"რუსებს "ტუპოი გრუზინები" უყვართ" - გიორგი ჭანტურია ქართველ "КВН-შიკებზე" - კვირის პალიტრა

"რუსებს "ტუპოი გრუზინები" უყვართ" - გიორგი ჭანტურია ქართველ "КВН-შიკებზე"

რუსეთში КВН-ის პრემიერ-ლიგის თამაშები მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს. პირველ ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან ერთად სცენაზე მოსკოვის, ნოვოსიბირსკის, კალინინგრადის და რუსეთის კიდევ რამდენიმე ოლქის გუნდები გამოვიდნენ ("Фулл Хаус", ГУУ, Москва; Сборная Оренбургской губернии; Сборная БФУ им. Канта, Калининград; "Экскурсия по городу", Новосибирск), რომელთაგან მხოლოდ სამმა მოიპოვა ფინალში გასვლის უფლება და ერთ-ერთი საქართველოს ნაკრები იყო. ქართველთა მონაწილეობაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ყოფილ მოთამაშეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ექს-ხელმძღვანელს გია ჭანტურიას ვთხოვეთ:

- იყო დრო, როდესაც ჩვენ ჩავდიოდით რუსეთში და ვიღებდით ხოლმე მონაწილეობას КВН-ში, მაგრამ იმის მერე დიდი დრო გავიდა და რაღაცეები შეიცვალა. ყველას თავისი ნება და შეხედულება აქვს, თუმცა იცით რა მაინტერესებს, ეგ ხალხი ერთხელ მაინც თუა ნამყოფი დვანში ან დიცში საპროტესტო აქციაზე?!

- ვთქვათ, არიან ნამყოფი, მაშინ თქვენთვის მათი გამოსვლა დასაშვები იქნებოდა?

- როცა ამბობენ რა შუაშია პოლიტიკა ამასთან, მე ვფიქრობ რომ შუაშია, რადგან შენ ქვეყანას ეხება. როცა შენს ქვეყანაში რუსი ჯარისკაცი დგას და აკონტროლებს ქვეყნის ოც პროცენტს, იქ წასვლა, მათი გაცინება და ხასიათზე მოყვანა, ეს არის რაღაც "გრუზინეცული", საბჭოთა მენტალობის კიდევ ერთხელ გაჟღერება და მაამებლური მიდგომა.

- თამაშის ბოლოს ქართველმა მხიარულებმა და საზრიანებმა რუსული მან-სან-კანის ვეტერან მონაწილესთან, აიდარ გარაევთან ერთად იმღერეს "ჩვენი მეგობრობა არ დასრულდება"....

- რომელ მეგობრობაზეა ლაპარაკი? მე არ მინახავს ისეთი მეგობრობა, როგორიც რუსებს აქვთ ჩვენთან მიმართებაში. მეც ბევრი რუსი მეგობარი მყავს, თუმცა ისინიც ყველა საუბარს ამთავრებენ ამით - რატომ არ გინდათ, იყოთ რუსეთის ნაწილი?! ამბობენ, ძალიან გვიყვარხართო, მაგრამ მათთვის სიყვარულია ის, რომ შენ იყო მათი ნაწილი, ხოლო ჩემთვის სიყვარული არის ის, ვიყო ვინმესთან მეზობელი. გახსოვთ ალბათ, ჩვენ საკმაოდ წარმატებულად გამოვდიოდით ამ კონკურსებში და ერთხელ მახსოვს. ძალიან კარგად, როდესაც მასლიაკოვმა პირდაპირ გვითხრა, რუსებს "ტუპოი გრუზინები" უყვართ, რუს მაყურებელს არ უყვარს, როდესაც სცენაზე ხედავს ჭკვიან და ინტელექტუალურ ქართველებს, ხოლო თქვენ სწორედ ძალიან ინტელექტუალ ქართველებს თამაშობთ და ჩვენ სცენაზე ვერასოდეს გაიხარებთო. გვითხრა, იქნებით სულელები, გექნებათ ოვაცია და არ იქნებით და არ გექნებათო, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, რადგან "ტუპოი ქართველები" ვერ ვიქნებოდით და ვერ გავახარებდით რუს მაყურებელს, მივატოვეთ ნახევარფინალი და წამოვედით.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე