"შესაძლოა, ეს იყოს "რეპეტიცია" შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ეს იყოს "რეპეტიცია" შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის"

შოტლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა. რეფენდუმის თანახმად, - შოტლანდიელთა 55 %-მა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი, - 45 -%-მა კი ხმა დამოუკიდებლობას მისცა... ამ დრომდე კამათის საგნად რჩება, ეს იყო "აურზაური არაფრის გამო" თუ მნიშვნელოვანი იყო შოტლანდიისთვის, მომხდარიყო ფასეულობების გააზრება; - რა უფრო მნიშვნელოვანია ამ ხალხისათვის; როგორია მათი ისტორიული მეხსიერება და ეკონომიკური ინტერესები;

მსოფლიო და მათ შორის ქართველი საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალს გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე მოვლენებს, ზოგმა ბრიტანეთის პროცესები 90-იანი წლების საქართველოში, ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს შეადარა...

ბექა ქირია, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი:

- 2014 წლის შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საკითხი, 2013 წლის ნოემბერში, შოტლანდიის პარლამენტში დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ წამოსწიეს. მაშინ ხალხის აზრი ორად გაიყო, - ერთი ნაწილიDდამოუკიდებლობას უჭერდა მხარს, მეორეს მიაჩნდა, რომ "ერთად უკეთესია". პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალი ასეთი იყო: - დამოუკიდებელი შოტლანდიის ვალუტა, საბიუჯეტო ხარჯები, ევროკავშირის წევრობა და ნავთობის მიღება... შოტლანდიელების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დინამიკაში კარგად ჩანს, რომ ბოლო რეფერენდუმი ფასეულობათა გადაფასება იყო. დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა. ცხადია, ბოლო რეფერენდუმი, შოტლანდიის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის პიკი არ ყოფილა, მაგრამ შესაძლოა, ეს იყოს "რეპეტიცია" შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის. A

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ის, რომ ეს რეფერენდუმი, ისტორიულად, დამოუკიდებლობის მომხრეთა საკმაოდ დიდი რაოდენობის ლეგიტიმური განაცხადი იყო. შოტლანდია და ინგლისი შუა საუკუნეებში დამოუკიდებელ სამეფოებად არსებობდნენ. ინტენსიური საომარი მოქმედებების შემდეგ, 1603 წელს, ისინი "პერსონალურ კავშირში" გაწევრდნენ. ეს იყო შეთანხმების ტიპი, სადაც ორ ქვეყანას ერთი და იმავე მონარქი ჰყავდა, მაგრამ საზღვრები, სამართალი და ინტერესები სხვადასხვა იყო. ეს კავშირი ფედერაციისგან განსხვავდებოდა... ჯერ კიდევ ამ დროიდან დაიწყო შოტლანდიელი ხალხის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, - 1988 წლის შოტლანდიის აქტით, შოტლანდიის ახალი პარლამენტი დაარსდა, რომელიც პირველად 1999 წელს აირჩიეს. 2007 წელს კი, ადგილობრივი "ნაციონალური პარტია", ამომრჩევლებს 2010 წელს შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ჰპირდებოდა, რამაც იმავე წელს, პარლამენტში ამავე პარტიის უმრავლესობით მოსვლა განაპირობა, ალექს სალმონდის მეთაურობით. მოგვანებით, გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც ცვლელების განხორციელების ოთხი სცენარი იყო განხილული, - პირველი სცენარი იყო - არაცვლილებებს, მეორე - "კალმანის ხედვით უფლებამოსილებების განაწილება", მესამე - უფლებამოსილებების გაზრდა და მეოთხე - სრული დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი, ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც იმ შედეგით დასრულდა, რაც ვიხილეთ, მაგრამ ეს შოტლანდიის დამოუკიდებლობის სწრაფვის დასასრულს არ ნიშნავს.

- საქართველო და დიდი ბრიტანეთი ორი სრულიად სხვადასხვა ისტორიული წარსულის, ფასეულობების მქონე სახელმწიფოა, რომელთაც განსხვავებული გარემო ფაქტორებში უწევდა არსებობა, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პარალელი გავლება შეიძლება 90-იანი საქართველოსთან, რომელმაც ორი უმნიშვნელოვანესი რეგიონი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაკარგა?

- მაშინდელი და ახლანდელი საქართველოს ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება შოტლანდიის მოდელისაგან და რეფერენდუმისგან, - აფხაზეთშიც ჩატარდა რეფერენდუმი 1991 წლის 31 მარტს... ამის მიუხედავად, ქართული მხარე, გამოსავლის პოვნის მიზნით, მაინც წავიდა დათმობაზე და 1991 წლის 9 ივლისს, აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი მივიღეთ. ამავე კანონის საფუძველზე ასსრ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაეთმო უმცირესობას... ასე რომ, აფხაზეთის საკითხის შოტლანდიის ჭრილში განხილვა, შეცდომა იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზეთი, როგორც ქართული ისტორიიდან ჩანს, საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. შოტლანდიისგან განსხვავავებით, რომელიც დამოუკიდებლობისთვის თითქმის მთელი მისი არსებობის განმავლობაში იბრძოდა, აფხაზეთს საქართველოში მსგავსი პრობლება არასდროს ჰქონია. თუ არ ჩავთლით იმას, რომ რუსეთი წლების განმავლობაში აფხაზების "ხელოვნურ-ძალადობრივ თვითგამორკვევას" ეწეოდა... მოგვიანებით, 2008 წლიდან, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ფარდა ახადა ამ საუკუნოვან მდგომარეობას და არსებულ მდგომარეობას რუსული ოკუპაცია უწოდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)