მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

საუკეთესო აქტივი

ახლა, როცა ამ „ფიქრებს“ ვწერ, დილის 7 საათია, ფიჭვის ძირში ძელსკამზე ვზივარ, ჩემ წინ კამკამა ზღვა გადაშლილა, საიდანაც გრილი და სასიამოვნო ზღვაური უბერავს.  მარცხნივ მოჩანს ზღვაში შეჭრილი პატარა ნახევარკუნძული, სადაც ასევე პატარა და უძველესი ქალაქი სინოპია განლაგებული.  გადმოცემით, აქ ცხოვრობდა კასრში ფილოსოფოსი დიოგენე. ის სინოპის ერთ-ერთი სიმბოლოა და მისი რამდენიმე ძეგლიც შეგხვდებათ ქალაქში. ქალაქში შემორჩენილია უძველესი გალავნის ნაწილიც, რომელიც მრავალჯერ აუშენებიათ და დღეს აქაურობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა სინოპის მთავარი ღირსება სუფთა და გამჭვირვალე ზღვაა. არ  მეგონა, თუ შეიძლებოდა შავი ზღვაც ყოფილიყო ასეთი კამკამა. როდესაც ასეთ ზღვას ვუცქერი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ბავშვობა ჩემს მშობლიურ ბათუმში წუმპეში ვბანაობდი.

აქ გამომგზავრებამდე ერთი დღით შევჩერდი ბათუმში და ზღვას ისეთი სუნი ასდიოდა, ჩასვლა არ მოგინდებოდა. არადა, მას შემდეგ, რაც თურქებმა მდინარე ჭოროხზე კაშხალი ააშენეს, მდინარეს თითქოს იმდენი ნაშალიც აღარ ჩამოაქვს. ჩემს ბავშვობაში ზღვის სიბინძურე  ყოველთვის ჭოროხს ბრალდებოდა, დღეს ბათუმელები ამას კანალიზაციის სისტემის მოუწესრიგებლობას აბრალებენ. თუ მართლაც ასეა, იქნებ სასტუმროების მშენებლობასთან ერთად ამ პრობლემისთვისაც მიგვეხედა?! თორემ  ტურისტებს დასასვენებლად საქართველოში ვეპატიჟებით, ჩვენ კი თურქეთში გავრბივართ, რომ წუმპეში არ ვიბანაოთ!

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სინოპი  "აღმოვაჩინე", მიუხედავად იმისა, რომ აქ ჯერჯერობით ტურისტული ინფრასტრუქტურა ისე განვითარებული არ არის, როგორც ხმელთაშუა ზღვაზე. სინოპი ბათუმიდან 700 კილომეტრით არის დაშორებული და თუ მანქანის ავზსსაც გაავსებთ, ბათუმში ჩასხმული ბენზინით, აქამდე 9 საათში  ჩამოხვალთ. თურქეთში  ერთი ლიტრი საწვავი ორჯერ ძვირია, ვიდრე ჩვენთან (ამის მერე საქართველოში ბენზინის ფასზე აღარ დავიწუწუნებ). თან ვფიქრობ, აქედან კაპადოკიაშიც გავიარო. მართალია, გზას დაახლოებით 600 კილომეტრით გავიგრძელებ, მაგრამ ნამდვილად ღირს. უნდა ითქვას, რომ თურქებმა თავის დროზე მაგარი ქვეყანა "დაითრიეს" (სწორედ ეს სიტყვა გამოხატავს ყველაზე ზუსტად ამ მოვლენას): ორი ზღვა, მთები, ულამაზესი ლანდშაფტი,  ანტიკური ხანიდან მოყოლებული ისტორიული ძეგლები - რა გინდა, აქ რომ არ იყოს!  ბენზინის სიძვირის გამო  ეს მოგზაურობა არც ისე იაფი დამიჯდება, მაგრამ უკეთესში რაში უნდა დახარჯო  ის თანხა, რასაც მთელი წლის განმავლობაში მოაგროვებ?

"კაზანტიპი", მიშას პიჯაკები და ბაქრაძის ფული

მართალია, შვებულებაში ვარ, მაგრამ    საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეძლებისდაგვარად მაინც ვადევნებ თვალს. აქეთ მიშას დაბრუნებული პიჯაკებიო, იქით - ბაქრაძის ფულიო და „"კაზანტიპის"“ გახსნაო. მოკლედ, ზაფხული  მართლაც ყველა თვალსაზრისით ცხელი გამოდგა. ეს "კაზანტიპი" იმდენი წყევლეს და კრულეს, რომ როგორც გავიგე, იმდენი ხალხი არ ჩამოვიდა ფესტივალზე დასასწრებად, რამდენსაც ელოდნენო.

ქართველები საკვებს ისე ძვირად ყიდიან, გადარეულა ხალხი, ასეთი ფასები არც კიევში გვინახავს და არც მოსკოვშიო.  ქართველ პოლიციელებს და ქართველ კაცებს ისე  შეუწუხებიათ ფესტივალზე ჩამოსული სლავი ქალები, რომ უკვე პრეტენზიას გამოთქვამენ, პოლიციელები თავისუფლად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევენ, ქართველი კაცები კი ისე ნადირობენ ჩვენზე, თითქოს ცხოვრებაში ქალი არ უნახავთო. საერთოდ, ჩვენმა თაობამ მამების თაობისგან იმდენი ლეგენდა მოისმინა სლავი ქალების და ქართველი კაცების ურთიერთობაზე, რომ გვგონია, ისინი პირდაპირ კისერზე ჩამოგვეკიდებიან და ასე რომ არ ხდება, გვიკვირს...

დასვენების საშუალება არც დავით ბაქრაძეს მისცეს. უცხოეთში ბანკში საკმაოდ დიდი თანხა აღმოუჩინეს, რომელიც დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი. ბაქრაძე კი ირწმუნება, სიმამრმა სახლი გაყიდა და ეს ფული ბავშვების დეპოზიტზე დადოო, მაგრამ მთავარი კითხვა: რატომ არ შეიტანა ეს თანხა დეკლარაციაში, პასუხგაუცემელია, ისევე, როგორც არანაკლებ მნიშვნელოვანი შეკითხვა: როგორ მოხვდა ბაქრაძისა და ბანკის პირადი მიმოწერა პრესაში?  მაშ, რა ხდება, ჩვენი სამართალდამცველები პოლიტიკოსების ელექტრონულ ფოსტასაც აკონტროლებენ? თუ ასეა, ეს უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე ბაქრაძის მიერ ფულის დამალვა.

წინა კვირას მიშამ პიჯაკები და პალტო მთავრობას მიუყარა, იმდენი გავაკეთე ქვეყნისთვის და რამდენიმე პიჯაკი, თუ გახდა სალაპარაკო აჰა, თქვენ გქონდეთო! თითქოს პიარულად კარგი სვლა იყო, მაგრამ საბოლოოდ სასაცილო კი გამოვიდა, რადგან პროკურატურა ხომ მარტო პიჯაკების ყიდვას არ ედავება. ზოგმა პირდაპირ შეახსენა, აბა, ბოტოქსები, მასაჟები დააბრუნე, თუ მაგარი ხარო. მოკლედ, დაახლოებით ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ინგამ მურტალოს ფული რომ მიაყარა, მურტალომ კი - თუ მაგარი ხარ, ვარდები დააბრუნეო. ვარდები დაჭკნა, ბოტოქსი კი - გაიწოვა!..