გურამ ფირცხალავა: "რუსეთმა ბევრჯერ გადაგვარჩინა და ამას ვერ დავუკარგავთ!" - კვირის პალიტრა

გურამ ფირცხალავა: "რუსეთმა ბევრჯერ გადაგვარჩინა და ამას ვერ დავუკარგავთ!"

რუსი ჟურნალისტი, რადიოსადგურ "Говорит Москва"-ს მთავარი რედაქტორი სერგეი დორენკო ვლადიმირ პოზნერთან გადაცემაში ამბობს, რომ საქართველო რუსეთის მშვენებაა და რომ ქართველები "დიდი, მხიარული ბავშვები არიან, რომლებიც სადღეგრძელოებისთვის არიან გაჩენილი". მისი თქმით, საქართველოს აქვს შანსი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ერთი პირობით - შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. "ჩვენ მხოლოდ აღმოსავლეთ კახეთისა და სამეგრელოს გათავისუფლება დაგვჭირდება და სულ ეგაა...", - ამბობს დორენკო, ხოლო პოზნერის შეკითხვაზე - "ჯარები უნდა შევიყვანოთ და ეგრე, ხომ?"; "ჰო, დაახლოებით ასე...". "საქართველო რუსეთის მშვენებაა, მაგრამ ნახეთ, ახლა რა დღეში არიან, მათკენ გახედვაც კი არ მოგინდება, საცოდავებისკენ...", - ამბობს დორენკო, რასაც პოზნერიც ნაწილობრივ ეთანხმება: "იცით, ვიყავი იქ ერთი წლის წინ და ნამდვილად, ეს ის არ არის, რაც იყო, მაგრამ..."… ამ ფაქტს ცნობილი მსახიობი გურამ ფირცხალავა ასე ეხმიანება:

- საქართველო რუსეთის კი არა, მსოფლიოს მშვენებაა. ამისთანა ქვეყანა არ არსებობს და მაგ სიტყვებით ნუ მეფერება. რაც შეეხება შემოთავაზებას აფხაზეთზე და ოსეთზე, მანდ დასაფიქრებელია. აფხაზეთი და ოსეთი იმდენად მტკივა, აღარ ვიცი, რაზე არ დავთანხმდები, ოღონდაც დავიბრუნოთ...

- რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზეც დათანხმდებით?

- ახლა ძალიან გულში მომხვდა ეგ სიტყვები! აფხაზეთს და სამაჩაბლოს თუ საბოლოოდ დავკარგავთ, ნახევარი საქართველოც დაკარგულია. ჯერ დაგვიბრუნოს რუსეთმა და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ! ვნახოთ, როგორ ჭკვიანურად მოგვარდება დიპლომატიური ურთიერთობები. ყველაფერი მოსალოდნელია ჩემო კარგო ამ ქვეყანაზე! ისე რომ უთქვამთ, იქეთ გახედვა აღარ მოგინდებაო, ნაციონალები რომ გვყავდა სათავეში, ისეთი დეგენერატები იყვნენ, მართლა აღარავის უნდოდა აქეთ გამოხედვა...

- ანუ სერგეი დორენკოს ეთანხმებით?

- არა, რას ბრძანებთ! ეს არის ველური კაცის ლაპარაკი და ველური აზროვნება! ამდენი მიწა აქვთ და რაღა უნდათ! მაგრამ აღარც ევროპა გვაშენებს და აღარც ამერიკა გვხედავს. ამიტომ უნდა გადაწყვიტონ პოლიტიკოსებმა სწორად - ამერიკა გვშველის, ევროპა თუ რუსეთი. მე თუ მკითხავთ, ამერიკა და ევროპა ფეხებზე გვიკიდებენ, როცა გვიჭირს და თვალებს ჭყიტავენ მარტო! ასეთი მოძმე რად მინდა!?

- ისევ რუსეთი გირჩევნიათ?

- რუსეთმა ბევრჯერ გადაგვარჩინა და ამას ვერ დავუკარგავთ! ერთი "პიწკი" იმედი ვერ დავინახე დასავლეთისგან. გვაშაყირებენ, აბა ახლა მიგიღებთ ნატოში, აბა ახლა და ვართ ასე... ვაი მაგათ პატრონს, მაგათსას!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)