"ოცნების რისხვა", მეწაღე კახა კალაშოვი - შექმნის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" "დამსჯელ რაზმს?" - კვირის პალიტრა

"ოცნების რისხვა", მეწაღე კახა კალაშოვი - შექმნის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" "დამსჯელ რაზმს?"

"ნაციონალები აშენებდნენ ქვეყანას და მათი აშენებულის დანგრევის საშუალებას მე არავის მივცემ"

"მე მათ დავარქმევდი არა ქართულს, არამედ "კრემლის ოცნებას"... მე ვდგავარ "ნაციონალური მოძრაობის "გვერდით, იქ, სადაც სამართალია."

"გაბედავას ვეტყვი, რომ არის მშიშარა და ლაჩარი!.."

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს დამსჯელი რაზის შექმნას, ხელმძღვანელი კი იქნება კახა კალაშოვი-სორანი, რომელიც თავის თავს "ოცნების რისხვას" უწოდებს. ასევე გავრცელდა მისი ვიდეო მიმართვა, სადაც იგი"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების გარდაუვალობაზე საუბრობს. ჩვენ გავესაუბრეთ კახა კალაშოვს, რომელიც ამ მიმართვის ავტორია.

ეთნიკურად ქურთი მეწაღე, წარსულში ქურთული კულტურის ცენტრის დირექტორი, ნაციონალების აქტიური მხარდამჭერია და ხელისუფლების შეცვლაზე ოცნებობს. "დღეს ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან, მე მათ დავარქმევდი არა ქართულს, არამედ "კრემლის ოცნებას " - აცხადებს კახა სორანი.

- რის საფუძველზე ამბობთ ამას?

- არჩევნებში ხალხი მოატყუეს, ცოცხებით მოსულები არიან. ციხის კადრები გამოიყენეს. და ყველაფერი გააკეთეს, რათა ხალხს "ნაციონალური მოძრაობა" გადაერჩია. თუ სიმართლისთვის იბრძოდნენ და ქართველი ხალხისთვის სიკეთე სურდათ, რატომ არ შეუშალეს ხელი ციხეში მიმდინარე პროცესებს. არჩევნების დღეს რატომღა ელოდებოდნენ? მე ვერ ავიტანე ეს და სხვა მრავალი უსამართლობა და გავხდი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი. ნაციონალები აშენებდნენ ქვეყანას და მათი აშენებულის დანგრევის საშუალებას მე არავის მივცემ. ესენი კი ქართველი ხალხისთვის ჯერ არაფერს აკეთებენ. მე ვდგავარ "ნაციონალური მოძრაობის "გვერდით, იქ, სადაც სამართალია. აუცილებელია, ეს ხელისუფლება წავიდეს და ძველი ძალები დაბრუნდნენ, რათა ისევ ააშენონ ქვეყანა.

- რას იტყვით დამსჯელი რაზმის შექმნაზე, ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა...

- ასეთ აბსურდულ ინფორმაციას ავრცელებს გაბედავას მსგავსი ხალხი. ის იარაღი, რომელიც ფოტოზე მიჭირავს - სათამაშოა. გაბედავას ვეტყვი, რომ არის მშიშარა და ლაჩარი და თავი დაანებოს ქართველ ხალხს მელორ ვაჩნაძესთან და მისნაირებთან ერთად. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი რაზმის შექმნას, ჩვენ არ ვგავართ მათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანი გზით იმ პატრიოტებთან ერთად, რომლებსაც სურთ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება და ქვეყნის წინსვლა.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით..

- მე ვაპირებ დამოუკიდებელი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელიც გაემიჯნება ამ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. ვიბრძოლებ იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომელთაც სურთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით, არჩევნებით მოხდება. სამოქალაქო დაპირისპირება არ შედის ჩვენს გეგმებში, ეს მხოლოდ დღევანდელი მთავრობის პრეროგატივაა, რომლებიც ქმნიან კრიმინალურ დაჯგუფებებს ჩვენთან დასაპირისპირებლად. ეს ყველაფერი მაგონებს 90-იან წლებს. ჯაბაც ასე აყალიბებდა ჯგუფებს და ასე ებრძოდა ზვიად გამსახურდიას. ის მუქარები რომლებიც ხშირად ისმის ჩემს მიმართ, მე არ მაშინებს.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)