ბუბა კიკაბიძე: "ჩემი ნათესავი იყო ლაშა მახარაძე და საშინლად განვიცდი ამ ამბავს" - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძე: "ჩემი ნათესავი იყო ლაშა მახარაძე და საშინლად განვიცდი ამ ამბავს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ამ კუთხით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას ბუბა კიკაბიძე გამოეხმაურა...

- კრიმინოგენური ვითარება სტაბილური კი არა საგანგაშოა! თუ დროზე "ყბა არ მოუჭირეს" მაგრად, კიდევ უფრო გაიზრდება, ეს საშინელებები რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ძალიან დაუცველები ვართ, მეტი რაღა უნდა იყოს?! სერიოზულად მისახედია ქვეყანა! ჩვენები თუ ასეთ სისაძაგლეს ჩაიდენდნენ, ვის წარმოედგინა!?.. დღეს გავიგე, ფეხმძიმე ქალბატონს ბენზინი გადაასხეს და წვავდნენო, მაგრამ ეტყობა, ჭორია, ასეთი რამ როგორ შეიძლება მართალი იყოს?!

- სამწუხაროდ სიმართლეა...

- ქართველმა თუ აიწყვიტა და ასეთი საშინელებები დაიწყო, მერე "ტორმუზი" აღარ არსებობს! საშინელება ხდება კაცო! მთავრობიდან რომ იძახიან გაბუქებულია, არაფერიც არ ხდებაო, რა არის გაბუქებული? - იყო ცოცხალი აგერ ახალგაზრდა ბიჭი და აღარ არის და ეს არის გაბუქვა?! ჯერ ერთი, რატომ არავინ გვეუბნება ვინ არის ლაშა აბაშიძის მკვლელი?  მე ენა აღარ მიბრუნდება, ისეთ დღეში ვარ! ჩემი ნათესავია ლაშა მახარაძე და ძალიან განვიცდი ამ ამბავს! ერთი წლის წინ მაგის ძმა, რძალი და ბავშვი ავარიაში დაიღუპენ. ლაშას დედა ამბობდა, ლაშა ცოლს მოიყვანს, შვილები ეყოლებაო და ამას შეჩერებოდა ერთადერთ იმედად. მათი წლისთავიდან ორი დღის თავზე ეს ბიჭიც მოკლეს. ასეთი საშინელი სიტუაციია დღეს. რა ხდება ქვეყანაში? - ჯანდაბა, აბა მეტი რა დავარქვათ?!

- არ აპირებთ ჩაერიოთ?

- ჩავერევით, აბა რა! თუმცა რა აზრი აქვს?! მე ამ მთავრობისთვის ავტორიტეტი არ ვარ ეტყობა.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)