"ხატია ბუნიათიშვილი ისევ ცდილობს მიხეილ სააკაშვილს ერთგულება დაუმტკიცოს" - კვირის პალიტრა

"ხატია ბუნიათიშვილი ისევ ცდილობს მიხეილ სააკაშვილს ერთგულება დაუმტკიცოს"

"პუტინის თანამოაზრე ვალერი გერგიევი და ხატია ხომ შეუძლებელია, ერთ სცენაზე წარმოიდგინო. ეს არ მოხდება"- ხაზგასმით ამბობს პიანისტი. - "მე ვალერი გერგიევთან ერთად სცენაზე არ დავდგები". რა არის ამის მიზეზი, მუსიკალურად თუ პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციები? "ამას პოლიტიკური საფუძველი აქვს: ის, ვინც დღეს არ დგას ადამიანობის მხარეს, არამედ ძალაუფლებას უჭერს მხარს ( რომელიც, ჩემი აზრით, დიდი ხანი ვეღარ იარსებებს), ჩემთვის მიუღებელია", - აღნიშნულია Crescendo magazine-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში……ხატია ბუნიათიშვილის ამ სიტყვებს ვალერი გერგიევის ქართველი მეგობარი, ხელოვნების ექსპერტად აღიარებული ავთანდილ დანელია გამოეხმაურა...

- ვალერი გერგიევს ქართველები ძალიან უყვარს და ამიტომაც შედგა მსოფლიოში გამორჩეული ტანდემი მისი და ლექსო თორაძის სახით. მათი შესანიშნავი კონცერტები ყველა დროის მსოფლიო სტანდარტებს უძლებს. მე დავესწარი მარიას თეატრში ვალერი გერგიევის კონცერტს, მიუხედავად იმისა, რომ მეტად გადატვირთული იყო, როდესაც კონცერტის შემდეგ მისალოცად გავედი, სიხარულით გაგიჟდა და წამოიყვირა, ღმერთო ჩემო, ეს ვინ ჩამოსულაო... ამდენად მოსიყვარულე კაცია და სასაცილოც კი არის იმის თქმა, რომ იგი ქართველების მოღალატეა.

- მას ნათელ-მირონი აკავშირებს პუტინთან...

- მოიცადეთ ახლა, თუ პუტინს მოუნდა ნათელ-მირონობა, უარი უნდა ეთქვა?! პატრიარქმაც მონათლა ედუარდ შევარდნაძე, იმიტომ რომ უკეთესი გამხდარიყო. უწმიდესი არ ესწრებოდა შევარდნაძის დაკრძალვას და დაწერა, კიდევ კარგი სიცოცხლეში რომ მოინათლაო... მტერს ნათლავენ, მოყვარედ რომ გადააქციონ.

- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ვალერი გერგიევი ცხინვალში ჩავიდა და კონცერტი გამართა მხოლოდ ოსი დაღუპულებისთვის...

- მე რომ ვყოფილიყავი ოსი, მეც ჩავიდოდი. ოსია და ხომ არ უარყოფდა და დამალავდა?! რატომ არ უნდა ჩასულიყო?! - სააკაშვილისთვის უნდა ეთხოვა ნებართვა?! მე არ ვიცი, როგორი სახე მისცეს ამ კონცერტს საქართველოში. მე რამდენადაც ვიცი, მან ასეთი ეგიდით გამართა - დაღუპული ქრისტიანებისთვის. ვისაც როგორს უნდა, ისეთ ინტერპრეტაციას მისცემს.

- რას ურჩევდით ხატია ბუნიათიშვილს, როდესაც ვალერი გერგიევზე ისე საუბრობს?

- რატომ არ შეიძლება საქართველოშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს და სხვებს?! ეს ძალიან პირადულია. ხატია ბუნიათიშვილი პატივს სცემს მიხეილ სააკაშვილს და ერთგვარი ჯილდოა ასეთი ერთგულება. ვინაიდან იგი ამდენად ერთგულია მიხეილ სააკაშვილის, ამის გამო ემტერება ვალერი გერგიევს. გერგიევი მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა საქართველოს მტრად... ხატია ძალიან მიყვარს, პერსპექტიული პიანისტია, მაგრამ ვურჩევდი ნუ იქნება ასეთი კატეგორიული. დარწმუნებული ვარ დრო შეიცვლება და ისიც შეიცვლის თავის აზრს. არ არის საჭირო მისი ასეთი წივილ-კივილი. ალბათ კიდევ რაღაც ფორმით უმტკიცებს მიხეილ სააკაშვილს ერთგულებას და დაუმტკიცოს! ვნახოთ როდემდე გაგრძელდება მათი ალიანსი.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)