ქეთი დოლიძე: "რობიკო სტურუამ თვითონ "გაიჩალიჩა" - კვირის პალიტრა

ქეთი დოლიძე: "რობიკო სტურუამ თვითონ "გაიჩალიჩა"

"ეტყობა, რობიკოს მხოლოდ სკანდალი სჭირდება, სულ რომ იტივტივოს" - ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე.. მათ შორის დაპირისპირება საზოგადოებისთვის ერთი თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა ქეთი დოლიძე პრესასთან ახლა ალაპარაკდა...

- მე არ გამომიწვევია ეს კონფლიქტი... ფესტივალთან დაკავშირებით რამდენჯერმე მივწერე, მათ შორის ფეისბუქითაც და არცერთ წერილზე უარი არ მოუწერია. სამივე წერილში ვაფრთხილებდი, რომ ესა და ეს პროგრამა არის, ჩემო საყვარელო, ჩემო ასეთო, ჩემო ისეთო... ყოველთვის ნახულობდა და არასოდეს არ მპასუხობდა. არ შეიწუხა თავი, რა თქმა უნდა. არც ჩემი მხარდაჭერისთვის უთქვამს მადლობა არასოდეს! განაცხადა, არაფერი მიმიღიაო, რაც არის სიცრუე! რატომღაც ფესტივალი თავიდანვე აითვალისწუნა. ორი წერილი მაქვს რობიკოს ხელმოწერით, ქვეყანაში, რომელსაც ასე უჭირს, უზნეობად მიმაჩნია ფესტივალის ჩატარებაო. გაკვირვებული ვარ, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რა გაჭირვებით იქმნებოდა ეს ფესტივალი, საქართველოსკენ რომ შემოებრუნებინა მსოფლიო... ჩვენი კიტრით და პომიდვრით ვერავის გავაკვირვებთ, ნურც იმას დავიჩემებთ, რომ იტალიაზე ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ან ვინმეზე მაგრები ვართ.

თუკი სტურუა იყო ნაციონალური მოძრაობისგან მთელი საქართველოს დამცველი, მე რა, საქართველოს ერთ-ერთი რიგითი შვილი არა ვარ?! მერე თავად მოხსნეს და უნდა გითხრათ, რომ "გაიჩალიჩა"... სულ მაგას იძახდა როგორ მინდა გამაგდონ, უნდა გამაგდონ და ასეთებს... "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი..." რომ დადგა, ყველამ ვიცანით სააკაშვილი. პრემიერაზე სააკაშვილის მეუღლე და ბებია დაპატიჟა და აჩვენა სააკაშვილის კარიკატურა. თუმცა არავის არ ჰქონია ამაზე რეაქცია, არც ჩაუქოლიათ და არც გაგდებით დამუქრებიან. სანამ არ თქვა რაღაც სისულელე, სომეხია სააკაშვილიო, მერე ის გაგიჟდა, გადაირია და გაუშვა.. საშინელი პასკვილი დადო ჩემს შესახებ ფეისბუქზე. სტურუა ყოველთვის იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, ასეთივე სპექტაკლებს დგამდა, მაგრამ ნუ დაიჩემებს, რომ მხოლოდ ის იბრძოდა! ჩვენ ვიდექით ქუჩაში, თორემ რობიკო არ მოსულა მიტინგზე...

- თქვენ ყოველთვის თავს იკავებდით მას დაპირისპირებოდით...

- ვუპასუხე, რადგან ვერავის ვერ ვაპატიებ ამ სიტყვებს: - უფერული ოჯახის უნიჭო წარმომადგენელი... - სიკო დოლიძე იყო უფერული, მე ვარ თუ ჩემი შვილები?! უკაცრავად, მაგრამ მასზე ნაკლები გემოვნების არ არის საქართველოს პატრიარქი, ჯანსუღ ჩარკვიანი და სხვა.. ყველაზე მთავარი: უთქვამს, ოლიგარქებთან დარბიან და მუხლებზე დაჩოქილი ფულებს თხოვენო, რობერტ სტურუამ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებიდან მესამე დღეს 150 ათასი დოლარი გამოართვა, მისი ორი სპექტაკლი რომ მოსკოვიდან ჩამოეტანა. "ოლიგარქმა" ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ აღგვიდგინა ფესტივალი და ეს ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება იყო. არასდროს არაფერი არ მითხოვია მე პირადად ივანიშვილისთვის! ვიცი მას უამრავი ხალხისთვის აქვს ფული ნაჩუქარი, მაგრამ ცხოვრებაში აზრად არ მომივა, რამე ვთხოვო!.. რობიკო სტურუას ქართული თეატრის მამობა უნდა ეკისრა, მაგრამ ახლა რობიკო არის ავსიტყვაობაში ჩაფლული. ამხელა რეჟისორი რა ფეისბუქით ერთობა?! რომ გავმწარდი, ვთქვი კიდეც, რომ ფეისბუქი თავის თეატრად გადააქცია-თქო. ასეთი სტატუსები, ავსიტყვაობა, დედის გინება და ამდენი ცუდი სიტყვა? ეტყობა, რობიკოს მხოლოდ სკანდალი სჭირდება, სულ რომ იტივტივოს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)