ვინ იქნება მთავარი ბრალდებული "შეთქმულების საქმეში" - კვირის პალიტრა

ვინ იქნება მთავარი ბრალდებული "შეთქმულების საქმეში"

აშკარაა, რომ ექსპრეზიდენტი ახალი პოლიტიკური გაზაფხულისთვის ემზადება

სააკაშვილი გააქტიურდა, როგორც ჩანს, მისეული ათვლა დროისა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა უნდა დაესვენებინა, ამოიწურა. ის გამოხმაურების გარეშე არ ტოვებს ქვეყანაში მომხდარ ფაქტსა და მოვლენას, ფაქტობრივად, არ ჩამოდის მისდამი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებიდან (და არა მხოლოდ მათი) ეკრანებიდან თუ ფურცლებიდან. ექსპრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს და ქვეყანაში ძებნილად არის გამოცხადებული, აშკარაა, რომ ახალი პოლიტიკური გაზაფხულისთვის ემზადება, თუმცა, საკითხავია, ეს გაზაფხული საერთოდ დადგება თუ არა. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება დღევანდელ ხელისუფლებაზე - ერთი მხრივ, თუ როგორ მოხერხდება და დამტკიცდება ექსპრეზიდენტის ბრალეულობა, და მეორე მხრივ, რამდენად ქმედითი იქნება ხელისუფლების მოქმედება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემატიკის გადაწყვეტისას. რაც მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, მით მეტად შეეცდება სააკაშვილი ხელის მოთბობას. დღევანდელი მდგომარეობით ის იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მისი ყოველი გამოჩენა მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, მასზეც და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალის იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სააკაშვილი პიარტექნოლოგიაში ფრიად გაწვრთნილია, მისი ქმედებები კი - დიდწილად არაპროგნოზირებადი.

ამ რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტმა "ფეისბუკგვერდზე" გამოაქვეყნა ვრცელი ჩანაწერი, რომელსაც "ერთიანი პლატფორმა ხვალინდელი დღისთვის" დაარქვა. მისი წაკითხვისას ადვილად მიხვდებით, რომ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ხელისუფლებაში დაბრუნება და სავარაუდოდ, ამის გეგმაც შეიმუშავა. ჩანაწერში იმის ნიშნებიც ჩანს, რომ ეს გეგმა შესაძლოა მთლად კანონის ჩარჩოში მოქმედებას არც ითვალისწინებდეს. ჩანაწერის გამოქვეყნება მიზნად უნდა ისახავდეს იმ ადამიანების წახალისებასა და აქტიურობისკენ მოწოდებას, რომელთაც სააკაშვილი გულმხურვალე მხარდამჭერებად განიხილავს. შს მინისტრის მიერ დაანონსებულ მოსალოდნელ არეულობას სააკაშვილი "კუდიანებზე ნადირობას" არქმევს, თუმცა, შს სამინისტროს მტკიცებით, ეს ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებებია, შესაბამისად, გამოძიებაც უკვე დაწყებულია...

სააკაშვილი მიმოიხილავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მას უკიდურესად შავ ფერებში წარმოაჩენს. ფრაზები: "გზა წარსულისკენ", "ხელისუფლებას არ აქვს მომავლის ხედვა", "კურსი საქართველოს იდეის დაკნინებისთვის" და ა.შ. მას "ნაცმოძრაობის" დანარჩენ ლიდერთა ფრაზეოლოგიისგან ნაკლებად გამოარჩევს, თუმცა, აშკარაა, რომ სააკაშვილი უფრო შორს მიდის, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ქვეყნიდანაც შორსაა და მეტს ბედავს, რითაც პარტნიორების, რომელთაც ჩვენში ზოგჯერ თანამზრახველებადაც მოიხსენიებენ, შეგულიანებას ცდილობს. ისმის კითხვა, რისთვის? - სააკაშვილი აცხადებს: "ჩვენ არა გვაქვს ხელების ჩამოშვების უფლება, არა გვაქვს დასაკარგი დრო". ის ღიად ლაპარაკობს "ოცნებისგან" ქვეყნის "განკურნების" აუცილებლობაზე. "ჩვენ ვცხოვრობთ დღევანდელ დღეს, რომელიც აშკარად იქცა ლპობისა და სტაგნაციის დღედ", - წერს ის და დასძენს, რომ მიმდინარე პროცესების გარდაუვალი შედეგი იქნება "დიქტატორის დამხობა"...  ეს გზავნილები, სავარაუდოდ, კარგად გაიგეს მისმა ადრესატებმა, მაგრამ რა გაიგო ხელისუფლებამ?..

როგორც ვახსენე, გამოძიება დაწყებულია "ნაცმოძრაობის" მიერ ქვეყანაში მასშტაბური დესტაბილიზაციისთვის მზადების საკითხზე. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ საქმე  315-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობრივი შეთქმულებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას გულისხმობს. კულუარული ინფორმაციით, ამ საქმეში შესაძლოა მთავარი ფიგურა სწორედ ექსპრეზიდენტი იყოს. ის, რაზეც სააკაშვილი წერს, ამ საქმის პირდაპირ მტკიცებულებად არ გამოდგება, თუმცა, ვფიქრობ, სამართალდამცავები ყურადღებით გაეცნობიან სააკაშვილის ნააზრევს და დასკვნებსაც გამოიტანენ.

ექსპრეზიდენტს რომ საკუთარი შეცდომების თუ დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება კარგად შეუძლია, ეს საზოგადოებამ იცის. ამის კლასიკურ ნიმუშად გამოდგება ეს ჩანაწერიც, რომლის ძირითადი ნაწილი სწორედ იმ ღირებულებებზე დააფუძნა, რომელიც მისი მმართველობისას მიზანმიმართულად ითელებოდა. მაგალითად, ქვეყნის ხვალინდელი დღის პლატფორმის უპირველეს ქვაკუთხედად  სააკაშვილი განათლებასა და თავისუფალ და დაცულ მოქალაქეს განიხილავს. "ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, თანამედროვე, გახსნილი განათლების სისტემა". არადა, მისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში მმართველმა ძალამ და მისმა ლიდერმა მოახერხეს, რომ ეს სისტემა საკუთარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ექციათ. ლამის დახურულ სისტემად გამოცხადებულ სასკოლო დაწესებულებებში მასწავლებელი ჟურნალისტს განათლების სამინისტროდან მიღებული ნებართვის გარეშე ვერ ელაპარაკებოდა. სააკაშვილს იმჟამად ასე ესმოდა განათლების თანამედროვე სისტემა... რაც შეეხება თავისუფალ და დაცულ მოქალაქეს, სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაზე მეტად სწორედ თავისუფალი და დაცული მოქალაქის ეშინოდათ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვით მისთვის თავისუფლებაც წაერთმიათ და დაცულობის განცდაც.

დაბოლოს, სააკაშვილის პლატფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რაც მასში ვერ მოხვდა. ის ხვალინდელ დღეზე ფიქრისას, უფრო სწორად კი, ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებისას, ოცნებამ ისე გაიტაცა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა არც გახსენებია, რაც ყველაზე უკეთესად წარმოაჩენს ექსპრეზიდენტის მთავარ საზრუნავს - ნებისმიერ ფასად დაიბრუნოს ძალაუფლება, ყველაფერი დანარჩენი კი ის სიცრუეა, რასაც მიზნის მიღწევის საშუალებად იყენებს.

ნათია დოლიძე