"აფეთქებას ომი მოყვება. იქნება სროლა. იქნება მსხვერპლი" - დეფი პოლიტიკურ ქაოსს წინასწარმეტყველებს - კვირის პალიტრა

"აფეთქებას ომი მოყვება. იქნება სროლა. იქნება მსხვერპლი" - დეფი პოლიტიკურ ქაოსს წინასწარმეტყველებს

"ამ ყველაფრის სათავე მანკიერი სამკუთხედია: ივანიშვილი-მარგველაშვილი-ღარიბაშვილი "

"ევრაზიული კავშირი" და საერთოდ მთელი "მეხუთე კოლონა" – ე.წ. ეკლესია, ე.წ. ინტელიგენცია, ე.წ. ინტელექტუალები თუ არტისტები და ა.შ. საზოგადოებრივ მოძრაობას წამოიწყებენ და რუსეთს საქართველოს გადარჩენის დახმარებით მიმართავენ"

"ის, რომ პროკურატურა ექს-პრეზიდენტის ტანისამოსს დასდევს, მდაბიობაა"

ცოტა ხნის წინ პროკურატურამ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო. რით იყო მათი ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი და ზოგადად როგორ შეიძლება შეფასდეს, ეს ნაბიჯი ამაზე კომენტარი პოეტ დავით-დეფი გოგიბედაშვილს ვთხოვეთ:

- პროკურატურის ეს გადაწყვეტილება პუტინით იყო ნაკარნახევი. რაც შეეხება იმას, რომ პროკურატურა ექს-პრეზიდენტის ტანისამოსს დასდევს, მდაბიობაა.

- შესაძლებელია თუ არა რომ სააკაშვილი დააპატიმრონ?

- ეს არ მოხდება. არ უნდა მოხდეს. საერთოდ სისულელედ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს ის დანაშაული ჩაედინა, რაც მას ბრალდება.

- თითქმის ყველა ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის დაბრუნდება, რამდენად შესაძლებელი გგონიათ?

- თავისუფალი ქვეყნის რუსი ოლიგარქის საკუთრებად გადაქცევა დანაშაულია. დანაშაულია მომავალი თაობის წინაშე. ისტორიის წინაშე. გამოცხადებული და წარუმატებელი პროექტი, სახელწოდებით "სამართლიანობის აღდგენა" ჩავარდა და მალე საერთოდ დამთავრდება, მაგრამ სტარტს ახალი, უფრო გამძვინვარებული და ასევე წარუმატებელი პროექტი აიღებს, სამუშაო სახელით "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთა".

რეპრესიები გაგრძელდება და უფრო მეტ ადამიანს შეეხება. ხელისუფლების უვიცობის, არაორგანიზებულობისა და კომპლექსების გამო, გამაოგნებელი არაკომპეტენტურობის გამო, პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკურ ქაოსში გადაიზრდება. პოლიტიკური ქაოსი ეკონომიკურ ქაოსს გააძლიერებს. დაიწყება დიდი საპროტესტო აქციები. ისედაც დაქსაქსული და უპრინციპო საზოგადოება კიდევ უფრო ბევრ ნაწილად დაიყოფა, მაგრამ ყველაზე მძაფრად, ერთმანეთს პროდასავლური და პრორუსული მომავლის მომხრეები დაუპირისპირდებიან. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მიშას ხელისუფლებაში დაბრუნებისა და მიშას დაპატიმრების მომხრეები. რაც უფრო რეალური გახდება ხელისუფლებაში მიშას დაბრუნება, რუსეთი მით უფრო გათავხედდება. ჯავახეთში სეპარატისტული ტალღა იფეთქებს. იგივე მოხდება პანკისშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, აჭარაშიც. აფეთქებას ომი მოყვება. გნებავთ ომი პირდაპირი გაგებით, გნებავთ ენერგეტიკული ომი, თავისი ემბარგოთი. "ევრაზიული კავშირი" და საერთოდ მთელი "მეხუთე კოლონა" – ე.წ. ეკლესია, ე.წ. ინტელიგენცია, ე.წ. ინტელექტუალები თუ არტისტები და ა.შ. საზოგადოებრივ მოძრაობას წამოიწყებენ და რუსეთს საქართველოს გადარჩენის დახმარებით მიმართავენ. პროდასავლური და პატრიოტული ძალა, მათ წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ მიტინგებს არეულობა მოყვება. იქნება სროლა. იქნება მსხვერპლი. ბევრი ჩვენგანი ქვეყანას დატოვებს. მოხდება სახელმწიფო გადატრიალება და კრემლი, ღია პრორუსულ პოლიტიკოსს, ქეი ჯი ბის აგენტს, საქართველოს ხელისუფლებაში ისევ მოიყვანს.

ესაა თავისუფალი სახელმწიფოს მკვლელობა. საქართველოს მკვდრეთით აღსადგომად ახალი თაობა ახალ რევოლუციას მოიტანს, მაგრამ ის აღარ იქნება ჩვენი თაობის "ვარდების რევოლუცია". ის ბევრად მტკივნეული იქნება მათთვის და მათი შემდეგი თაობისთვისაც. გამოსავალი : – სიახLOVE ერთმანეთთან და განათლება. სხვა არაფერი.

- როგორ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილი ერევა დღევანდელი ხელისუფლების მუშაობაში?

- ცხადია, ერევა.

- ბევრი წერს, რომ ქვეყანაში გაუარსებულია კრიმინალური სიტუაცია. ეთანხმებით თუ არა ამას და თუ კი, რაში ხედავთ გამოსავალს?

- ახლა საქართველოს დაკომპლექსებული უვიცები მართავენ. დასაწყისისთვის საჭიროა შსს მინისტრის შეცვლა, მაგრამ შედეგს ასე მაინც ვერ მივიღებთ. ეს მანკიერი სამკუთხედი: ივანიშვილი-მარგველაშვილი-ღარიბაშვილი ამ ყველაფრის სათავეა. მაშ ასე, დრამა გათამაშდა. ეროვნული ლიბიდო და ყველა კომპლექსი, მანქანის ნომრებში დაკმაყოფილდა. მიშა დევნილია, "მისი ქონება" დაყადაღებული. რეგვენი ადამიანი კი ისევ ისე ადვილად იჯერებს ტყუილს, ჭორს და ცილისწამებას. სიბნელე და რეგვენობა, რომ არა, ამ ეროვნულ გარყვნილებას - ცილისწამებას, ამხელა ძალა არ ექნებოდა ჩვენში. მატლი საუკეთესო ხილს ირჩევს, ასევე იქცევა ცილისმწამებელიც. ის ღირსეულ პიროვნებას ესხმის თავს. საბედნიეროდ არსებობს ცილისწამებაზე უფრო დიდი იარაღი - სიმართლე ... და არ არსებობს საიდუმლო, რომ არ გაცხადდეს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)