ბიძინა ივანიშვილი: "არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი: "არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს" (ექსკლუზივი)

ამონარიდი ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუდან:

- საინტერესოა, მთავრობაში საკადრო ცვლილებებამდე, პრემიერმა ღარიბაშვილმა რჩევა თუ გკითხათ?

- სამთავრობო ცვლილებებამდე ღარიბაშვილმა მკითხა აზრი. თუმცა, მე არ დავინტერესდი და არ მითქვამს, კონკრეტულად ასე ან ისე გააკეთეო. ჩემი დამოკიდებულება დღესაც ისეთივეა, როგორიც ადრე იყო - როდესაც მე ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი გადავაბარე, მისთვის არანაირი პირობები არ წამიყენებია. იგივე ვუთხარი ღარიბაშვილს ახლაც - დღეს ის არის პრემიერი და თუ ხედავს სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას, შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ისიც ვუთხარი, რომ თუ კონკრეტულ მინისტრზე ან სამინისტროზე მკითხავს, მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, თუმცა, რაც ნაკლებს შემეკითხები, მით უფრო უკეთესია ჩემთვის-მეთქი. ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევს, მაგალითად, ის, თუ ვინ იქნება კულტურის მინისტრი. თუმცა, ჩემთვის რამდენიმე საკვანძო სამინისტრო უფრო საინტერესოა (მაგალითად, ჯანდაცვის, შსს და ა.შ.), იგივე შს მინისტრი დანიშნა ღარიბაშვილმა, ეს აბსოლუტურად მისი არჩევანი იყო და მე ამ კაცს (ჭიკაიძეს) არ ვიცნობდი. ისე, მივიჩნევ, რომ ნორმალური არჩევანი იყო. ვიმეორებ - ჩემთვის მთავარია კურსი და დამოკიდებულება, რომელიც აქვს პოლიტიკურ გუნდს კოალიციის სახით.

თუ ვერ გაამართლებს რომელიმე მინისტრი, პრემიერს აქვს უფლება, ის ისევ გამოცვალოს, თუმცა, ალბათ, სჯობს, ასეთი ცვლილებების საჭიროება ხშირად არ დადგეს. მთავარია, პრემიერმა, ანუ პოლიტიკურმა ლიდერმა, პოზიცია არ შეიცვალოს, რასაც არც ველოდები - დინჯი, კახელი კაცია და პოზიციებს ხშირად არ იცვლის ხოლმე.

მირჩევნია, ქვეყნის 15-20-წლიანი განვითარების პერსპექტივასა და ეკონომიკაზე ვიფიქრო (რაზეც ვხარჯავ ჩემს ძირითად დროს) და არა იმაზე, ღარიბაშვილი რომელ მინისტრს ვისით ჩაანაცვლებს. ყველა მინისტრი ღარიბაშვილმა შეარჩია, ერთადერთი, რაშიც დახმარება მთხოვა, კულტურის მინისტრის კანდიდატურა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ დავეხმარე - ლამის მთელი საქართველო მოვსინჯეთ, თუმცა, მინისტრის კანდიდატურა საბოლოოდ ისევ ღარიბაშვილმა შეარჩია.

- სხვათა შორის, საზოგადოების ნაწილი პრემიერს ზოგიერთ საკადრო გადაწყვეტილებას უწუნებს. ერთ-ერთი მათგანია ალექსანდრე ჭიკაიძის შს მინისტრად დანიშვნა. მიიჩნევენ, რომ საკმაოდ სუსტი მინისტრია და უფრო მეტად პროფესიონალი ან თუნდაც პოლიტიკური ფიგურა უნდა დაენიშნათ მის ადგილას.

- მე არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს. მე მომისმენია მისი გამონათქვამები. მეც მირჩევნია, რომ უკეთესი ორატორი ვიყო და მშვენივრად ვიცი, რომ აქამდე ბევრი მიკლია. შეიძლებოდა, ვთქვათ, უკეთესი ქართული მცოდნოდა, საუბედუროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუმცა, რაღაც მოვახერხე პოლიტიკაში. მე იმით უნდა შევფასებულიყავი, რასაც ვაკეთებდი. ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში კნოპიანი დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო.

მე ჭიკაიძეს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვიცნობ და ჩემი შერჩეული კადრი არ არის, მაგრამ ის უნდა დახასიათდეს შსს-ს მუშაობით და თუ გნებავთ, საკუთარი წარსულით. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რაღაც საშინელება ხდება, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია. გახსოვთ, ადრე, "ნაციონალური მოძრაობის"“ მმართველობისას, პოლიცია იყო ყველაზე საშიში ჩვენს საზოგადოებაში.

ასევე იხილეთ - ბიძინა ივანიშვილი: "სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?!" (ექსკლუზივი)

"ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო" (ექსკლუზივი)

იხ. ინტერვიუს სრული ვერსია - "გპირდებით, უფრო აქტიური ვიქნები"

იხილეთ ინტერვიუს ვიდეო ვერსია palitratv.ge-ზე