"ისეთები გავიგე რამდენიმე "ნაციონალზე", რომ თავს მოვაკვლევინებ, ფანჯრიდან გადმოხტებიან" - რეზო ამაშუკელი - კვირის პალიტრა

"ისეთები გავიგე რამდენიმე "ნაციონალზე", რომ თავს მოვაკვლევინებ, ფანჯრიდან გადმოხტებიან" - რეზო ამაშუკელი

ცოტა ხნის წინ ინტერნეტით პოეტ რეზო ამაშუკელის ფოტო-მონტაჟი გავრცელდა, სადაც ის ლგბტ ფერებში გამოწყობილი, მაშველ რგოლით ზღვაში ბანაობს. ჩვენ დავუკავშირდით ბატონ რეზოს და ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ:

- ყველას აქვს უფლება რაც უნდათ ის გააკეთოს, მაგრამ მე მაგათ ქცევებზე რეაქცია არა მაქვს. მე მაგათ არ მოვეშვები და ბოლომდე მივიყვან და "ნაციონალებს" დავასრულებ. ვისაც უნდა და რაც უნდა ის დადოს, ხალხმა ხო იცის, ვინ ვინაა და ეგაა მთავარი.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გებრძვიან?

- იმიტომ რომ მე ვაშაყირებ მაგათ და ცდილობენ, მეც იგივე გამიკეთონ, თქვენ წარმოიდგინეთ, რეაქცია მაგათაც აქვთ. მაგათ რომ არ გამაშაყირონ, ის უფრო მეწყინება, რადგან ვიფიქრებ, რომ არ მისმენენ და ჩემს ნათქვამზე რეაქცია არ აქვთ. ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ჩემი ნათქვამი ყოველთვის ხვდება "კოზლაში". მე ყველა მეუბნება, რომ ვარტყამ ათიანში, მე ტყუილად არავის არაფერს არ ვამსგავსებ. მაგათ რა შარჟიც არ უნდა გააკეთონ, ჩემზე ეგ საერთოდ არ იმოქმედებს, რადგან ჩვენ სხვადასხვა წონებში ვართ. რაში მაინტერესებს მაგათი ნაბიჭვარ-ხურუშიანი ხალხის გამოთქმები, მაგათ ურჩევნიათ საკუთარ დედებს და ცოლებს მიხედონ, ერთმანეთის ცოლებით რომ "გულაობენ". მაგათ რა უნდა მოსთხოვო საერთოდ.

- თქვენს გამოსვლებს ხალხი უსმენს, თქვენი მახვილი სიტყვა ჭრის და სწორედ ამიტომ ხომ არ ეშინიათ თქვენი და ამიტომ ხომ არ გებრძვიან?

- მე ისეთი ფაქტები გავიგე რამდენიმე "ნაციონალზე", რომ თავს მოვაკვლევინებ, ფანჯრიდან გადმოხტებიან, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვკადრულობ ამ ფაქტების გახმაურებას, ვინაიდან ზოგის მშობელს ვუფრთხილდები, რომ გული არ გაუსკდეს, თუმცა თუ ენის ტარტალი გააგრძელეს, მერე ჩემს მოთმინებასაც ამოეწურება საზღვარი. ეს ფაქტები იმდენად მძაფრია და ბინძური, თუ ვიტყვი, საქართველოშიც აღარ დაედგომებათ ადრესატებს. პატიოსნება, ქალიშვილობა და ზოგადად ღირებული ფასეულობები მაგათთვის არ არსებობს, სწორედ ამიტომ არიან ერთმანეთში ათქვეფილები. ნახეთ, რა ხდება ლიტერატურაში, რა წიგნებიც გამოდის, უმეტესობა გარყვნილი შინაარსისაა. მე ამ გამომცემლობებმა რა უნდა დამიშავონ? ხომ მივაჭყლიტავ კედელზე, მაგრამ ახალგაზრდობა ირყვნება ამით. ისეთ რაღაცეებს უწევენ პროპაგანდას, რომ სირცხვილია.

- თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს რამე სიახლე ხომ არ ელოდებათ უახლოეს მომავალში?

- ვინც ჩემს შემოქმედებას პატივს სცემს, მისთვის სიახლე იქნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს დარეკავენ და ვიღაც ეტყვის - რეზო ამაშუკელი გარდაიცვალაო, სხვა სიახლე მეეჭვება, რამე იყოს. გულწრფელად გეუბნებით ფასეულობები ისეა არეული, ვგიჟდები. ერთ-ერთ არხზე ვუყურებდი, ვიღაც შლიაპიანი ქალი ზის და სად გადმოყაროს ბაყვები და ძუძუები, აღარ იცის. ვერ ვხვდები სად ცხოვრობენ ეს უპატრონოები. აღარ უნდათ ეს ქართველობა და რა ვიცი, შეიძლება სწორიც არიან.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)