"დავიჯერო, დათო მაღრაძეს მიცნობთ მხოლოდ როგორც მარგველაშვილის მხარდამჭერს?" - კვირის პალიტრა

"დავიჯერო, დათო მაღრაძეს მიცნობთ მხოლოდ როგორც მარგველაშვილის მხარდამჭერს?"

ვის "ეკუთვნოდა" ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე წასვლა - პრეზიდენტსა თუ პრემიერს, ბოლო დღეების ერთ-ერთი უმთავრეს თემად იქცა. ორივე მხარე ჯიუტად მიიჩნევდა, რომ წასვლის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი წარმოადგენს. ამ თემაზე კომენტარი პოეტ დავით მაღრაძეს ვთხოვეთ:

- ბოლო ათი დღეა, ქართული ჟურნალისტიკა არკვევს, ვინ წავა გაეროში მარგველაშვილი თუ ღარიბაშვილი. მანამდე ქართული ტელევიზიები კამერებით და მიკროფონებით დასდევდნენ სააკაშვილის გამონაცვალ საცვლებს. არ მაინტერესებს ეს ყველაფერი და არც პრეზიდენტის ვოიაჟებია ჩემი ინტერესის საგანი. ფიროსმანს დავესესხები და მისი სიტყვებით გეტყვით: "მე რაც მაინტერესებს თქვენ იმაზე არა ლაპარაკობთ და რაც მე არ მაინტერესებს, იმაზე მე არ მინდა ლაპარაკი". სიმართლე გითხრათ მე ძალიან მაწუხებს, რომ ქართულ ჟურნალისტიკაში ასეთი თემებია უმთავრესი ამბავი.

- საპრეზიდენტო არჩევნების დროს თქვენ იყავით მარგველაშვილის აქტიური მხარდამჭერი...

- დავიჯერო, სხვა კუთხით არ გახსოვართ და დათო მაღრაძეს მხოლოდ როგორც მარგველაშვილის მხარდამჭერს მიცნობთ?! პროცესში, რასაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა, ვიბრძოდი. რეჟიმი დამარცხდა და ახლა მე რაში მაინტერესებს, მარგველაშვილი როდის წავა და უსუფაშვილი როდის ჩამოვა.

- ანუ თქვენთვის მეორეხარისხოვანია, ვინ წავა ნიუ-იორკში ღარიბაშვილი თუ მარგველაშვილი...

- არათუ მეორეხარისხოვანია, საერთოდ ხარისხიც არა აქვს ჩემთვის ამ ამბავს.

- ბიძინა ივანიშვილი თავის ინტერვიუში აკრიტიკებს გიორგი მარგველაშვილს. ექსპერტების შეფასებით კი...

- ქართველი ექსპერტები ეს კიდევ ცალკე თემაა. საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საყველაფრო აქვთ დამთავრებული და ძალიან რთულია მათ დასკვნებზე მსჯელობა.

- ყველა საერთაშორისო ფორუმის წინ იწყება მსჯელობა ვინ წავა იქ, პრეზიდენტი თუ პრემიერი. ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს?

- იცით, რატომ ხდება ასე, ჩვენს ქვეყანაში მეტი არაფერი აინტერესებს ხალხს. როგორც კი ჩვენს საზოგადოებას უფრო მაღალი შინაარსის თემები დააინტერესებს, ეს საკითხიც ავტომატურად გაქრება. საზოგადოება როდესაც ერთი საფეხურით მაღლა აიწევს, ეს პრობლემები ავტომატურად გაქრება. უმბერტო ეკო ერთგან ამბობს: "მე იმას კი არ ვწერ რაც ხალხს უნდა, მე ვწერ იმას რაც ხალხს მინდა, რომ უნდოდესო".

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)