" მიხეილ სააკაშვილზე და სხვა "უსისხლო" დამნაშავეებზე ამნისტია უნდა გამოცხადდეს" - კვირის პალიტრა

" მიხეილ სააკაშვილზე და სხვა "უსისხლო" დამნაშავეებზე ამნისტია უნდა გამოცხადდეს"

მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს სარფის საბაჟოსთან შეხვდა. პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამას ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ ცხელ შემოდგომას უკავშირებს. ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურატურა უახლოეს მომავალში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აღნიშნულის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან განსაკუთრებულ მწვავე რეაქციებს არ ელოდებიან, ექსპერტთა ერთი ნაწილი კი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კიდევ უფრო დააზარალებს ქვეყნის იმიჯს და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მიმდინარე გამოძიებას მეტ პოლიტიკურ ელფერს შესძენს. წინასწარ გამოცხადებულ ცხელ პოლიტიკურ შემოდგომაზე და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს ვესაუბრებით:

-ბატონო ამირან, როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის შეკრებას სარფის საბაჟოსთან. ეს იყო მონატრებული მეგობრების და თანამებრძოლების შეხვედრა, წინასწარ კარგად დაგეგმილი პიარის ნაწილი თუ ამ შეხვედრას მეტი კონკრეტული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მით უფრო იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შემოდგომიდან გააქტიურებას გეგმავენ. რა მოხდება შემოდგომიდან საქართველოში და შესაძლოა თუ არა პოლიტიკური პროცესების გამწვავება?

-რა თქმა უნდა სარფის შეხვედრა არ იყო მხოლოდ მონატრებული მეგობრების შეხვედრა და არც მხოლოდ კარგად დაგეგმილი პიარის ნაწილი. ნუ დაგვავიწყდება, რომ საპარლამენტო არჩევნები არც ისე შორს არის და სერიოზული პოლიტიკური ძალები შემოდგომიდან უკვე მზადებას დაიწყებენ. ნაციონალური მოძრაობა კი 2016 წლის არჩევნებისთვის დიდი ხანია ემზადება. შემიძლია გითხრათ, ჯერ კიდევ 2012 წლის 02 ოქტომბრიდან. მთელი ეს კამპანია ძირითადი ოპოზიციური ნიშის დასაკავებლად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. რაც შეეხება პროცესების გამწვავებას, ვფიქრობ განსაკუთრებული არაფერი მოხდება, რადგან მართალია ოცნების რეიტინგი იკლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი იზრდება. თუმცა ამავე დროს უკმაყოფილო, ნიჰილისტური მასის დესტრუქციულ ძალად გარდაქმნის ალბათობა მატულობს, რაც ქვეყნისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. ამ ეტაპამდე ჯერ საბედნიეროდ არ მივსულვართ, მაგრამ ასეთი ბნელი პერსპექტივა არც ისე შორს არის, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ და ამას საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევებიც ადასტურებს.

-თქვენ რეიტინგები ახსენეთ და არ შეიძლება არ გკითხოთ NDI -ის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევაზე, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული ოცნების ლიდერების რეიტინგები, ნაციონალური მოძრაობა კი წამყვან ოპოზიციურ ძალად დასახელდა. პრემიერმა ღარიბაშვილმა ამ მონაცემებს ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის დაკვეთა უწოდა. რამდენად დამაჯერებლია ეს გამოკითხვები და უნდა გაითვალისწინონ თუ არა შემოთავაზებული მონაცემები პოლიტურმა სუბიექტებმა.

- ერთია, რას აცხადებენ პოლიტიკოსები კონიუნქტურიდან გამომდინარე და მეორე რამდენად შეესაბამება მათი განცხადებები მათივე დამოკიდებულებას ამ კვლევების მიმართ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლიტიკოსები უნდათ თუ არა, სწორედ ასეთ კვლევებზე ახდენენ სწორებას. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს NDI და IRI ან რომელიმე სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები, ვიდაოთ მეთოდოლოგიაზე, მათი განცხადებების ობიექტურობაზე თუ საქმიანობის ხარისხზე, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება. რეალობა კი არის ის, რომ მმართველი კოალიციის და მათი ლიდერების რეიტინგი იკლებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობა რჩება ძირითადი წამყვან ოპოზიციური პოლიტიკური ძალად. ორივე ეს მოვლენა არის მოცემულობა, რომლის იგნორირებაც საკუთარი თავის მოტყუილება იქნება და ისევ პოლიტიკური პარტიებს დააზარალებს.

-საინტერესო ფონზე მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან სარფის საბაჟოს სიახლოვეს, თურქეთის ტერიტორიაზე, საიდანაც კარგად ჩანდა ქართულ მხარეს დაგროვილი ავტომანქანების კილომეტრიანი საცობები და საბაჟოზე გავლის მომლოდინე ასეულობით ადამიანი. დღე ისე არ ჩაივლის, ხმაურიანი მკვლელობა არ მოხდეს. გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის მთავარი საზრუნავი დასაქმებაა. ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას თუ გავყვებით ქვეყანაში ინსტიტუტების მოშლის პროცესია დაწყებული და ამ ყველაფერში დამნაშავე ცხადია ხელისუფლებაა. რეალურად რამდენად შეინიშნება ინსტიტუციების დეგრადაცია და სად გადის ზღვარი, რომლის მიღმაც კითხვის დასმაც აღარ იქნება საჭირო.

-ცხადია, ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას არ უნდა ავყვეთ, მაგრამ როდესაც ხედავ მთავრობის წარმომადგენელთა სრულიად უსუსურ განმარტებებს თუნდაც სარფის საბაჟოზე არსებულ რიგებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამაში დამნაშავე ახალი პროგრამა, წვიმა, გაფუჭებული გენერატორი და გაზრდილი ტურისტების რაოდენობაა, ბუნებრივია პროტესტის გრძნობა თავისთავად ჩნდება. რა ვქნათ, რიგები რომ არ იყოს ბუნებას გავუნაწყენდეთ თუ ტურისტებს ავუკრძალოთ ჩამოსვლა?! ეს ხომ არ არის გამოსავალი. უმჯობესია გამოხვიდე და გულახდილად თქვა, რომ ამ ეტაპზე რაღაცას თავი ვერ გაართვი და გამოასწორებ. ხალხი იმაზე ბრძენი და მიმტევებელია, ვიდრე პოლიტიკოსებს ჰგონიათ. რაც შეეხება ზღვარს, ჩვენმა უახლოესმა წარსულმა არაერთხელ დაგვანახა, რომ ქართველი კაცი ყველაფერს მოითმენს, აიტანს. იცხოვრებს გაჭირვებაში, უშუქობაში. იდგება კილომეტრიან რიგებში პურის საყიდლად, მაგრამ ღირსების შეურაცხყოფას და თვალებში ნაცრის შეყრას არ მოითმენს. საბედნიეროდ ვითარება არც ისე საგანგაშოა, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ხატავენ, მაგრამ არის მწვავე სიგნალები ზოგიერთ სფეროში, რომელსაც დროული და ეფექტური რეაგირება სჭირდება და არა წაყრუება ან სტატისტიკური ციფრებით მანიპულირება.

-სარფის საბაჟოსთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს. არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და თუნდაც მისი დაჭერა სამართლიანობის აღდგენის ჯაჭვის ის ძირითადი დამაკავშირებელი რგოლი, რომლითაც ეს ყბადაღებული პროცესი ბოლოს და ბოლოს დასრულდება და ხალხი მმართველ კოალიციას წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებას შესრულებულად ჩაუთვლის?

-დარწმუნებული ვარ, რომ ის რასაც ახლა ვიტყვი ბევრს არ მოეწონება. უპირველეს ყოვლისა კი იმ ათასობით ადამიანს, ვინც ნამდვილად საკუთარ თავზე იწვნია უსამართლო პროკურატურის და რეჟიმად ქცეული სისტემის შედეგები, მაგრამ სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს იგი, მაინც უნდა ითქვას. არავითარი საერთო მიხეილ სააკაშვილის დაჭერას სამართლიანობის აღდგენასთან თუ დამკვიდრებასთან არა აქვს. ეს ყველაფერი არის უბრალოდ პროფანაცია. მეტსაც გეტყვით, ნებისმიერი ამ ადამიანისათვის, მიხეილ სააკაშვილის თუ გნებავთ ბაჩო ახალიაიას ციხეში ყოფნაზე მეტად, საკუთარი ზიანის კომპენსაცია და ხვალინდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. სხვა ქვეყნებშიც მომხდარა ტოტალიტარული სისტემების ცვლილება, სადაც ხელისუფლებას გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობის ლიდრებს, მაგრამ ამ ქვეყნებში საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იპოვა საკუთარ თავში ძალა უარი ეთქვა წარსულში ქექვაზე და სამართლიანობის აღდგენის უტოპიური მისიებზე. მე რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ არ დაისაჯონ წამებაში და მკვლელობაში მონაწილე პირები, მაგრამ ე.წ. "უსისხლო" დანაშაულისათვის ბრალდებულ ჩინოვნიკებზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. უმჯობესი იქნებოდა თავის დროზე ფართო კომისია შექმნილიყო, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, მაგრამ რაკი ეს არ მოხდა, ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური სასამართლო პროცესები და იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მათ დამნაშავედ ცნობს იმ დანაშაულების მიმართ, სადაც არ ფიგურირებს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, გამოიცეს ამნისტია. ეს იქნება მნიშვნელოვანი მესიჯი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ ამ ხელისუფლების მიზანი არა პოლიტიკური ანგარშისწორება და ყოფილი მაღალჩინოსნების ციხეში ჩასმაა, არამედ მართლმსაჯულების დადგენა. გარდა ამისა ამ ხელისუფლებამ, როგორც წინა ხელისუფლების სამართლმემკვიდრემ უნდა იკისროს უკანონოდ დასჯილი და ქონებაწართმეული ადამიანების მორალური და მატერიალური კომპენსირების ტვირთი, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელზეც გადანაწილდეს. მესმის, რომ ეს ძალიან არაპოპულარული განცხადებაა, მაგრამ გავა დრო და ყველა დარწმუნდება, რომ ეს ყველაზე სწორი გზაა, რადგან არავითარი სამართლიანობის აღდგენა და ზოგადად არავითარი ზეციური სამართლიანობა არ არსებობს დედამიწაზე. არსებობს რეალური ქვეყანა და რეალური ადამიანები, რომლებსაც რეალური, წარმატებული ხვალინდელი დღე სჭირდებათ და არა პურის ნაცვლად შემოთავაზებული სანახაობა. სიმართლე სწორედ ეს არის.

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)