ავშენდით თუ გადავშენდით? - არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

ავშენდით თუ გადავშენდით? - არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ

ორი წლის წინ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი უთხრა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას და ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა... როგორც მოსალოდნელი იყო, განვლილ ორ წელს უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები სხვადასხგვარად აფასებე.

გოგა ხაჩიძე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი:

- ის, რაც ჩვენი მმართველობის დროსაც ცუდი იყო, - გაგრძელდა, რაც კარგი - შეჩერდა. მხოლოდ ეკონომიკური კუთხით კი არა, ყველა სხვა მიმართულებით უკან მივდივართ და თუ ვინმე საპირისპიროს დამიმტკიცებს, უბრალოდ, თავს დავუქნევ.... ციფრებზეც აღარც მინდა საუბარი, - მარტო ბიუჯეტის გარღვევა რად ღირს?.. ამის მიუხედავად, "ოცნება" გვიმტკიცებს, რომ ღირსება აღუდგინეს ერს, ვინც კმაყოფილია, დაუქნიოს თავი ბედნიერი სახით და მორჩილად, მაგრამ ვატყობ, ასეთების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება... ხელისუფლებამ თავის მართლების საოცარი მეთოდი იპოვა - ბიუჯეტის შემცირება იმიტომ მოხდა, რომ ბიზნესის რეკეტი შეჩერდაო, - უკაცრავად, მაგრამ მშენებლობების შეჩერების მიზეზიც ეს არის?.. ორი წელია ერთ ადგილზე ჩიჩქნიან გზას, ავტობანს ვგულისხმობ და ბოლომდე საშველი ვერ დააყენეს... ამ ხნის განმავლობაში, ერთადერთი პანდუსი აშენდა, მაგრამ პანდუსი უშველის ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას?. ჩვენს დროს დაწყებულ პროექტებს აგრძელებენ, ზოგს სახელი შეუცვალეს და ახალ პროექტად გაასაღეს, მაგალითად, ლაზიკა. ერთადერთი მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, - ევროკაშირთან ასოცირების პროცესი დასრულდა, მაგრამ ხელის მოწერის გარდა, ყველაფერი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო მოგვარებული. და მაინც, ჩავიდა ღარიბაშვილი, ხელიც მოაწერა და თავიც მოიწონა. მაინც მადლობა მას ამისთვის... სხვა მხრივ, არ ვიცი, სასიკეთო რა ხდება, - ციხეში ადამიანები ისევ კვდებიან და ციხეებიც ვის ხელშია, მგონი გასაგებია... თურმე ისიც გაარკვიეს, რომ საწვავიდან 1 ლარი ჯიბეში არ მიგვქონდა. კიდევ მადლობა მათ ამისთვის.

- ბატონო გოგა, ამას წინათ გავრცელდა თქვენი სტატუსი, - რომ არა ციხის კადრები, ვერაფერს გვიზამდნენო, მართლა ასე მიგაჩნიათ?..

- არა, ეს ჩემი სტატუსი არ იყო, რაც მაქვს დაწერილი, არც ერთი წამიშლია. ვიღაც ავადმყოფი ტვინის მქონემ დადო, როგორც სხვა არაერთი სისულელე. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ მიმაჩნია, რომ ეს იყო გადამწყვეტი, - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი იყო არჩევნების წინ... კრიმინალური ვითარება ყოველ წუთს მძიმდება, მაგრამ გაგებით მოეკიდეთო, გვეუბნებიან. დიახ, ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ასეთი ტიპის დანაშაულები, რაც ბოლო დროს ხდება, ვინმეს ახსოვს იმ 9 წლის განმავლობაში?..

- მაშ როგორ ფიქრობთ, რის გამო გითხრათ ქართველმა საზოგადოებამ უარი ორი წლის წინ?

- როგორც გითხარით, ეს იყო პოლიტიკური პროცესი... რა გითხრათ, პირადად მე, არავითარი საფუძველი არ მაქვს, მჯეროდეს, რომ მომავალი ორი წელი უკეთესი იქნება, თუ "ბრძენკაცი" თავის საფირმო დაპირებას შეასრულებს და "უფასო ფულს" დაურიგებს ხალხს, შემდეგი ორი წელი ალბათ უკეთესი იქნება. მე არაფერში მჭირდება მისი ფული, ვისაც შეჰპირდა, იმათ დაურიგოს.

გია ვოლსკი, "ქართული ოცნების" დეპუტატი:

- რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, ყველაფერი იდეალურად არის-მეთქი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ორი წელი იყო, - ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში. ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებსა და ამ ომებში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება დავუნიშნეთ. საერთოდ, საქართველოში ადამიანს არ ეშინია, რომ უფულობის შემთხვევაში, სიკვდილი ელოდება. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ის არსი, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა და იმის შიში არ აქვს, რომ ვიღაც მას ან მის ოჯახს დაატერორებს. ხალხს ღირსება დაუბრუნდა.

- თუმცა, ამის კვალდაკვალ, საზოგადოების ერთ ნაწილს კრიმინალის გაზრდა აშფოთებს, ბატონო გია...

- თუმცა, დანაშაულის გახსნის კუთხით, სტატისტიკა გაიზარდა. გარდა ამისა, არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ დანაშაულების გაშუქება მედია-საშუალებებში უფრო მეტად ხდება, ვიდრე.

- ბატონო გია, წინ კიდევ ორი წელია - როგორ ფიქრობთ, ამ ხნის განმავლოპბაში შეძლებს თუ არა ხელისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის, უმუშევრობის მოგვარებას?

- ასე ხელაღებით რთულია საუბარი, რადგან უმუშევართა ძალიან დიდი არმია დაგვიტოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ", ჩვენ ვცდილობთ სოფელი სოფელს დავამსგავსოთ, ხალხი თავის სახლ-კარს დავუბრუნოთ... ეს პრობლემა სრულად უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც არ არის მოგვარებული, მაგრამ გვაქვს პროექტები, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით რეგიონებში. პირველი ეტაპი, ანუ პირველი წელი, მართლა ძალიან ძნელი იყო, მეორე შედარებით სტაბილურია, მესამე და მეოთხე მართლაც ეფექტური იქნება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)