სანდრო ბრეგაძე: "ჩემი პატრიარქის აბუჩად აგდებას არ გაპატიებთ!" - კვირის პალიტრა

სანდრო ბრეგაძე: "ჩემი პატრიარქის აბუჩად აგდებას არ გაპატიებთ!"

"ჩემი პატრიარქის აბუჩად აგდებას არ გაპატიებთ. გვიტევენ, დაგვცინიან და სიწმინდეებს შეურაცხყოფენ. ჩვენ ვისხდეთ სახლებში და გაგებით მოვეკიდოთ!!!!! ამას მოთმინება კი არა, დეგრადაცია და დაბეჩავება ეწოდება.." - ეს სიტყვები პოლიტიკოსმა სანდრო ბრეგაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც განათავსა ვიდეო, რომელშიც საქართველოს პატრიარქი წყლის გადასხმის აქციაში გამოიწვიეს..

მასთან მწვავე ინტერვიუს უცვლელად ვთავაზობთ მკითხველს...

- ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თვალწინ გვაქვს ტოტალური თავდასხმა და შეტევა საქართველოს საპატრიარქოზე და ეკლესიაზე. თვალნათლივ ჩანს, რომ ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული კამპანიის სახე აქვს, ამიტომ თვითეული ჩვენთაგანის მოვალეობაა დავიცვათ ეკლესია იმ საშინელი თავდასხმებისგან, რომელიც საკმაოდ ბინძური ადამიანებისგან მოდის. ამის წინ ტელევიზიით ვუყურებდი  ვინმე ვიგინდარა მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი აუგად მოიხსენიებდა საქართველოს ეკლესიას და სასულიერო პირს შეურაცხმყოფელი და აგდებული ტონით ესაუბრებოდა. ეს ნაცქათმები, სტეფანეს და მისი მეგობრების სახით, (რომლებსაც თავის დროზე სიტყვაც კი არ შეუბრუნებიათ სააკაშვილისთვის, მერაბიშვილისთვის თუ ახალაისათვის და ამას ვერასოდეს ვერც გაბედავდნენ) დღეს გამოდიან და ურცხვად ეუზრდელებიან და ეტლიკინებიან სასულიერო პირებს. ღიად აყენებენ შეურაცყოფას! მე არ ვამბობ, რომ არ შეიძლება კამათი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს ათეისტი. სტეფანესაც შეუძლია იყოს განსხავებული ორიენტაციის, ეს არ არის ჩემთვის არანაირი პრობლემა. ჰომოსექსუალობა ვისაც სურს, უფლებაც აქვს, ათეისტებსაც აქვთ ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება! თუმცა ეკლესიის და მღვდელმსახურის, ისევე როგორც რაბინის თუ მოლას შეურაცხყოფის უფლება არავის არ აქვს და არც უნდა გაბედონ!  ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ! დუმილის დრო მორჩა!

- რატომ გაბრაზდით ასე ძალიან, როდესაც ამ საქველმოქმედო აქციაში მთელი მსოფლიო ჩაერთო?

- ვიღაც ვიგინდარა რომ გამოდის ტელევიზიით და პატრიარქს მოუწოდებს წყალი გადაისხი საპნით თავზეო, ეს შეურაცყოფაა, აბა რაა?!

მე არც მოწინააღმდეგე ვარ და არც მომხრე იგივე "კაზანტიპის", მაგრამ იმის უფლება დაუტოვონ საქართველოს ეკლესიას, სიტყვიერი გაფრთხილებით და შეგონებით მიმართონ ახალგაზრდებს! ეკლესია აფიქსირებს თავის პოზიციას და უკვე საუბარს უკრძალავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მღვდელმსახურს, რომელიც ახალგაზრდებს მოუწოდებს მართლმადიდებლურად იცხოვრონ. ძალას ხომ არავის ატანს ეკლესია?! უნდათ დაუჯერონ, უნდათ არა!... პატრიარქი რომ დაწერს ქადაგებაში ადამიანებმა სწორად ვიცხოვროთ, ამ დროს იწყება თავდასხმები და შეურაცყოფები პატრიარქის მიმართ და გამონათქვამები - ბნელეთშია, ეს შავრაზმელობაა და ასე შემდეგ... ისე გათავხედნენ, რომ პატრიარქს მოუწოდებენ თავზე წყალი გადაისხას და ათასგვარი ასეთი სისულელე...…

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით, შეურაცყოფა რომ მიაყენო განსხვავებული ორიენტაციის წარმომადგენელს, ამაზე სასჯელია და ეკლესიის შეურაცხყოფა რომ ხდება, ამაზე არ უნდა იყოს სასჯელი?!.. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ არავის ვაპატიებ პატრიარქის აბუჩად აგდებას! შესაბამისი ორგანოები თუ ვერ უზრუნველყოფენ რომ დაიცვან საქართველოს ეკლესია და პატრიარქი, მაშინ ამ ქვეყანაში ვართ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ძალებით დავიცავთ საქართველოს სიწმინდეებს! ჩვენი ვალია ეს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ! დღეს რასაც ვხედავთ ეს არის უზნეობის აპოგეა და იმის შიშით რომ ვინმეს ქსენოფობია და ჰომოფობია არ დააბრალონ, ყველაფერზე თვალს ხუჭავენ. ქსენოფობიის და ფაშიზმის პირველი მოწინააღმდეგე გახლავართ, მაგრამ თუ ვიცავთ სხვა მსოფლმხედველობის ადამიანებს, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დავიცვათ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაც! ჰაერზე სიტყვებს არ ვისვრი, ამ შემთხვევაში უკან არაფერზე დავიხევ და სულ არ მაინტერესებს, შემდგომში რა პასუხისმგებლობა დამეკისრება. დასაცავი უნდა დავიცვათ და ისე, როგორც ქართველებს შეგვფერის!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)