დობერმანი: ”მე საქართველოსა და უკრაინის მტრებს ვანადგურებ”! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

დობერმანი: ”მე საქართველოსა და უკრაინის მტრებს ვანადგურებ”! (ექსკლუზივი)

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიმართ ინტერესი არ წყდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1748 კი დაშავდა... უკრაინაში ქართველ მებრძოლებს სოციალური ქსელით დავუკავშირდით.

რომან დარასელია:

- სეპარატისტები ბომბავენ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს და ამას უკრაინის არტილერიის ქმედებად ასაღებენ. უამრავი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის - ჩემი მეგობრებიც. უკრაინის მოქალაქე ვარ და სავალდებულო სამსახური იქაურ შეიარაღებულ ძალებში მოვიხადე. ორი წლის ვიყავი, ხარკოვში რომ ჩამოვედით. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, მხოლოდ ფოტოებითა და ინტერნეტით ვნახულობ აფხაზეთს. საქართველო ჩემი სამშობლოა, მაგრამ ჩემი სამშობლოა უკრაინაც. მამა ყოფილი სამხედროა, ჩემი ძმაც, ახლა მასაც იარაღი უჭირავს ხელში...

ჩემს უბანში უამრავი რუსი ცხოვრობდა. ზოგიერთმა აივნებზე რუსეთის დროშები გამოფინა, სოციალურ ქსელში ფონად რუსეთის დროშები დააყენა, რასაც ხალხის აგრესია მოჰყვა. რუსები უკრაინას თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ...

- რუსულ ფორუმებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული ჯარი დემორალიზებულია...

- ეს რუსების საინფორმაციო ომია. ის ნაწილები, სადაც რუსი სამხედროები ჭარბობდნენ, უბრძოლველად ჩაბარდნენ. ეროვნებით რუსი სამხედროების დეზერტირობის ფაქტები ახლაც ხდება, მაგრამ ეს ჩემი გასარჩევი არ არის, მე სამხედრო ვარ და დავალებას ვასრულებ, იმ მიწას ვიცავ, სადაც ვცხოვრობ. უკრაინულ ჯარს პროფესიონალი სამხედროები ჰყავს. უნდა ნახოთ, უბრალო ხალხიც როგორი მობილიზებულია, მხარში გვიდგანან და გვამხნევებენ. მათი ღალატი და მით უფრო - მიტოვება, არ შეიძლება... რაც შეეხება იმას, რომ თურმე ბრძოლა გვიჭირს, სეპარატისტები დასახლებულ პუნქტებს ეფარებიან, იქ კი საბრძოლო მოქმედებების წარმოება რთულია. მათგან განსხვავებით, ჩვენ არ ვესვრით მშვიდობიან მოსახლეობას... როდესაც ყველაფერი ჩაივლის, ბევრი ფა-ქტი გამოაშკარავდება ”ძლევამოსილი რუსეთის ძლევამოსილ არმიაზე”.

ირაკლი ქურასბედიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი:

- ახლა ქალაქ ილოვაისკში ვარ. ბრძოლები მიდის... მე დონბასის ბატალიონში ვარ. დასავლეთის მხრიდან ვუტევდით, მაგრამ მოწინააღმდეგეს თავდაცვითი ხაზი კარგად ჰქონდა გამაგრებული.

- რა ხდება ახლა თქვენ ირგვლივ?

- სეპარატისტებმა 40-მდე დევნილი, მათ შორის, ქალები და ბავშვები არტილერიით მაშინ გაანადგურეს, როდესაც საბრძოლო მოქმედების ტერიტორიას ტოვებდნენ. ერთი ქართველი ბიჭი დაგვეჭრა. სკოლაში ვიყავით გამაგრებული, რომლის სარდაფსაც ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს. მათ არც წყალი ჰქონდათ, არც საჭმელი, აღარც წამლები. ყველაფერი მივეცით. სეპარატისტები ცდილობენ, მოსახლეობის გული მოიგონ, მაგრამ ისეთ აგრესიას ავლენენ, რომ ეს შეუძლებელია. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ”რუსეთი მოვა და ყველაფერი მოგვარდება...”

- რატომ ხართ იქ?

- ასე ვთვლი საჭიროდ. მე ყოფილი სამხედრო ოფიცერი ვარ. 2008 წლის ომამდე შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვას ვხელმძღვანელობდი. 18 წლის აფხაზეთის ომის დროს, გაგრის ბრძოლ-ებისას გავხდი, ახლა კი 40-ის ვარ და ისევ ვიბრძვი... 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები დავტოვე. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. 2010-ში საზღვარგარეთ წავედი. ძნელი მისახვედრი არ არის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ხვალ და ზეგ ეს პროცესები გადაედება ბევრ ქვეყანას და რუსეთი შეიძლება სხვა საზღვრებში ვიხილოთ...

- ბევრია ქართველი მებრძოლი?

- საკმაოდ. ამას ემატება რამდენიმე ინსტრუქტორი და მრჩეველი. მებრძოლებს შორის ებრაული დანაყოფიც არის. არიან ბელორუსებიც და აზერბაიჯანელებიც. სეპარატისტების მხარეს კი კადიროველი ჩეჩნები და ოსები იბრძვიან...

- ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლ ”დობერმანზე”, თითქოს მოკლეს თუ ტყვედ ჩავარდა...

- ”დობერმანი” ცოცხალია, არც ტყვეობაში ჩავარდნილა. ინტერნეტით ფოტოები რუსების გავრცელებულია, არადა, იმ ფოტოებზე ”დობერმანი” არ არის. ვერ გეტყვით, სად არის, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად გექნებათ მასთან საუბრის საშუალება.

ის იყო, ”დობერმანთან” საუბრის იმედი გადაგვეწურა, რომ ის სოციალური ქსელით გამოგვეხმაურა.

- ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. გამაოცა ჩემ მიმართ ასეთმა ინტერესმა, არადა, ერთი ჩვეულებრივი მებრძოლი ვარ. თქვენი კოლეგები დღეში რამდენჯერმე მთხოვენ ინტერვიუს. მაპატიეთ, ასეთი მოკლე პასუხისთვის, გულახდილად კი გეტყვით: მე საქართველოსა და უკრაინის მტრებს ვანადგურებდი, ვანადგურებ და მომავალშიც გავანადგურებ... დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! ჩვენ გავიმარჯვებთ!

ლალი პაპასკირი