ბაიარ შაჰინი:"არასდროს მიგრძვნია მართლმადიდებლებისგან შეურაცხყოფა” - კვირის პალიტრა

ბაიარ შაჰინი:"არასდროს მიგრძვნია მართლმადიდებლებისგან შეურაცხყოფა”

რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში, მშენებარე მედრესეს კარიბჭეზე ღორის თავი ჩამოჰკიდეს. ამ ფაქტზე კომენტარი მომღერალ ბაიარ შაჰინს ვთხოვეთ:

- ცალსახაა, რომ ძალიან ცუდი ფაქტია. ამ ქმედებით არც მუსლიმებისთვის და არც ისლამისთვის არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა, ამით ჩვენს ურთიერთობას და მეგობრობას მიაყენეს შეურაცხყოფა.

- ეს ფაქტი მართლმადიდებლების და მუსულმანების სამომავლო ურთიერთობას შეუშლის ხელს?

- ალბათ არა. არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა და რა ზრახვით გააკეთა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტ მართლმადიდებლებსაც არ მოეწონებოდათ ეს ფაქტი. არაა გამორიცხული, ეს ვიღაც დებილს გაეკეთებინა და მას რა პასუხი უნდა მოსთხოვო?!

- ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ მართლმადიდებლებთან...

- დიახ და მათგან არასდროს მიგრძვნია შეურაცხყოფა კი არა, ერთი გადაკრული სიტყვაც კი. პირიქით, ისინი ყოველთვის ცდილობენ, რაიმე ფორმით პატივი მცენ და რადგან რამდენიმე მართლმადიდებელში მარტო ვარ, თავი დაჩაგრულად არ ვიგრძნო ხოლმე. ისინი მხოლოდ პატივისცემას გამოხატავენ მუსლიმების მიმართ. მათ იციან ურთიერთობა, პატივისცემა და მეგობრობა. ასეა მართლმადიდებლების უმრავლესობა და ვიღაცის ერთი ბრიყვული ქმედების გამო ჩვენ შორის შუღლი გამორიცხულია.

- მას, ვინც ეს გააკეთა, რა პასუხი უნდა გავცეთ?

- დარწმუნებული ვარ, ამის გამკეთებელს ნამდვილი ქართველები და ნამდვილი მართლმადიდებლები საკადრის პასუხს გასცემენ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)