"ფარნაოზ ჭკადუა ტანადაა დიდი, თორემ..." – არიან თუ არა "თავისუფალ ზონაში" ყოფილი ზონდერები - კვირის პალიტრა

"ფარნაოზ ჭკადუა ტანადაა დიდი, თორემ..." – არიან თუ არა "თავისუფალ ზონაში" ყოფილი ზონდერები

"თავისუფალ ზონაში" არიან კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც ჟურნალისტს ფიზიკურად უსწორდებიან"

"ბუნებრივია, მეც გამომიყენებია ძალა და დამიკავებია ბევრი ბოროტმოქმედი და არაერთი ნაძირალა"

გუშინ "თავისუფალი ზონის" ოფისთან, "თავისუფალი თაობის" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. ამ თემაზე კომენტარი "თავისუფალი თაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ჩხირკვიას ვთხოვეთ:

- ეს აქცია იყო იმ პროვოკაციების გაგრძელება, რომელსაც ხელისუფლება უწყობს "თავისუფალ ზონას" ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ყველაფერი, მას შემდეგ გამძაფრდა რაც შსს მინისტრმა ლექსო ჭიკაიძემ, გააჟღერა სრული სისულელე, თითქოს "თავისუფალი ზონა" აგროვებს რაღაც რაზმებს და აპირებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. უდიდესის სისულელე იყო ის, როდესაც ბატონმა მინისტრმა წინა პლანზე საბურავების თემა წამოწია. ივანიშვილ-ღარიბაშვილმა, რა თქმა უნდა პუტინის და დუგინის (რომლებიც არიან მათი იდეოლოგიური მამები) დავალებით გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ახალი ე.წ. არასამთავრობო, რადგან ადრე შექმნილებმა, როგორც ჩანს ვერ გაამართლეს მათი იმედები. ახლა გაცილებით აგრესიულ ხალხს მოუყარეს თავი, რომლებიც აცდენილები არიან პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს და გადასულები არიან სისხლის სამართლის დანაშაულზე.

- თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ფარნაოზ ჭკადუამ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სცემა, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით?

- წარმოიდგინეთ, ფარნაოზს ქუჩაში შეხვდა ადამიანი, რომელიც ეკითხება: ფარნაოზ, მიცნობ, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცნობდა, მაშინ დავითაიამ მიუგო - თქვენ კიდე არ გადაშენდით, თქვენი ასე და ისე... ახალგაზრდა ბიჭები არიან და ეს შეურაცხყოფა ვერ მოითმინეს.

საჯაროდ გადაღებულ კადრებში, 2013 წლის 8 თებერვალს, მელორ ვაჩნაძე, რომელმაც, კარგად ჩანს, როგორ ჩაარტყა სახეში ორ პოლიციელს, დაჯარიმდა ასი ლარით. შეიძლებოდა, რომ ამ ბიჭებისთვისაც იგივე სანქცია დაეწესებინათ.

- მელორ ვაჩნაძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ "თავისუფალ ზონაში" არიან ყოფილი ზონდერები. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ისიც თქვა, სახეზე ვიცანი ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც აქციების დროს გვარბევდა ხოლმეო...

- აბსოლუტური სისულელეა. ფარნაოზ ჭკადუა ტანადაა დიდი, თორემ ასაკით არცთუ ისე დიდია, მას არასოდეს უმუშავია შსს-ს არცერთ ქვედანაყოფში და მისთვის ზონდერობის დაბრალება ცილისწამებაა. იგივეს ვიტყვი დავით გოგოხიაზე, რომელიც წლების მანძილზე სპორტით იყო დაკავებული, კრივზე დადიოდა და მასაც არავითარი შეხება არ ჰქონია შსს-თან. ვაჩნაძე ზონდერში თუ მე მგულისხმობს, არავისთან დამიმალავს, რომ მართლაც ვმუშაობდი პოლიციაში და ვიყავი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. ეს ოფიციალური შტატია და თუ პოლიციის თანამშრომელი მისთვის ზონდერს ნიშნავს, ეგ უკვე მისი პრობლემაა.

- პოლიციაში მუშაობისას ძალადობისთვის არასოდეს მიგიმართავთ?

- კანონში პოლიციის შესახებ პირდაპირ არის მითითებული, რომ პოლიციელს აქვს უფლება გამოიყენოს პროპორციული ძალა. ბუნებრივია, მეც გამომიყენებია ძალა და დამიკავებია ბევრი ბოროტმოქმედი და არაერთი ნაძირალა. მე რომ რაიმე ფორმით ძალა გადამემეტებინა დღეს გარეთ ვიქნებოდი? ეს ხელისუფლება არ ამომიჩხრიკავდა თუნდაც ერთ გადაცდომას?

ამავე თემაზე კომენტარი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს "თავისუფალი თაობის" წევრ მელორ ვაჩნაძეს ვთხოვეთ:

- "თავისუფალი ზონის" წევრები არიან ყოფილი ზონდერები, რომლებიც მუშაობდნენ ახალაიასათან და მერაბიშვილთან. ესენი არიან პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, რომელთა ძირითადი მოვალეობა იყო ზონდერობა. "თავისუფალ ზონაში" არიან კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც თავისუფალი მედიის წარმომადგენელ ჟურნალისტს ფიზიკურად უსწორდებიან. ეს იყო ჩემი აღშფოთების მიზეზი და სწორედ ამიტომ მივედი აქციაზე.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ესენი არიან ყოფილი ზონდერები, თქვენ თუ ამოიცანით რომელიმე მათგანი?

- შეიძლება, გვარები ვერ დაგისახელოთ, მაგრამ სახეზე ყველას ვცნობ. უამრავი ადამიანია, ვინც მათ ცნობს სახელებით და გვარებითაც კი. არავისთვის არაა ახალი, რომ ეს ადამიანები წლების მანძილზე ზონდერობდნენ. ფარნაოზ ჭკადუაც, რომელმაც ზაზა დავითაიას სცემა და ახლა დაჭერილია, ასევე იყო ზონდერი. "თავისუფალი ზონის" იმედი აქვს გიგა ბოკერიას, დავით დარჩიაშვილს, ხათუნა გოგორიშვილს და სხვებს. ორგანიზაციას ლიდერად რომ ეყოლება კობა ხაბაზი, სასაცილოა და მეტი არაფერი. მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ ეგენი ვერსადროს დაბრუნდებიან. მათი მიზანია ქვეყანაში არეულობის მოწყობა, მაგრამ ამის საშუალებას არავინ მისცემს. "ნაციონალების" მთელი ელიტა მაგათთანაა სულ და ეგენი უგეგმავენ ყველანაირ პროვოკაციას. გუშინდელ აქციაზეც იქ იყვნენ და ერთად სკანდირებდნენ ჩვენ წინააღმდეგ.

მე ხმამაღლა ვამბობ, რომ არ ვაპირებთ მათთან ფიზიკურ დაპირისპირებას. ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ კანონის ფარგლებში, მაგრამ არავის მივცემთ ჟურნალისტების ცემის უფლებას. კობა ხაბაზი რომ ვენტილატორით დარბოდა და ხელკეტებს ურტყამდა ხალხს, ისიც უნდა დაისაჯოს კანონით. ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღსრულდეს და დაისაჯოს ყველა ვინც დააშავებს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება "თავისუფალი ორგანიზაციის" თუ ჩემი ორგანიზაციის წევრი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)