"ცოცხალ ტყვეებსა და გვამებზე გადაგვცვალეს..." - რუსი სეპარატისტების ტყვეობაში ნამყოფი ქართველის ნაამბობი - კვირის პალიტრა

"ცოცხალ ტყვეებსა და გვამებზე გადაგვცვალეს..." - რუსი სეპარატისტების ტყვეობაში ნამყოფი ქართველის ნაამბობი

"ლუგანსკში სკოლის შენობის ახლოს ვიყავით შეფარებული. დაბომბვისას, კონტუზია მივიღე და გონს რომ მოვედი, უკვე რუსების პოზიციაზე ვყავდით გადაყვანილი. - ნუ გეშინია, არ მოგკლავთო, - მითხრეს და წყალი დამალევინეს. რაღაც პოსტივით ჰქონდათ გაკეთებული და დაკითხვაზე იქ შემიყვანეს, - რა გვარი ხარო, - მკითხეს, - ვიცოდი, რომ უკრაინელი ტყვეების მიმართ არ გამოირჩევიან ისეთი სისასტიკით, როგორც სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ, ამიტომ სხვისი გვარი ვუთხარი. ეს სადაური გვარიაო, - უკრაინული-მეთქი, - გაიკვირვეს, მაგრამ დაიჯერეს" - ასე იგონებს რუსი სეპარატისტების ტყვეობის რამდენიმედღიან პერიოდს უკრაინაში მყოფი ქართველი მეომარი.

***

- დაკითხვაზე ცალ-ცალკე შეგვიყვანეს. თავის ტკივილისგან ისე ვიყავი გაბრუეებული, ის დღეები ფრაგმენტულად მახსოვს... ჩემს წინ, მაგიდასთან რუსი ოფიცერი იჯდა და მეკითხებოდა, - კონკრეტულად სად ვცხოვრობდი, ოჯახი მყავდა თუ არა. კიდევ რაღაცები... ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, უბრალოდ მკითხეს, ასე "ბომჟივით" რატომ გაცვიათო, - მოხალისები ვართ, სამხედროები არა-მეთქი. დაცინვით გვითხრეს - მერე რა, რამდენ გრივნას გიხდიან, ასე "ბომჟებივით" რომ გაცვიათ, ჯავშანჟილეტები მაინც მოეცათო. არადა, არც თავად ეცვათ. ან შეიძლება, იქ არ ეცვათ... სულ რვანი ვიყავით. ჩემს გარდა ყველა უკრაინელი იყო, ასევე მოხალისეები. რამდენიმე მათგანი პირველად ვნახე, მაგრამ ისე ყურადღებით მექცეოდნენ, ვფიქრობდი, ეტყობა ადრეც ვიცნობდი, მაგრამ კონტუზიის გამო ვერ ვიხსენებ-მეთქი. თავი მტკიოდა შემდეგ გავარკვიე, რომ სხვადასხვა ადგილებში ავუყვანივართ. მეორე დღეს წყალი და პური მოგვიტანეს. მხოლოდ მესამე დღეს დამალევინეს ტკივილგამაყუჩებელი... ერთ-ერთმა, ვისაც ჩვენი თვალყურის დევნება ევალებოდა, რატომღაც მითხრა, - აქედან რომ გაგიშვებენ, სახლში წადი, მე ასე გირჩევო...

- როგორ გამოხვედით იქიდან?

- რამდენიმე დღეში ცოცხალ ტყვეებსა და გვამებზე გადაგვცვალეს... თანდათან შევეჩვიე ტკივილს, მაგრამ გულისრევის შეგრძნება სიცოცხლეს მიმწარებდა. ბიჭები მამხნევებდნენ...

- ინტერნეტში ვრცელდებოდა კადრები, სადაც სეპარატისტებს ხელებშეკრული ტყვეები ქუჩაში გამოჰყავდათ...

- რუსებს ძალიან ძლიერი პროპაგანდა აქვთ. ჩვენ ერთხელ გამოგვიყვანეს, ისიც ერთი ადგილიდან მეორეში გადაგვიყვანეს. ხალხისგან აგრესია ნამდვილად არ მახსოვს. მე არ მქონდა ხელები შეკრული, ჩემს ბიჭებს მივყავდი, რადგან სუსტად ვიყავი... როდესაც გვიშვებდნენ, გვითხრეს, რა გინდათ, "უკრაინცებო", ხომ ხედავთ, ყოველდღე ათეულობით ადამიანი გეხოცებათ, დაზვერვა თქვენ არ გივარგათ და შეიარაღება, ძლივსღა იბრძვითო...

ძალიან ლამაზი ქალაქი იყო ლუგანსკი. ერთხელ, მორიგი დაბომბვის შემდეგ, გადავხედე იქაურობას და სინანულით ვთქვი, - რა ლამაზი ქალაქი დაინგრა-მეთქი, - ბიჭებმა მითხრეს, - არა, არა ხარ მართალი, სწორედ ახლა "შენდება" ლუგანსკი და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის "აშენებას", დანარჩენ უკრაინასთან ერთადო... ჩემი მეუღლეც უკრაინელია. შვილები მამამისის სახლში გავგზავნეთ, სოფელში და ისიც მოხალისედ ჩაეწერა. სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და დანარჩენ დროს საველე ჰოსპიტალში ატარებს, ეხმარება...

- ქართველ მოხალისეებს შეხვდით?

- კი, ვიცი, რომ საკმაოდ არიან. სამწუხაროდ, მეორე მხარესაც არიან ქართველები, აფხაზებიც და ოსებიც, მათგან ზოგი სამხედროა, ზოგიც მოხალისე...

- პროფესიით სამხედრო ხართ?

- არა, სამოქალაქო პირი ვარ, სამხედროებთან არავითარი შეხება არ მქონია. ქალაქ ლუგანსკში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად და ერთ-ერთ საჯარო უწყებაში ვმუშაობდი... აქაური მოქალაქეობა მაქვს და სახლში, ან სამსახურში, კაბინეტში ჯდომა არ შეიძლებოდა. ახლანდელ უკრაინაში საზოგადოებრივი სექტორი იმდენად აქტიურია, რომ ასე მგონია, ქვეყანა მოხალისეებზე დგას და მთავრობა მხოლოდ მათ გამო არ ნებდება რუსეთის აგრესიას.

- რას აპირებთ?

- როგორც კი ფეხზე მყარად დავდგები, აუცილებლად წავალ ჩემს ბიჭებთან. ჩემთან ერთად 19 წლის ბიჭი იყო, ლუგანსკის ოლქიდან. ჯერაც მკურნალობს, თავის მძიმე დაზიანებები აქვს. გამოწერის შემდეგ, პირდაპირ ფრონტის ხაზზე მივდივარ, ვიცი, რომ იქ უკეთ ვიქნებიო. ვიცი, რომ ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნება, - იქ უკეთესად ვიქნები. დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს.

ნანა მაისურაძე (სპეციალურად საიტისთვის)