დიდიე ბურკჰალთერი - სახელმწიფოთა ფორუმი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისათვის - კვირის პალიტრა

დიდიე ბურკჰალთერი - სახელმწიფოთა ფორუმი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისათვის

Op-ed (აზრი – Carte blanche) ხელმოწერილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის, დიდიე ბურქჰალთერისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (IKRK) თავმჯდომარის, ფეთერ მაურერის მიერ, 2014 წლის 22 აგვისტოს

სახელწოდება: შვეიცარიისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოწოდება ჟენევის პირველი კონვენციიდან 150 წლის შემდეგ, ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის პრინციპების უკეთ დასაცავად

დღევანდელ დღეს, 150 წლის წინ, ჟენევის პირველმა კონვენციამ გაამაგრა საველე სამსახურის დროს დაჭრილი ჯარისკაცების ბედის შესამსუბუქებლად საერთაშორისო-სამართლებრივი იდეა, რომ თავად საომარი მოქმედებების დროსაც კი არ უნდა იქნას დარღვეული ჰუმანურობის მინიმალური ზღვარი. შვეიცარია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომლებმაც თავდაპირველად ხელი შეუწყვეს ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის მსოფლიო არენაზე გამოტანას, დღესდღეობით ცდილობენ ამ პრინციპის უკეთ დაცვას. რამეთუ ჯერ კიდევ არ არსებობს ქმედითი მექანიზმები ამ პრინციპების მთელ მსოფლიოში ხელშესაწყობად.

თანამედროვე ომებს დანამდვილებით ცოტა რამ აქვთ საერთო მე-19 საუკუნის ბრძოლებთან. საომარმა მოქმედებებმა სულ უფრო მეტად გადაინაცვლა ნათლად გამოყოფილი ბრძოლის ველებიდან დასახლებულ ტერიტორიებში. დაპირისპირებული სახელმწიფოების ჯარებს შორის ომის ტრადიციული წარმოება არის გამონაკლისი, ხოლო არასაერთაშორისო ფორმა კი წესად იქცა. დღესდღეობით სამოქალაქო მოსახლეობა გახდა შეიარაღებული კონფლიქტების ძირითადი სამიზნე.

ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართალი ორიენტირებულია ცვლილებებზე.  მეორე მსოფლიოს ომის გამანადგურებელი და დამამძიმებელი შედეგების ზემოქმედების ფონზე სახელმწიფოები შეთანხმდნენ 1949 წელს, ჟენევის ოთხ კონვენციაში ყველა იმ ადამიანის მოცულობით და უპირობო დაცვაზე, რომლებიც არ ან აღარ იღებდნენ მონაწილეობას მტრობასა და საომარ მოქმედებებში - დაჭრილი და ავადმყოფი ჯარისკაცები, ტყვეები და სამოქალაქო პირები. ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის ეს საფუძველი გამყარდა 1977 და 2005 წლების დამატებითი ოქმებით. გარკვეული იარაღის გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი, კასეტური საბრძოლო მასალა და ხმელეთსაწინააღმდეგო ჭურვები დღესდღეობით აკრძალულია და გამოცხადებულია კანონგარეშე. სამართალი საკმაო რაოდენობის შეზღუდვებს უწესებს ომის საშინელებებს სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. დანერგვის თვალსაზრისითაც არსებობს გარკვეული პროგრესი, მაგალითად, ჯარისკაცების მომზადებისა და ომის უმძიმეს დანაშაულებათა სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით, განსაკუთრებით კი აღნიშვნის ღირსია სისხლის სამართლის საქმეთა საერთაშორისო სასამართლოს ჩამოყალიბება.

ამისდა მიუხედავად, ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში არსებობს უამრავი სიუჟეტი თუ სტატია, რომლებიც მოასწავებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს მომხდარ ენით აღუწერელ საშინელებებზე. ხშირად ამ უსაზღვრო გაჭირვებისა და საშინელების საფუძველი არის ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის პრინციპების უმძიმესი და უხეში დარღვევები. ამის უკან კი დგას კოლექტიური წარუმატებლობები. სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენციის პირველი ერთობლივი მუხლის შესაბამისად, „ნებისმიერ ფასად და პირობებში დაიცვან კონვენციის დებულებები და უზრუნველჰყონ მათი დანერგვა“. თუმცა ჯერ კიდევ არ გაუღიათ შესაბამისი სახსრები მათი დაპირებების შესასრულებლად. ჰუმანიტარულ საერთაშორისო სამართალს მისი შექმნის დღიდან აკლია მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მათი ნამდვილად დანერგვა. ეს შეუძლებლობა კი ხშირად უტოლდება ომით დაზარალებული პირებისათვის სიკვდილსა და განადგურებას.

ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის პრინციპებს აქვთ უნივერსალური მოქმედება. თუმცა მათი არსებობა ყოველთვის არაა გრძელვადიანად უზრუნველყოფილი, არამედ საჭიროებს პერმანენტულ ძალისხმევას. უფლება, რომელიც სისტემატურად ირღვევა, და რომელსაც არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, დროთა განმავლობაში კარგავს მოქმედების პრეტენზიას. შედეგები და დასკვნები შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთათვის ვერ შელამაზდება.

შვეიცარია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ახორციელებენ 2012 წლიდან კონსულტაციებს ყველა სახელმწიფოსთან, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესრულება. ეს კი ეფუძნება უფლებამოსილებას, რომელიც მათ მიანიჭა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 31-ე საერთაშორისო კონფერენციამ. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოებს ესაჭიროებათ ფორუმი იმ ერთობლივი ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის პრინციპების დასაცავად. ისინი სისტემატურად უნდა იყვნენ დაკავებული მათი ვალდებულებების შესრულებით. ეს წარმოშობს დროთა განმავლობაში ვალდებულებების დანერგვის მთლიან სურათსა და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ბოლოს და ბოლოს, ამის საფუძველზე შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება სამართლის გამოყენების გასაძლიერებლად. მაგალითად, სახელმწიფოებმა დახმარება უნდა გაუწიონ ერთმანეთს წინამდებარე ვალდებულებების შესასრულებლად და დასანერგად აუცილებელი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების ჩამოყალიბებისას, ასევე გაუზიარონ ერთმანეთს აპრობირებული ღონისძიებები ამ კომპლექსური ამოცანის შესასრულებლად.

სახელმწიფოთა ფორუმმა უნდა შექმნას წინაპირობა, რათა სამომავლოდ ომის წარმართვა დაექვემდებაროს სამართალსა (მაგალითად, იარაღის ტექნოლოგიის სფეროში) და არა პირიქით. საამისოდ საჭიროა სისტემატური დიალოგის წარმართვა ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის საკითხებზე. იმავდროულად, სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ინსტრუმენტი, ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევებზე რეაგირების მოსახდენად - მსგავსი დანაშაულის სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად და სამოქალაქო მოსახლეობის მსგავსი ტკივილისა და ტანჯვისაგან დასაცავად. გამომწვევი მიზეზების გამოძიების წარმოება ყველაზე უფრო სათანადო საშუალება იქნება.

სახელმწიფოთა ფორუმის შექმნის თვალსაზრისით შვეიცარია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გაავრცელებენ რეკომენდაციებს მათთვის მიცემული დავალებისდა შესაბამისად, რომელსაც ისინი მიიღებენ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 2015 წელს ჟენევაში გასამართ 32-ე საერთაშორისო კონფერენციაზე. ამ კონფერენციაზე სახელმწიფოები მიიღებენ შემდგომი მოქმედების გადაწყვეტილებებს.

ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართალი ჟენევის პირველი კონვენციის მიღებიდან (150 წლის წინ) იქცა საერთაშორისო მართლწესრიგის ძირითად საყრდენად. მისი დებულებების მიზანია იმის დაცვა, რაც გამოგვარჩევს ჩვენ, ადამიანებს: ჩვენი ადამიანობა. ეს არის უვადო უფლება, რომელიც ეფუძნება საუკუნეებსა და ყველა კულტურაში მომწიფებულ რწმენას, რომ აუცილებელია გარკვეული დანერგილი წესები საომარი მოქმედებების ბარბაროსობაში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი თაობის ამოცანაა, ამ მონაპოვარის შენარჩუნება მისი შესრულების საერთაშორისო ჩარჩო-პირობების ხელშესაწყობად. სამართალმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განავითაროს მისი მოქმედება, როდესაც მას აქვს ამისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი. კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს იყო აუცილებელი ამ საკითხის მოგვარება, როგორც დღეს. და სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული ამ შესაძლებლობის ადეკვატურად გამოყენება.