდე კიდეც საქართველოში…მასაჟის შემდეგ მას შესანიშნავი განწყობა ჰქონდა, ჩემთან ერთად სურათებიც გადაიღო, როცა სასტუმროში მივედი პრეზიდენტთან მასაჟის გასაკეთებლად, საშინელი ქაოსი დამხვდა. დაცვის ბრბო იდგა გარეთ, შიგნით არავის უშვებდნენ, რადგან კონდოლიზა რაისი აპირებდა შესვლას. მე პოლიციელებს ვუთხარი: "საქართველოს ახირებული პრეზიდენტი მელოდება მასაჟისთვის! შემიშვით!" ჯერ არ დამიჯერეს, მაგრამ რაციით გადაამოწმეს და წინ გამიძღვნენ. ამ სასტუმროში კიდევ გრძელდება ღონისძიებები, ამიტომ არ შემიძლია მისი სახელის დაწერა. მე დამჯერი გოგო ვარ.

28 ივნისი

დღეს სულ ორი საათი მეძინა, გვიან მოვედი. სასტუმრო Aდლონ-ის კონსიერჟის ზარმა გამაღვიძა. მითხრა, რომ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი მასაჟი სურდა, პირდაპირ ახლა, გაფრენამდე. იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა. პრეზიდენტი ან გაბრაზდება ჩემზე, ან ამას გამოწვევად მიიღებს და მართლაც მიმიწვევს საქართველოში, როგორც დამპირდა, და მიიღებს კიდევ რამდენიმე "საუკეთესო მასაჟს მის ცხოვრებაში". ვნახოთ.

9 აგვისტო

ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რატომ არ გამოდიოდა კავშირზე საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს რუსეთთან აქვს ომი. დამირეკა და მითხრა: "ბოდიში, ექიმო დოტ, ძალიან მინდა მასაჟი, მაგრამ ახლა ცუდ დღეში ვარ".

13 თებერვალი, 2009 წელი

მოკითხვა საქართველოდან, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.

ერთი კვირაა აქ ვარ, დედამიწაზე უსაყვარლესი კლიენტის მასაჟირებისთვის (ბოდიში საიმონ კოუელ, შენ ჩამოგაგდეს პირველი ადგილიდან), რომელმაც ამ საინტერესო ქვეყანაში მიმიწვია.

ის ბედნიერია ქორწინებაში, ორი შვილის მამაა, გამუდმებით მოგზაურობს და მაინც პოულობს დროს მასაჟისთვის. მან შესანიშნავად იზრუნა ჩემზე, აქ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს და ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა. სინამდვილეში ასეთი საშინელი ომის შემდეგ მას სურს მეტად დაიმასაჟოს მხრები, რომლებზე შემოჯდომაც რუსეთს სურს. საზიზღრები! მისტერ პრეზიდენტი ისეთი ინტელიგენტურია, გონებამახვილი, კეთილშობილი, მეგობრული და სასაცილო. გამუდმებით იცინის და მაჭმევს. ძალიან რთულია აქ ფიგურის შენარჩუნება, პირველი, რასაც მეკითხება, როცა მხედავს: "მშიერი ხარ?", მერე კი უამრავ საჭმელს უკვეთს. წამიკითხავს, საქართველოში სჯერათ, რომ სტუმარი "ღვთის საჩუქარია" და გიჟდებიან სტუმრების გამოკვებაზე. პრეზიდენტისგან დიდი კეთილშობილება იყო, ჯერ თავისი რეზიდენციის ჩვენება სანაპიროზე ტაბულში (ლაპარაკია ბათუმზე, რომელიც მასაჟისტმა კარგად ვერ გაიგო. - ავტ.), მეორე დღეს კი თბილისში ჩავფრინდით. პრეზიდენტს იმდენი დაცვა ჰყავს, მეც გამიზიარა. მათ უბრძანა, თვალი არ მოეშორებინათ ჩემთვის, ამიტომ სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. ისინი ყველანი ძალიან პუნქტუალურები არიან, პროფესიონალები, მათ შეიძლება დაეყრდნო, ეს მართლაც საოცარია.

კვლავ ვივახშმე პრეზიდენტთან და მის შეიარაღებულ გარემოცვასთან ერთად შესანიშნავ რესტორანში, მაგარია, როგორ ახდენენ ეს მცველები უსაფრთხოების ორგანიზებას? დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე კილომეტრში დგანან პოლიციელები, მცველები. ეს უსაფრთხოების მოქნილი სისტემაა. სანამ მისტერ პრეზიდენტს გავიცნობდი, ვფიქრობდი, რომ "როლინგ სტოუნზი" იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა. მომწონდა დაცვასთან ურთიერთობა. ჩემ გვერდით ყოველთვის იყო ერთი-ორი კარგი აღნაგობის შეიარაღებული მამაკაცი, რომლებიც კარს მიღებდნენ და ჩემ მაგივრად იხდიდნენ ფულს.