"ხაჯიმბა ერთი ”პეშკა” კაცია, რომელიც მხოლოდ ხელს შეუშლის ჩვენს შერიგებას" - კვირის პალიტრა

"ხაჯიმბა ერთი ”პეშკა” კაცია, რომელიც მხოლოდ ხელს შეუშლის ჩვენს შერიგებას"

"ეს საშინელი კაცი აფხაზებს გადააშენებს... ”

”ხაჯიმბა არ არის აფხაზი, ის აფსუაა. აფსუა და აფხაზი კი სულ სხვადასხვა რამეა. ხაჯიმბა ერთი "პეშკა” კაცია, რომელიც მხოლოდ ხელს შეუშლის ჩვენს შერიგებას. ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე, მაგრამ ხაჯიმბას რომ საშინელი რეპუტაცია აქვს და რუსეთის კაცია, ეს ყველა პატარა ბავშვმა იცის აფხზეთში”... - ამბობს დიმა ჯაიანი...

- რაულ ხაჯიმბა არის კაგებეს პოლკოვნიკი, რუსეთის კაცი აფხაზეთში. მისი მოსვლა სათავეში ალბათ ჭკუაარეულ აფხაზებს თუ აწყობთ. აფხაზებს ვამბობ უბრალოდ, თორემ სად არის დღეს აფხაზეთში აფხაზი დარჩენილი?! ნამდვილი აფხაზი დღეს მოსკოვშია, პეტერბურგში ან ევროპაში გასული. აფხაზეთში დარჩენილია ის ხალხი, რომლებსაც ჩვენი სახელის გაგონებაც არ სურთ. ჩვენ კი მაინც ვეძებთ გზებს ურთიერთობისთვის მათთან დიდი სიყვარულით, ერთმანეთს რომ ვაპატიოთ ის დიდი ცოდვა, რაც ჩვენს კისერზეა, ორივე მხარეს.

რაც შეეხება რაულ ხაჯიმბას, ეს ის არაკაცია, რომელმაც ომი დაიწყო აფხაზეთში. ის ყოველთვის ხელს უწყობდა და უსისინებდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ომი სურდათ. სამწუხაროდ, ჩვენც ჭკუა დაგვაკლდა ორივე მხარეს. მე მაინც მგონია, რომ დანაშაული მათ მეტი მიუძღვით, იმ ბოლო ერთი თვის მოვლენების გათვალისწინებით, რაც ომის დროს ხდებოდა. ყველა ჭეშმარიტი აფხაზი ამბობს, ჩვენ ბრალი არ მიგვიძღვისო და მე ამის მჯერა, იმიტომ რომ იქ ისეთივე მოსყიდული ადამიანები იყვნენ რუსეთისგან, როგორიც დღევანდელი პრეზიდენტი - რაულ ხაჯიმბაა. ეს პრეზიდენტი პირველ რიგში არ აწყობთ მათ, ვისაც აფხაზი ერის გადარჩენა სურს. აფხაზები და ჩვენ ერთნი ვართ, ერთი ტრადიცია გვაქვს, ერთი ტერიტორია და საუკუნეების მანძილზე ერთად ვიცავდით საქართველოს. ეს საშინელი კაცი აფხაზებს გადააშენებს. ხომ გაგიგიათ შესანიშნავი რომანი ”უკანასკნელი უბიხი”, აი ზუსტად ”უკანასკნელი აფხაზი” აღარ დარჩება რაულ ხაჯიმბას ხელში თუ დროზე ვერ მოიშორებენ. ხომ ვნახეთ კადრები პუტინს რომ შეხვდა და როგორი სიტყვებითაც მიმართა. ამ დროს აფხაზები საოცრად თავმოყვარე და დიდი ტრადიციების ერია. რაც არ უნდა დამიშავონ, ვერაფრით უარვყოფ, რომ გამორჩეულად ვაჟკაცები არიან და ასეთ ვაჟკაცებს ეგეთი ნაძირალა კაცი არ ეკადრებათ! ყველაფერი ნათელია ვინ მოიშორა ბაღაფში თავიდან, ვინ მოიშორა ახლახანს ანქვაბი და ასე შემდეგ... ჩვენ და მთელი მსოფლიოც არ აღიარებს ამ არჩევნებს, მაგრამ ყველასთან უნდა დაჯდე და ისაუბრო. თუმცა ძალიან ცუდი სალაპარაკო იქნება ამ კაცთან.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)