"ბურჯანაძის და ივანიშვილის "შნირები" ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ" - კვირის პალიტრა

"ბურჯანაძის და ივანიშვილის "შნირები" ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ"

"თავისუფალი ზონა" დაკომპლექტებულია ბაჩო ახალაიას ნაძირალა ლეკვი ზონდერებით"

"თავისუფალი თაობის" წევრები ჩვეულებრივი მალიარები არიან"

დღეს "თავისუფალი ზონის" ოფისთან, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ "თავიუსფალი თაობა" აქცია მოაწყო. აქციის ორგანიზატორები, "თავისუფალ ზონას" ქვეყნის ღალატში დებენ ბრალს. აქციაზე "თავისუფალი თაობის" რამდენიმე მხარდამჭერი დააპატიმრეს. ჩვენ დავუკავშირდით "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთ ლიდერს ფარნაოზ ჭკადუას და კომენტარი ვთხოვეთ:

- სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ გვაინტერესებს, ბურჯანაძე-ივანიშვილის მოგზავნილი "ტიტუშკები" რას გააკეთებენ, ჩვენ არანაირ პროვოკაციას არ წამოვეგებით. "თავისუფალი ზონა" ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კოლაბორაციონისტი მთავრობის წინააღმდეგ. ბურჯანაძის და ივანიშვილის "შნირები" ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ. ესენი არიან ქუჩის ხულიგნები და ქუჩის ხულიგნებთან არანაირი ფორმით არ ვაპირებთ ურთიერთობას. ამ "თავისუფალმა თაობამ" ჭიკაიძის მესიჯებზე გააკეთა ეს აქცია. მინისტრმა რაღაცეები იბოდიალა, თითქოს ჩვენ ვქმნით 500 კაციან რაზმებს, რაც არის სრული სისულელე. სამაგიეროდ 2 კვირაში თვითონ შექმნეს ეს რაზმი და ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას.

- ლადო სადღობელაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში "თავისუფალი ზონა" დესტრუქციაში და ქვეყნისთვის სახიფაოთო პროვოკაციების მოწყობაში დაგადანაშაულათ...

- პუტინის გინება თუ ქვეყნისთვის სახიფათო ქმედებაა, ვერაფერს გეტყვით. ჩვენ დაგვიჭირეს იმ პლაკატის გამო სადაც გვეწერა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ბურჯანაძის დამქაშებისთვის შეიძლება ეს პლაკატი მართლაც ქვეყნის ღალატია.

- აქციაზე პოლიციის ქმედებას როგორ შეფასებდით?

- "თავისუფალი თაობა" და პოლიცია ერთად და ორგანიზებულად მოვიდნენ. საღებავები ისროლეს ჩვენს მიმართ, მაგრამ სანამ უშუალოდ პოლიციელს არ მოარტყეს კვერცხები, მანამდე პოლიცია ხელსაც არ ანძრევდა. ესენი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ საღებავების სროლას. "თავისუფალი თაობის" წევრები ჩვეულებრივი მალიარები არიან. გაეროში პრემიერის ვიზიტს დაამთხვიეს დღევანდელი ბინძური პორვოკაცია და მგონი ამით ყველაფერია ნათქვამი.

ამავე თემაზე კომენტარი "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთ ლიდერს ანი დარსალიას ვთხოვეთ:

- ჩვენ შევიკრიბეთ "ნაციონალური მოძრაობის" და მათი სატელიტი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რადგან არსებობს საფუძვლიან ეჭვი და ეს თვითონ შსს მინისტრმაც განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან არსებული რამდენიმე ბანდფორმირება ემზადებიან სახელმწიფო გადატრიალებისათვის. ის ახალგაზრდები, ვინც გუშინ შევიკრიბეთ, ვართ 2012 წლის სტუდენტური აქციების ორგანიზატორები ანუ ის ხალხი, ვინც იბრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და ჩვენ, ჩვენი ძალის მხოლოდ 5% ვანახეთ. ჩვენი მოვითხოვეთ რომ გაუქმდეს "თავისუფალი ზონა", რომელიც დაკომპლექტებულია ბაჩო ახალაიას ნაძირალა ლეკვი ზონდერებით, თუ ეს ორგანიზაცია არ გაუქმდება, ჩვენ მოვაწყობთ მასობრივ საპროტეტსო აქციებს. თუ "თავისუფალი ზონა" თვითლიკვიდაციას არ გამოაცხადებს, ჩვენ არაფერზე არ დავიხევთ უკან და ჩვენ მივუჩენთ საკადრის ადგილს. მათ არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყანაში შიდა ვითარება დაძაბონ. აქციაზე დააკავეს ჩვენი 9 წევრი, აგრეთვე 3 ლიდერი, ჩვენ ახალგაზრდები, რომლებსაც გვაქვს სუფთა წარსული, ვიყავით აქციაზე, აბსოლუტურად სუფთა ხელებით მაინც დაგვაპატიმრეს, არადა პოლიცია უნდა იჭერდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც მოკლეს ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი და სხვ. ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ ჩვენი ქვეყნის მომავალი.

"თავისუფალი ზონა", რომლის მომხრეები არიან უმცირესობაში, იმუქრება, რომ "ნაციონალები" დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და ვინც მათ წინაღმდეგ იბრძოდა, ყველას სასტიკად გაუსწორდებიან, ნათქვამი აქვთ კიდეც, რომ ცოცხის ტარები იქნება ტკბილი მოგონება. ეს ხალხი ელოდება სააკაშვილის ბრძანებას, რომ დაიწყონ შიდა არეულობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე თქვენ გადაწყვიტეთ ვინაა დამნაშავე "თავისუფალი თაობა" თუ "თავისუფალი ზონა".

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)