"პოლიციის უფროსს ვპირდები, რომ ერთ დღეს შევვარდები ბეისბოლის "ბიტით" ან ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ" - კვირის პალიტრა

"პოლიციის უფროსს ვპირდები, რომ ერთ დღეს შევვარდები ბეისბოლის "ბიტით" ან ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ"

29 სექტემბერს ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებს გიორგი გიუაშვილსა და ბესო ფოფხაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით ორივე მხარეს და კომენტარი ვთხოვეთ.

გიორგი გიუაშვილი:

- მე ვარ საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან". საკრებულოში არის 26 წევრი და აქედან 25 ლაქიაა, რომლებიც აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებენ. ძალიან მიჭირს მნიშვნელოვანი საკითხების გატანა. ოპონირებისას გადადიან ფიზიკურ ძალადობაზე. 29 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე ჩემზე მოხდა თავდასხმა. სხდომის დასრულების შემდეგ, ჩაკეტეს ოთახი და ჩემზე განახორციელეს ფიზიკური თავდასხმა. ამაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მომაყენეს უამრავი დაზიანება, ექსპრტიზა ჩამიტარდა და სურათებიც მაქვს გადაღებული. ჩემზე ზეწოლას ახდენდა უმრავლესობა და მათ შორის, ბესო ფოფხაძეც იღებდა მონაწილეობას. ფიზიკურად ბესოს რა უნდა ეჩხუბა და რა უნდა გაკეთებინა, მაგრამ როდესაც ვიღაცეებს გავყავდი შენობიდან, ვიგრძენი, რომ ბესომ დამარტყა. ბესოს ჩემთვის ეგ არ უნდა გაეკეთებინა, 9 წელი თან გადავყევი. ვმეგობრობდით და თანამებრძოლებიც ვიყავით. რაც შეეხება იმ ინციდენტს რაზეც თქვენ მეკითხებით, მაგ დღეს ბესო ძალიან არათავაზიანად და დამამცირებლად მომექცა,აქედან გამომდინარე გამოვხატე ჩემი რეაქცია, მანამდეც იყო მცირე ინციდენტები და მოთმინების ფიალა ამევსო. პოლიციის უფროსს ოფიციალურად ვპირდები, რომ ერთ დღეს შევვარდები ბეისბოლის "ბიტით" ან ნაჯახით და თავებს მოვაჭრი იქ მყოფთ. სხვანაირად სახელმწიფოსგან რეაგირება არაა და დამოუკიდებლად მიწევს თავის დაცვა. თავს არავის დავაჩაგვრინებ და ეს ჩემმა ოპონენტებმა უნდა იცოდნენ.

- მოგვიანებით თქვენ დაარტყით ფოფხაძეს და მიაყენეთ თვალის დაზიანება...

- მე მას მივუახლოვდი და შევაფურთხე. ხელი არ დამირტყამს. ადამიანს როდესაც შეაფურთხებ, ბუნებრივია, საპასუხო რეაქცია ექნება და ამის დროს მოხდა ჯიკაობა, გაწევა-გამოწევა და მაგ დროს ჩაულურჯდა თვალი. ეს იყო და სხვა არაფერი.

- ანუ თქვენ ხელიც არ დაგირტყამთ მხოლოდ შეაფურთხეთ?

- თავიდან შევაფურთხე და მერე მოხდა ხელჩართული ჩხუბი. როცა ადამიანს შეაფურთხებ, შეეცდება, დაგარტყას და მე ბესოს დავარტყმევინებდი?! მე ბესოსთვის გამიზნულად რომ მდომოდა დარტყმა, კი არ შევაფურთხებდი, ისეთს დავარტყამდი, შესაძლოა მომკვდარიყო. მე ბესოს კი არა, არავის არ დავარტყმევინებ. ბესოსთვის და გედისთვის (დეპუტატი გედი ფოფხაძე, ბესო ფოფხაძის ძმა. ლ.გ), იმდენი რამე მაქვს გაკეთებული ენით ვერ აღწერთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით 2002 წლიდან.

- რატომ მოხდა განხეთქილება თქვენს შორის?

- განხეთქილება დაიწყო იქიდან, როდესაც 2008 წელს, გედი ფოფხაძემ, ოპოზიციის მხრიდან დეპუტატობაზე კენჭი არ იყარა და გვითხრა, რომ ჩვენ ყველას უნდა გვემუშავა "ნაციონალების" კანდიდატზე, გია ტალახაძეზე (რომელიც მაშინ მართლაც გახდა დეპუტატი), თვითონ წავიდა ცაგერში და პალიკო კუბლაშვილის შტაბის ხელმძღვანელი იყო. სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი ჩვენს შორის. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის საწვავს იპარავდა, 50 მანქანიდან აქციებზე 25 მიდიოდა და დანარჩენს ჯიბეში რომ იდებდა ხოლმე, ამაზეც გვქონდა კონფლიქტი.

ბესო ფოფხაძე:

- როდესაც მე მოქალაქეს ველაპარაკებოდი, უკნიდან გიუაშვილი მომიახლოვდა, როგორც კი გამისწორდა, გამომიქანა მუშტი და მომახვედრა თვალში. ჩხუბი აღარ გაგრძელებულა, რადგან ჩაერია დაცვის პოლიცია და განმუხტა სიტუაცია

- გიუაშვილი ამბობს, რომ მან თქვენ შეგაფურთხათ და მას მერე, რაც თქვენ რეაქცია გამოავლინეთ, მერე დაგარტყათ...

- გიუაშვილი იტყუება, მაგრამ მაგას შეფურთხება თუ ნაკლები დანაშაული ჰგონია, ძალიან ცდება. გულწრფელად რომ გითხრათ, გიუაშვილის საქციელი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო.

- ის ამბობს, რომ აგვისტოში საკრებულოში ჩაკეტეს და მასზე ფიზიკურ ზეწოლაში თქვენც იღებდით მონაწილეობას...

- მაგ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. გიუაშვილი ამბობს, თითქოს მას კარები ჩაუკეტეს, მაგრამ ამას კატეგორიულად ვუარყოფ.

- გიუაშვილი ასევე ამბობს, რომ თქვენსა და მას შორის კონფლიქტი დაიწყო, მას მერე რაც 2008 წელს თქვენმა ძმამ, გედევან ფოფხაძემ ოპოზიციას მოუწოდა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ემუშავათ, აგრეთვე ამბობს, რომ თქვენი ძმა ხელმძღვანელობდა პალიკო კუბლაშვილის საარჩევნო შტაბს...

- ტალახაძე "ნაციონალური მოძრაობის" კანდდატურა იყო და ჩვენ მის მხარდაჭერისკენ ნამდვილად არავის მოვუწიდებდით. ამ არჩევნებში ჩვენ საერთოდ არ ჩავრეულვართ. კუბლაშვილიც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იყო და გედის მათთან კავშირი არასოდეს ჰქონდა, შესაბამისად კუბლაშვილის შტაბის უფროსი ვერ იქნებოდა. პალიკო რომ ჩვენი ოჯახის ახლობელია, ამას არ ვუარყოფ. გიუაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის ძალიან შერყეული, რადგან დანიშნეს გამგებლის მოადგილედ და მერე კორუფციული დანაშაულებების გამო გადააყენეს, რის გამოც საერთოდ გავიდა "ქართული ოცნებიდან" და გადავიდა "ლეიბორსტულ პარტიაში" და ახლა იქიდან კბენს ყველას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)