მერაბ კოკოჩაშვილი: "სახელმწიფოს აბუჩად იგდებს მიხეილ სააკაშვილი თავისი პიჯაკებით და კაშნეებით!" - კვირის პალიტრა

მერაბ კოკოჩაშვილი: "სახელმწიფოს აბუჩად იგდებს მიხეილ სააკაშვილი თავისი პიჯაკებით და კაშნეებით!"

”ამიხსნას ვინმემ, არის თუ არა უკულტურობა, როდესაც შენს ნაცვამ პიჯაკს სთავაზობ ვინმეს?! ეს არის დაბალი დონე ადამიანის სულიერი არსებობის, როცა რაღაცას გამოიყენებ და მერე აბრუნებ!”

”ისეთ საშინელ, უგემოვნო კომედიაში გადადის ეს ყველაფერი, რომ საზიზღრობაა პირდაპირ!”

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები. მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სწორედ ეს პიჯაკები მიიტანა... ამ ფაქტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და ცნობილი რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილიც გამოეხმაურა...

- ისეთ საშინელ, უგემოვნო კომედიაში გადადის ეს ყველაფერი, რომ საზიზღრობაა პირდაპირ! რაც დღეს ხდება, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა დაბალი კულტურა იყო წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წლის განმავლობაში, როცა ასეთ თავაშვებამდე მივიდა საქმე! ამ დროს სახელმწიფოს სულ სხვა რამეზე უნდა ეზრუნა და სულ სხვანაირი წარმართვა ჭირდებოდა ქვეყანას... ეს თამაში და უბედურება უნდა დასრულდეს ბოლოსდაბოლოს! ნუღარ მიაქცევენ ასეთ სისულელეებს ყურადღებას, რაც სააკაშვილის ბრძანებით კეთდება... კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან ავღელდი, შევწუხდი და ეს საზიზღრობაა! ქვეყნის დაბალი კულტურა ჩამოყალიბდა, როდესაც ისეთი სისტემა იყო, რომ ყოვლად განუკითხავი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა ერთი ადამიანის მხრიდან! ასეთ დონემდე მივედით და ახლა ასახელმწიფოს ათამაშებს და აბუჩად იგდებს ასეთი ადამიანი, თავის პიჯაკებით და კაშნეებით!

- ის ამბობს, რომ თუ სახელმწიფოს ფულით იყიდა, ისევ სახელმწიფოს უბრუნებს...

- აი ზუსტად ეგ არის უკულტურობა, რასაც ზემოთ მოგახსენებდით! ეს არის დაბალი დონე ადამიანის სულიერი არსებობის, როცა რაღაცას გამოიყენებ და მერე აბრუნებ! სირცხვილი არ არის ბოლოსდაბოლოს?! ჯერ გამოიყენა ის, რისი გამოყენების უფლებაც მას არ ჰქონდა და ახლა გვიბრუნებს უკან!.. ამიხსნას ვინმემ არის თუ არა უკულტურობა, როდესაც შენს ნაცვამ პიჯაკს სთავაზობ ვინმეს?! ახლა ზოგიერთები იძახიან ასე აყვედრიდნენ ზვიად გამსახურდიას ერთ მერსედესსო და ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ამ საზიზღრობასთან არაფრის შედარება არ შეიძლება!