ბიძინა ივანიშვილი - შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი - შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი

მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ივანიშვილი ამბობს, "ძალიან ხშირად შეეხება" ამ თემას და მედიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდ დროს დაუთმობს.

"ძალიან ხშირად მიმიღია საყვედური, რომ ვბედავდი და მედიას ვსაყვედურობდი, მაგრამ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. მედიაში მომუშავე ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები - საზოგადოების წევრები და ისინიც უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსა და, თუ გნებავთ, კრიტიკას. როგორც ჩემ დროს, როცა ვახერხებდი კრიტიკული აზრი გამომეთქვა, ისე დღეს, თუკი დღევანდელი მთავრობიდან ამას ვინმე მოახერხებს, მიდის საშინელი აჟიოტაჟი, რომ ხდება მედიაზე ძალადობა და ა.შ. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედია თავისუფალი იყოს ხელისუფლებისგან (რადგან ყველაზე მეტად საშიშია, თუ ხელისუფლება ერევა და ძალადობს მედიაზე), მაგრამ ის, რომ ამ თემას ტაბუ დაადო - მედიას არ შეეხო და არ გააკრიტიკო, ეს ვერ მოხდება. მე ძალიან ხშირად შევეხები ამ თემას - ახლავე ვაფრთხილებ ჟურნალისტებს, შეიძლება სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა იმის ანალიზს, როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები, თუ ჟურნალისტები. მე ამას არ მოვერიდები. ეს განწყობა ახლავე მიიღონ და შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი, არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, მათაც შეიძლება შეეშალოთ და იმ სურათს ნუ დახატავენ, რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომ არის პოლიტიკურად დევნილი", - აცხადებს ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, მთავრობის წევრის მხრიდან მედიის მისამართით კრიტიკის გამოთქმა "მის სიძლიერედ შეიძლება ჩავთვალოთ".

"ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც არ უნდა მსახურობდეს და რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს, უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება. თუ ამას ბედავენ და ამ დროს მედიის თავისუფლებას თავს ვერავინ ესხმის, ეს არის იდეალური - თუ ამას მთავრობის წევრი ბედავს და ამავდროულად, არანაირი ნიშანი არაა, რომ მან შეიძლება მედიაზე ზეწოლა მოახდინოს ან მოახდინა, იდეალურია. ე.ი მას სუფთა ზურგი აქვს. ეს მის სიძლიერედ შეიძლება ჩავთვალოთ. ის იწვევს მედიას და უპასუხონ. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედიასაშულებებს მთავრობის რომელიმე წევრის პასუხის უფლება არ აქვთ", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თუ მედიას ტაბუ დაედო, ეს ყველაზე დიდი უბედურების მომტანი იქნება.

"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ მედია გახდეს უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და მასზე მსჯელობა აიკრძალა, ვერ გავბედეთ, კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვათ, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა – კრიტიკა არ სურდა ამ კაცს, მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და მივიღეთ შედეგი, კატასრტოფისკენ მიყავდა ჩვენი ქვეყანა", - განმარტავს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" 15 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება. ინტერვიუს სრული ვერსია ასევე 15 სექტემბერს, ორშაბათს, 19:30 საათზე იხილეთ "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიო ვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.