ღაზა - მშვიდობის ფასი - კვირის პალიტრა

ღაზა - მშვიდობის ფასი

"ხუთშაბათს ცეცხლის შეწყვეტის მეთერთმეტე(!) შეთანხმება დაირღვა. მეთერთმეტე! და ამ თერთმეტიდან ერთიც კი არ მომხდარა ისრაელის ინიციატივით - როგორც კი ღაზიდან დანაყოფები გამოვიყვანეთ, "ჰამასმა" ამჯერადაც ვეღარ მოითმინა და ჩვენს ქალაქებს 170 რაკეტა ესროლა", - აღშფოთებას ვერ მალავდა ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, რომელსაც ღაზის სექტორში უკიდურესად გამწვავებულ ვითარებაზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

- არავინ იფიქროს, რომ ერთ დღესაც ისრაელმა გაიღვიძა და გადაწყვიტა, ღაზაში სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა. ჩვენი ქალაქების დაბომბვით სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს, ყველაფერი კი სამი ებრაელი მოზარდის გატაცებითა და და დახოცვით დაიწყო, რასაც ერთ-ერთმა პალესტინელმა ლიდერმა "გმირული საქციელი" უწოდა. სწორედ ამ ტიპის "ისლამურ ჯიჰადთან" უწევს დღეს ბრძოლა ჩემს ქვეყანას. და მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვებრძვით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო პალესტინელი ხალხისა. მეტიც, გვსურს, ბოლოს და ბოლოს, დადგეს ის დრო, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეებს მშვიდად ძილის საშუალება მიეცემათ; როცა არავის შეეშინდება, რომ ძილში შეიძლება რაკეტამ იმსხვერპლოს და არავინ დაიწყებს თხუთმეტი წამის გადათვლას, რათა თავშესაფარში შესვლა მოასწროს. აი ეს არის ჩვენი მიზანი.

- მაინც რა საშუალებებითა და მეთოდებით აპირებთ ამ მიზნის მიღწევას?

- ჩვენ მზად ვართ ამ მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება გამოვიყენოთ. თუნდაც სახმელეთო ოპერაცია, რომელიც შეჩერდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, გაგრძელდება. უპირველესად, უნდა შეწყდეს ებრაული ქალაქების დაბომბვა. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი აუცილებელია ღაზის სექტორის რეკონსტრუქცია და დემილიტარიზაცია, როგორც ეს დასავლეთ ნაპირზე მოხდა. წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სანამ ღაზაში იქნება რაკეტები, რომელიც "ჰამასს" შეუძლია ისრაელს დაუმიზნოს, მშვიდობა დიდხანს ვერ გასტანს.

- თუმცა, საფრთხეშია არა მარტო ისრაელის მოქალაქეების სიცოცხლე. არაპროპორციულად დიდია პალესტინის მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი, იღუპებიან ბავშვები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა... მთელი მსოფლიო შეაძრწუნა ისრაელის არტილერიის მიერ "ღაზაში" გაეროს სკოლის დაბომბვამ... როგორ ფიქრობთ, სამართლიანი ის ფასი, რისი გადახდაც პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს უწევთ?

- როგორც ადამიანი, როგორც ებრაელი, როგორც მამა, მთელი გულით გეუბნებით, რომ ძალიან გვაწუხებს და ვნანობთ თითოეულ უდანაშაულო სიცოცხლეს, რაც შესაძლოა, ჩვენს საპასუხო რეაქციას მოჰყვა "ჰამასის" მიერ ებრაული ქალაქების დაბომბვის შემდგომ. ამასთან, მინდა შეგახსენოთ, რომ ასევე არაფერი დაუშავებიათ ისრაელის იმ მოქალაქეებს, რომლებიც "ჰამასის" ნასროლ ჭურვებს შეეწირნენ. მათგან განსხვავებით, ჩვენ არ ვუმიზნებთ მშვიდობიან მოსახლეობას. მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ არ დაუდგენიათ, თუ რომელი მხარე იყო პასუხისმგებელი გაეროს სკოლის დაბომბვაზე, თუმცა, ეს არ ცვლის იმას, რომ მოხდა უაღრესად სამწუხარო და დასანანი ფაქტი. მაგრამ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამაა, გაერომაც კი დაადასტურა, რომ "ჰამასი" ხშირად იყენებს გაეროსა და სხვა სკოლებს საბრძოლო ამუნიციების შესანახად.

- და ეს ამართლებს ხალხით სავსე სკოლის აფეთქებას?

- თუ ჰიპოთეზებზე მიდგა საქმე, მაშინ წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია:

ცხოვრობთ თბილისში, გორში ან ქუთაისში, გამუდმებულ შიშში, რომ ერთ დღესაც დაგბომბავენ და თავშესაფარში შესვლას ვერ მოასწრებთ. მე არ მინდა უზენაეს სამართლიანობაზე ვისაუბრო, მაგრამ როდესაც ისრაელი აფრთხილებს პალესტინელებს, სახლები დატოვონ და ევაკუაციისკენ მოუწოდებს, "ჰამასი" კი მათ ქალაქებიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს და საზარბაზნე ხორცად იყენებს, მათი სახლებისა და სკოლების ქვეშ გვირაბები გაჰყავს და საბრძოლო არსენალს ინახავს, ვინ არის ამ სიტუაციაში მკვლელი?

მე ვფიქრობ, და მზად ვარ ამაზე პასუხი გავცე ნებისმიერს, რომ ისრაელის არმია მსოფლიოში ყველაზე ეთიკური არმიაა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ლამის პინცეტს ვხმარობთ სამიზნეების შერჩევისას. ყოველთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ვხარჯავთ იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, რომ მარცხს განვიცდით, რადგან მჭიდრო არეალში გვიწევს ბრძოლა.

- დღევანდელი მოვლენების ფონზე, რეალურად მიგაჩნიათ თუ არა დასავლეთის ინიციატივის - ისრაელ-პალესტინის ორეროვანი სახელმწიფოს განხორციელება?

- არა მგონია ამ თვეში, რომელსაც ამხელა მსხვერპლი მოჰყვა, ვინმეს მოეცადა ორეროვანი სახელმწიფოს მიდგომაზე საფიქრად, მაგრამ ზოგადად, ეს არა მარტო დასავლეთის, არამედ ჩვენი მთავრობის პოზიციაცაა. მაგრამ ასეთი სახელმწიფოს შესაქმნელად საჭიროა გყავდეს პარტნიორი, რომელსაც ენდობი, რომელსაც სურს შენთან თანაცხოვრება და დაინტერესებულია მშვიდობითა და სტაბილურობით, "ჰამასს" კი ერთადერთი, რაც აინტერესებს, ისრაელის მიწის პირისგან აღგვა და ფანატიკური ისლამური ხალიფატის შექმნაა. სხვა საკითხია მაჰმუდ აბასი – მიუხედავად იმისა რომ მან გადაწყვიტა, ხელისუფლება "ჰამასისთვის" გაეზიარებინა, მას, როგორც "ზომიერი მიდგომის" მქონე ლიდერს, აქვს როლი ჩვენს სამშვიდობო გეგმებში. საქმე ისაა, რომ ღაზაზე აბასს არანაირი კონტროლი არ აქვს – ღაზას აკონტროლებს "ჰამასი", რომლის იდეოლოგია და საქმიანობა არაფრით განსხვავდება იგივე "ისისისა" და "ჰეზბოლასაგან". ეს ტერორისტული ორგანიზაციები საფრთხეს უქმნიან არა მარტო ისრაელს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთს. რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გავრცელდა შემზარავი კადრები, თუ როგორ მოკვეთეს თავი ამერიკელ ჟურნალისტს "ისის"-ელმა რადიკალებმა, ბარაკ ობამამ ამ ორგანიზაციას "მსოფლიოს კიბო" უწოდა, "ჰამასი" კი მათ იდეოლოგიას იზიარებს. მათ არ აინტერესებთ XXI საუკუნე, არ იზიარებენ მსოფლიო ღირებულებებს, არ ადარდებთ ადამიანი ქრისტიანია, იეზიდი, იუდეველი თუ სხვა. ერთადერთი, რაც ანაღვლებთ,ფანატიკური ოცნების ასრულებაა - ისლამური ხალიფატის შექმნა და ამისთვის მზად არიან, მოჭრილ თავებზე იარონ.

- ანუ გამორიცხავთ მშვიდობიან თანაარსებობას პალესტინასთან, სანამ "ჰამასი" ფუნქციონირებს...

- ჩვენ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას ყველა ისეთ მხარესთან, "ალ-ქაიდა" იქნება თუ "ჰამასი", ვინც ისრაელს სახელმწიფოდ არ აღიარებს. სხვათა შორის, უკვე ათი წელი იქნება, რაც ჩვენ ღაზა დავტოვეთ, იქ აღარ ცხოვრობენ ებრაელები და რა მივიღეთ შედეგად? ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ფეხი მოიკიდა და დღეგამოშვებით ისრაელის მოქალაქეებს ბომბავს. აგვისტოს ომი 2008-ში 5 დღე გაგრძელდა, მიუხედავად ამისა, მე ვიცი, თუ რამხელა სტრესი იყო ეს თქვენთვის. ახლა წარმოიდგინეთ, რა სტრესში ცხოვრობენ ისრაელის მოქალაქეები იმ წლების განმავლობაში, რაც "ჰამასი" ღაზაში დამკვიდრდა. წარმოიდგინეთ, გორი რომ ათი წელი ებომბათ, ისე როგორც ებრაულ ქალაქებს ბომბავენ დღეს.

- თქვენი და ჩვენი სიტუაციის შედარება საკმაოდ საკამათოა.

- მე არც ვადარებ. მე მინდა თქვენს მკითხველს სრული სურათი დავუხატო, თუ რა ხდება ჩვენთან...

- თუმცა, ამ სრულ სურათს მაინც აკლია რამდენიმე მნიშვნელოვანი "შტრიხი": მაგალითად, ჩვენგან განსხვავებით, თქვენ გაქვთ რკინის გუმბათის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. არ "ემთხვევა" რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაც, ოკუპაციაში ისრაელს პალესტინა აქეთ სდებს ბრალს. პალესტინისადმი სიმპათიით განწყობილები ხშირად გასული საუკუნის 60-იანი წლების რუკისკენ იშვერენ თითს იმის საჩვენებლად, თუ როგორ შემცირდა პალესტინის ტერიტორია ისრაელთან კონფლიქტის ხარჯზე.

- მადლობა ღმერთს, რომ რკინის გუმბათი გვაქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი ციდან ჩამოვარდა. მის გასაუმჯობესებლად დიდი ძალისხმევა იხარჯება. არ ვაპირებ, თავი მოგაჩვენოთ, თითქოსდა ისრაელი სუსტია. ახლო აღმოსავლეთში თავის გადარჩენა თუ გსურს, ძლიერი უნდა იყო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის აგრესორი, დამისახელეთ, როგორ მოიქცეოდა ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მათი ქალაქები ათი წლის განმავლობაში, დროგამოშვებით, რომ დაებომბათ? ალბათ, იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - დაიცავდა თავის მოსახლეობას, უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას.

მათ, ვინც ისრაელს აგრესორად მიიჩნევენ, ნება მიბოძეთ, შევახსენო, რომ 21 წლის წინ ოსლოში სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით პალესტინელთა ცნობილმა ლიდერმა, იასირ არაფატმა, ცნო ისრაელი როგორც ქვეყანა და ქვეყნის სახელით დადო პირობა, რომ პალესტინა არ გააგრძელებდა ტერორის გზას. დღეს კი თავადაც ხედავთ, როგორ ასრულებს პირობას პალესტინური მხარე.

რაც შეეხება ოკუპაციას, რა ლოგიკით ვართ ოკუპანტები, მაშინ როდესაც 2005 წელს ჩვენივე ინიციატივით დავცალეთ ღაზა და პალესტინელებს გადავეცით? ჩვენი მიზანი არ არის ღაზის სექტორის ხელში ჩაგდება, მეტიც, ორეროვან სახელმწიფოზე მოლაპარაკებისას ისრაელი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ღაზა პალესტინის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

- პალესტინელებს სხვა მოთხოვნებიც აქვთ: ლტოლვილთა დაბრუნება, იერუსალიმის ერთობლივად გაკონტროლება...

- რაც შეეხება ლტოლვილების დაბრუნების უფლებას, რასაც პალესტინური მხარე მოითხოვს, ეს არღვევს ორეროვანი სახელმწიფოს კონცეფციას: ორეროვან სახელმწიფოს მოდელში ისრაელი არის ებრაელი ხალხის სამშობლო და პალესტინა კი პალესტინელი ხალხისა. ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელში სხვა ეროვნების ხალხს არ შეუძლია იცხოვროს. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მაგრამ 8-მილიონიან ქვეყანაში ორმილიონიანი სხვა ეროვნების ხალხის ნაკადის განსახლება გამორიცხულია. რაც შეეხება იერუსალიმს, ბიბლიოთეკები სავსეა სხვადასხვაგვარი ფორმულებითა პროექტებითა და ინიციატივებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს იერუსალიმის საკითხი, იქნება ეს ტერიტორიების გაზიარება, დათმობა თუ დასახლება და ა.შ. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ: იერუსალიმის საკითხი ურთულესია და არა მგონია, ახლანდელი მოვლენების ფონზე მისი გადაწყვეტა მოხერხდეს. სხვა რომ არაფერი, ამისთვის საჭიროა მხარეებს შორის არსებობდეს ნდობა და ამ ნდობაზე დაფუძნებული დიალოგი, იმას კი, რაც დღეს ხდება, დამეთანხმებით, ძნელია დიალოგისთვის შესაფერისი გარემო უწოდო.

ვაჟა თავბერიძე Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE ara mgonia am TveSi, romelsac amxela msxverpli mohyva, vinmes moecada orerovani saxelmwifos midgomaze safiqrad, magram zogadad, es ara marto dasavleTis, aramed Cveni mTavrobis poziciacaa. magram aseTi saxelmwifos Sesaqmnelad saWiroa gyavdes partniori, romelsac endobi, romelsac surs SenTan Tanacxovreba da dainteresebulia mSvidobiTa da stabilurobiT, “hamass” ki erTaderTi, rac ainteresebs, israelis miwis pirisgan aRgva da fanatikuri islamuri xalifatis Seqmnaa. sxva sakiTxia mahmud abasi – miuxedavad imisa rom man gadawyvita, xelisufleba “hamasisTvis” gaeziarebina, mas, rogorc “zomieri midgomis” mqone liders, aqvs roli Cvens samSvidobo gegmebSi. saqme isaa, rom Razaze abass aranairi kontroli ar aqvs – Razas akontrolebs “hamasi”, romlis ideologia da saqmianoba arafriT gansxvavdeba igive “isisisa” da “hezbolasagan”. es teroristuli organizaciebi safrTxes uqmnian ara marto israels, aramed mTel axlo aRmosavleTs. ramdenime dRis win, mas Semdeg gavrcelda Semzaravi kadrebi, Tu rogor mokveTes Tavi amerikel Jurnalists “isis””-elma radikalebma,