ოთარ კობერიძე: "ერთი პირის გაპარსვა, მასაჟი და კოსტიუმი თუ ვერ ვაპატიეთ ჩვენს სათაყვანებელ პრეზიდენტს, ვაი ჩვენ თავს მაშინ!" - კვირის პალიტრა

ოთარ კობერიძე: "ერთი პირის გაპარსვა, მასაჟი და კოსტიუმი თუ ვერ ვაპატიეთ ჩვენს სათაყვანებელ პრეზიდენტს, ვაი ჩვენ თავს მაშინ!"

"რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები. მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სწორედ ეს პიჯაკები მიიტანა"... ამ ფაქტს დიდი ვნებათეღელვა მოჰყვა და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, ცნობილი მსახიობი - ოთარ კობერიძეც გამოეხმაურა...

- ამ არეულ ქვეყანაში აღარაფერს აზრი აღარ აქვს. ისეა გაბოროტებული ყველა, მხოლოდ იმას ფიქრობენ, ვის რა ჭორი მოუგონონ! ისეთი საშინელება მომიგონეს, ძალიან იმოქმედა ჩემზე, სულ მუხლები მეკეცება და ვეღარ დავდივარ... რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყველამ კარგად იცის, როგორ მომწონს იგი. შესანიშნავი კაცია, გამორჩეული პოლიტიკოსი. მსოფლიოს რამდენი ქვეყანა ოცნებობს ასეთ პრეზიდენტზე, ჩვენ კიდევ დავდევართ გამწარებული, როდის დავიჭიროთ... ახლა ეს არის ენის ლაყლაყი, ენას ხომ ძვალი არ აქვს მოგეხსენებათ! რა მოხდა, კაცმა თუ მასაჟი გაიკეთა, ამაში რაღაც კაპიკები გადაიხადა და ამაზე უნდა ილაპარაკო?! ან რა პიჯაკებს ახსენებენ საერთოდ, არ ცხვენიათ?! რა, პრეზიდენტმა დაგლეჯილ ტანსაცმელში უნდა იაროს?! აგერ ახალ მთავრობას ერთი წელი არ შესრულებია, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ და მილიონები დაირიგეს! რას ედავებიან მიხეილ სააკაშვილს და რატომ ვერ ხედავენ მის სიკეთეს?!

- პრეზიდენტი თუ ბიუჯეტის ფულით ქალბატონებს სამკაულებს ყიდულობდა, ამ კითხვებს პასუხი არ უნდა გაეცეს?

- ეგ არის სისულელე და ვერავინ დამაჯერებს! მე ვხედავ ნათელ, კარგ ადამიანს, რომელსაც აქვს დიადი მიზანი, საქართველო ევროპას შეუერთოს! ამ მიზნისთვის ვცემ მას ძალიან დიდ პატივს და ამ მიზანს ვერ ვხედავ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების თვალებში. მიშიკოს გულში არის უზომო სიყვარული ქართველი ერისა და უზომო ცდა, რომ ჩვენი დიდი ხნის ოცნება ავიხდინოთ! ამათი არც ბიუჯეტი ვიცი, არც არაფერი და არც მაინტერესებს! მე მალე 90 წელი შემისრულდება და მსურს დაწყნარებული წავიდე იმ ქვეყნად, მაგრამ წავალ კი? - ჯერ ვერაფრით წავალ დაწყნარებული, რადგან ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ჩემი საცოდავი ერი. ქვეყანა გაიყიდა 20 ლარად და დღეს ყვირიან კიდევ სააკაშვილზე. ყოველდღე მკვლელობა და ნგრევაა, ბავშვები იხოცებიან წარა-მარა... ჩვენ სიყვარულის და ოცნების ერი ვართ, არა ასეთი ოცნების, დღეს რომ გვყავს ხელისუფლება, არამედ ნამდვილი, ჭეშმარიტი ოცნების და ასეთმა ერმა თუ ერთი პირის გაპარსვა, მასაჟი და კოსტიუმი ვერ ვაპატიეთ ჩვენს სათაყვანებელ პრეზიდენტს, ვაი ჩვენს თავს მაშინ! სამარცხვინონი ვყოფილვართ და მეტი არაფერი!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)