"მინდა პოლიტიკოსი გავხდე და სტალინის იდეები გავაცოცხლო" - ახალგაზრდა "სტალინელი", რომლის სურვილი დიქტატორობაა - კვირის პალიტრა

"მინდა პოლიტიკოსი გავხდე და სტალინის იდეები გავაცოცხლო" - ახალგაზრდა "სტალინელი", რომლის სურვილი დიქტატორობაა

"იდეურ მოწინააღმდეგეს სიტყვიერად გავაფრთხილებ, თუ არ გაჭრა, დავაპატიმრებ და შემდეგ ალბათ სიკვდილითაც დავსჯი, თუ მისმა თანამებრძოლებმა იგივე გააგრძელეს მათაც იგივე განაჩენს გამოვუტან"

სტალინის კულტი საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ კიდევ დიდხანს იცოცხლებს. სტალინის თაყვანისმცემელთა უმეტესობა იმ თაობის ხალხია, ვინც უშუალოდ მოესწრო მის მმართველობას ან მშობლებისგან გაუგიათ მის შესახებ. ჩვენი რესპოდენტი 15 წლის ცოტა ხნის წინ გახდა, მისი ოცნება პოლიტიკოსობაა, რათა შემდეგ სტალინის იდეები გააცოცხლოს. მისთვის ყველაფერი სტალინთან ასოცირდება. (გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, რესპოდენტის სახელი და გვარი შეცვლილია)

სოსო ჯორჯაძე:

- სტალინით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ჩემი დიდი ბაბუის ოთახში სტალინის დიდი სურათი ვნახე. დავიწყე სტალინზე ინფორმაციის მოძიება და გავიგე, რომ ეს ადამიანი იყო გენიოსი, უბრალო მეწაღის შვილმა ამდენს მიაღწია და ეს მის გენიალურობაზე მეტყველებს. ჩემს ინტერესს იმანაც შეუწყო ხელი რომ სტალინი ქართველი იყო და მეამაყება, რომ ქართველმა ამდენს მიაღწია. როდესაც მის გამოსვლებს ვუსმენ, სულ ვგრძნობ, რომ რუსულადაც კი ქართული აქცენტით საუბრობს და მიხარია.

- ქართველების უმეტესობას რუსულად საუბრისას ქართული აქცენტი ექნება და ეს ბუნებრივია...

- არა, მარტო აქცენტის გამო არ შემყვარებია. მან ნულიდან დაიწყო და საოცარ მასშტაბებს მიაღწია. დევნიდნენ, ბევრი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და მიაღწია ამდენს. ის მართავდა საბჭოთა კავშირს, ამიტომ წინა პლანზე თავის ქართველობას ვერ წამოწევდა, თვითონაც აქვს ნათქვამი, მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსმა ერმა გამზარდაო.

მე არ ვამბობ, რომ სტალინი ყველაფერს კარგს აკეთებდა, მას ზოგჯერ ეშლებოდა კიდეც, მას ცუდიც გაუკეთებია, მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირში ვიყავით და რომ არა სტალინი, შესაძლოა, საქართველო კიდევ უფრო განუვითარებელი ყოფილიყო.

- თუმცა მაშინ ადამიანები გამუდმებით შიშში და ტერორში ცხოვრობდნენ..

- ამას სტალინი იმიტომ აკეთებდა, რომ ეშინოდა, ვინმეს შეთქმულება არ წამოეწყო. 37 წლის რეპრესიების დროს შეიძლება, ბევრი უდანაშაულო დაიღუპა, მაგრამ სტალინი ამას აკეთებდა იმისთვის, რომ მას არ ჰყოლოდა შიდა მტერი, რომელსაც ბევრი იმპერია დაუნგრევია.

- შიდა მტრებთან ბრძოლა ამართლებს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის მოკვლას?

- რეპრესიების დროს ბევრი გარემოება იყო. მაგ. ლავრენტი ბერია პირადი შურისძიებისთვის იყენებდა რეპრესიებს და ოპონენტებს ხოცავდა. მათ შორის ინტელიგენციის წარმომადგენლებსაც. სხვათაშორის, სწორედ ამ ინტელიგენციიდან მოდიოდა ყველაზე დიდი საფრთხე, რადგან ინტელიგენტს ბევრი ხალხი დაუჯერებდა, ადვილად შემოიკრებდა ხალხს და შესაძლოა, ქვეყნისთვის საფრთხეც შეექმნათ. სწორედ ამიტომ იყო მათი მოშორება საჭირო.

- ჰოლოდომორი, რომელიც საბჭოთა კავშირის ისტორიის ერთ-ერთი შავი ლაქაა. ამ დროს უკრანაში შიმშილის გამო მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ხორბალს სახელმწიფო სტალინის ბრძანებით ყიდდა, რატომ გაწირა ბელადმა ამდენი ხალხი თუ ესეც არ იცოდა?

- არა, ეს დარწმუნებული ვარ, რომ იცოდა. ეს იყო სტალინის ერთ-ერთი შეცდომა.

- შეცდომა, რომელსაც მილიონზე მეტი ემსხვერპლა.

- დიახ, მაგრამ ამხელა იმპერიას უმსხვერპლოდ ვერ ააშენებ და ეს სტალინის ყველა ნაბიჯს მეტ-ნაკლებად ამართლებს. ის შეცდომებს უშვებდა, მაგრამ მერე ისევ თვითონვე გამოასწორებდა ხოლმე.

- შენ რომ ხელისუფლებაში იყო დიქტატორი იქნებოდი?

- არა მგონია, მე ჯერ იმხელა განათლება მქონდეს, რომ დიქტატორობა შევძლო, მაგრამ ვთვლი, რომ 1-2 ადამიანის სამაგალითოდ დასჯა საჭიროა.

- ახლა ხარ 15 წლის, დარწმუნებული ვარ 40 წლის ასაკში იქნები განათლებული, მაშინ გენდომება დიქტატორობა და შენს იდეურ მოწინააღმდეგეებს დახვრეტ?

- ჩემი ოცნებაა გავხდე პოლიტიკოსი და სტალინის იდეები გავაცოცხლო. იდეურ მოწინააღმდეგეს სიტყვიერად გავაფრთხილებ, თუ არ გაჭრა, დავაპატიმრებ და შემდეგ ალბათ სიკვდილითაც დავსჯი, თუ მისმა თანამებრძოლებმა იგივე გააგრძელეს, მათაც იგივე განაჩენს გამოვუტან, რათა ქვეყნის შიგნით არეულობა გამოვრიცხო, რადაგნ ეს იქნება მოწინააღმდეგისთვის სამაგალითო. თუმცა ასეთ უკიდურეს ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადავდგამ, როდესაც მივხვდები, რომ სხვა შემთხვევაში ჩემი საქმე წასულია.

- ყველა პირობა რომ გქონდეს ტირანი დიქტატორი იქნებოდი?

- რა თქმა უნდა, დიქტატორობა მინდა, მაგრამ მინდა, ჩემი მართველობა ქვეყნის მშენებლობისკენ მივმართო.

- რამდენადაც ვიცი, ძირითადად სტალინზე დაწერილ წიგნებს კითხულობ. ასტრიდ ლინდგრენი წაგიკითხავს?

- არაა. ძირითადად მხოლოდ სტალინზე დაწერილი წიგნები მიტაცებს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)