კახა თარგამაძე: "ამაზე დიდი სისულელე რა უნდა ჩაიდინოს პრეზიდენტმა?" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

კახა თარგამაძე: "ამაზე დიდი სისულელე რა უნდა ჩაიდინოს პრეზიდენტმა?" (ექსკლუზივი)

საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კახა თარგამაძეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა.

პრეზიდენტის ადმინსტრაციის ინფორმაციით, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ კახა თარგამაძეს უარი ეთქვა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა ხელი.

თავად შევარდაძნის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ "ეს არის ყველაზე არაადეკვატური გადაწყვეეტილება, რაც კი მარგველაშვილს მისი პრეზიდენტობის პერიოდში გაუკეთებია და მომავალში გააკეთებს..."

კახა თარგამაძე:

- რა უნდა გითხრათ ამაზე, გაოგნებული ვარ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით. ქართველ კაცს რომ საქართველოს მოქალაქეობას არ მისცემს, ამაზე დიდი სისულელე რა უნდა ჩაიდინოს პრეზიდენტმა?..

- როგორ ფიქრობთ, რატომ გითხრათ უარი?

- იმიტომ, რომ "ნაციონალების" გავლენის ქვეშ არის. რა ქნას, ვიღაცას ხომ უნდა დაუჯეროს?.. როდესაც მათ გაიგეს და ტელევიზიით დაინახეს, რომ საქართველოში ჩამოვედი, ამ კადრებმა მთელი საქართველო მოიარა, ამბები ატეხეს, თარგამაძეს მოქალაქეობა უნდა მისცენო და იმიტომ მოიქცა ასე სულელურად, რამდენი ხანია მის ადმინისტრაციაში დევს ჩემი მიმართვა ამის შესახებ. ეტყობა, ახლა როდესაც ჩამოვედი, ვიღაცამ მიაწოდა "ნაციონალებს" ეს ინფორმაცია და მარგველაშვილმაც ბრძნული გამოსავალი მიიღო. რას ვიზამთ, იმედია, დრო ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილას... ჰკითხეთ ერთი მას, თქვენს პრეზიდენტს, რის საფუძველზე მითხრა უარი, რა დანაშაული და ცოდვა მიმიძღვის ქვეყნის წინაშე ისეთი, ვერ ამიხსნია. მე, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ კაცს არ აღმიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა და სხვა ეროვნების მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებენ... რაღა გითხრათ, არ ვიცი.

- რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გაქვთ მიღებული, ხომ?

- დიახ და ამ პასპორტით საქართველოში ყოფნას არავინ მიკრძალავს, ამ ორი წლის განმავლობაში აქ 18-ჯერ ვიყავი ჩამოსული და არაფერი პრობლემა არ შემქმნია. უბრალოდ, ჩემი ქვეყნის მოქალაქეობა მინდოდა...

- იტალიაში ცხოვრობთ?

- არა, ბატონო, რუსეთში ვცხოვრობ... რაც შეეხება საქართველოში ცხოვრებას, არც მიფიქრია ამ თემაზე, როგორც გითხარით, რუსეთში ვცხოვრობ და ძალიან კარგად, გადასარევად ვგრძნობ იქ თავს. საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ კი არ მითხოვია, რომ იქ ვერ ვცხოვრობ. კარგი იქნება თუ ის ამ სტატიას წაიკითხავს, თუ არადა, გადაეცით თქვენს პრეზიდენტს, - დამშვიდდეს და არ ინერვიულოს. ყველაფერი კარგად იქნება, ჩემს გარეშე კი, ალბათ უფრო კარგად. ნუ იღელვებთ, ბატონო გიორგი, მთავარია, "ნაციონალები" არ გაანაწყენოთ...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)