კომპლექსური ურთიერთობა და არსებული ცენზურა აშშ-ის მთავრობასა და ინტერნეტსივრცეს შორის - კვირის პალიტრა

კომპლექსური ურთიერთობა და არსებული ცენზურა აშშ-ის მთავრობასა და ინტერნეტსივრცეს შორის

კამათი აშშ-ში ინტერნეტის ცენზურასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 90-იან წლებში წარმოიშვა, მაშინ როდესაც ინტერნეტი ახალი შექმნილი იყო. ძირითადი დებატები, რომლებიც ამ თემაზე მიმდინარეობს, მოიცავს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ასპექტს,  ეს არის: სიტყვის თავისუფლება, კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება. ისინი, ვინც ქომაგობენ ამა თუ იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობას, წარსულში ასევე შეიძლება ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც სოციალური მედია ძალიან განვითარებულია, კომპანიები, როგორიცაა: Google და Apple, რომლებიც სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მხარდამჭერნი არიან, არაპირდაპირ კონფლიქტში მოდიან კონფიდენციალურობასთან.

ისტორიულად, სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მხარდამჭერნი უფრთხილდებოდნენ ინტელექტუალურ საკუთრებასაც, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში ვებსაიტებმა, როგორიცაა: thepiratebay და Napsteer, დაიწყეს ინტელექტუალური საკუთრების (ფილმების, სერიალების, მუსიკის) შეთავაზება  ყოველგვარი საფასურის გარეშე.  ამ საიტების ბევრი მხარდამჭერი სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მომხრეა, თუმცა ისინი კონფლიქტში მოდიან მათთან, ვინც ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს იცავს, იმ მუსიკოსების, რეჟისორებისა თუ მსახიობების, ვისი შემოსავალიც დამოკიდებულია ზუსტად ამ ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

მესამე კომპონენტია  უსაფრთხოება. ინტერნეტმა ფესვები სამხედრო უსაფრთხოების პროგრამის შექმნის შედეგად გაიდგა, რადგან ინტერნეტის წინამორბედი DARPA აშშ-ის სამხედრო პროგრამა იყო. ქვეყნები როგორიცაა: ჩრდილოეთ კორეა და ირანი , ყველანაირ ძალას იყენებენ ინტერნეტის გასაფილტრად და ცენზურის დასადებად, მაგრამ ამგვარი შეზღუდვები შეერთებულ შტატებში უფრო კომპლექსური და რთულია.

შტატების მთავრობა, განსხვავებით ჩინეთისა და ჩრ. კორეისაგან, ინფორმაციის პირდაპირ ფილტრაციას არ ახდენს ინტერნეტში. სამაგიეროდ, ის მუშაობს კერძო კომპანიებთან ერთად, როგორიცაა: Google, Apple, Facebook და ა.შ.  მთავრობა კი არ ბლოკავს ამა თუ იმ ინფორმაციას, არამედ აქრობს მას ინტერნეტსივრციდან მანამ, სანამ ის მედიის ყურამდე მივა. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობას დიდი წნეხის ქვეშ ჰყავს კომპანიები და სრულიად ლეგალურად აქვს უფლება, ამა თუ იმ კომპანიას აიძულოს რაიმე ინფორმაციის განადგურება.

ეს არის სხვა ფორმით არსებული ცენზურა ინტერნეტზე. ზოგიერთი მხარე თვლის, რომ ამგვარი ცენზურა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე კორეასა თუ ირანში არსებული აკრძალვები.

ჩნდება კითხვა: რატომ შვრება ამას აშშ-ის მთავრობა? ზოგიერთი კრიტიკოსის თანახმად, ეს იმიტომ ხდება, რომ აშშ-ს, უბრალოდ ამის შესაძლებლობა აქვს. ამ აზრის კონტრარგუმენტად კი შეიძლება მოვიყვანოთ ბავშვთა პორნოგრაფიაზე არსებული მოსაზრება. თუკი ბავშვთა პოროგრაფია იარსებებს, მას მაყურებელიც გამოუჩნდება და მოთხოვნაც გაიზრდება. რა თქმა უნდა,  ბავშვების პორნოგრაფია ინტერნეტის დაარსებამდეც იყო, თუმცა ინტერნეტმა ის კომერციული და უფრო ფართო მასშტაბის გახადა.

შემდეგი მაგალითი უფრო რთულია. გავიხსენოთ ახლახან გამოშვებული ვიდეოები ისლამური დაჯგუფების ISIS-გან, სადაც ჟურნალისტებს თავის მოჭრით გაუსწორდნენ. ამ ვიდეოების შექმნის მიზანი, არა მხოლოდ სასტიკი ძალადობის ჩვენება იყო, ასევე  სურვილი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს  ენახა ის. ვიდეო შეიქმნა, რათა მსოფლიოსათვის გაემჟღავნებინა ტერორისტული დაჯგუფების განვითარება და „მიღწევები.“ შემზარავი ვიდეოს ნახვისას, ნათლად ჩანს, თუ რამდენად თანამედროვე და განვითარებული ტექნიკითაა ის გადაღებული.  აღსანიშნავია, ამ ფაქტორის გამო ბევრმა ჟურნალისტმა და მედია ქსელმა უარი თქვა ზემოთხსენებული ვიდეოს გაზიარებასა და ყურებაზე. ეს არის მაგალითი იმ ხალხის გაერთიანებისა, რომელიც შტატებში არსებული ინტერნეტცენზურის წინააღმდეგია, თუმცა ამ შემთხვევაში მათ საკუთარი ცენზურა დააწესეს და ვიდეოების გაპიარების წინააღმდეგ ბრძოლას აშშ-ის მთავრობაზე ადრე შეუდგნენ. თითქმის ყოველ თვე ინტერნეტ-კომუნიკაციების პროპაგანდის ახალ ფორმას ვხვდებით, თუმცა აქვე აღსანიშნავია პოზიტიური პროგრესიც.

შემდეგი მნიშვნელოვანი მაგალითია Wikileaks-ის შემთხვევა, სადაც ცხადია, რომ შტატების მთავრობა საჯაროდ აღიარებს ცენზურის არსებობას ინტერნეტსივრცეში და მოწინააღმდეგე ორგანიზაციებსა თუ დაჯგუფებებს დაპატიმრებით ემუქრება.

Wikileaks-მა პირველად პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც საიენტოლოგიის ეკლესიას დაუპირისპირდა და მათი საიდუმლო „ბიბლია“ გამოაქვეყნა. Wikileaks-ი საერთაშორისო დონეზე ცნობილი 2010 წლის მარტში გახდა, მაშინ როდესაც საჯაროდ გამოუშვა საიდუმლო დოკუმენტები და ვიდეოები, რომლებიც შეიცავდა აშშ-ის მთავრობის სამხედრო საიდუმლოებსა და დიპლომატიურ შეტყობინებებს. ამის შემდეგ , Wikileaks-მა  გამოაქვეყნა ათასობით დოკუმენტი, იმ თემაზე, თუ როგორ ჰყავდა აშშ-ის მთავრობას თავისი ჯაშუშები არა მხოლოდ მოწინააღმდეგე ქვეყნებში, არამედ  მოკავშირე ქვეყნებშიც, მაგალითად, გერმანიაში. Wikileaks-ის ცნობილი დევიზია „We Steal Secrets.” კიდევ ორი ფიგურა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გახდა, არიან ბრედლი მენინგი და ედვარდ სნოუდენი. მათ Wikileaks-ი ათასობით დოკუმენტით მოამარაგეს.

სნოუდენიის მიერ მოძიებული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის მთავრობა საკუთარი მოქალაქეებზე ჯაშუშობს, რაც კონსტიტუციის დარღვევად ითვლება. მეორე ინფორმაცია, რამაც სნოუდენიდან გაჟონა, მდგომარეობდა იმაში, რომ კერძო კომპანიები, როგორიცაა Google, Apple და Facebook მთავრობისათვის ხელმისაწვდომს ხდიდნენ თავიანთი მომხმარებლების საიდუმლო ინფორმაციას. ამ ყოველივემ ცხადყო, რომ აშშ-ის მთავრობა ნაკლებად კონცენტრირებულია ინტერნეტ ცენზურაზე, რადგანაც ის მარტივად იღებს საჭირო ინფორმაციას და აკონტროლებს მის გავრცელებასაც. ამერიკის მოქალაქეებს იმასთან შეგუება უფრო გაუჭირდათ რომ მთავრობა უსმენდა მათ სატელეფონო საუბრებსა თუ ემაილებს, ვიდრე ინტერნეტსივრცეში არსებული ცენზურა.  შტატებმა წამოიწყო ღია ომი Wikileaks-თან, რათა აღარ დაეშვა მომავალში საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროება.

მთავრობა, რომელსაც თითქოს ყველაზე ნაკლებად ჰქონდა ცენზურა ინტერნეტზე,  აღმოჩნდა, რომ არღვევდა სიტყვის თავისუფელების კანონს.  შტატების კონტრარგუმენტი არის ის, რომ Wikileaks-მა მოიპარა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც არამარტო ამერიკის მოქალაქეების, არამედ მსოფლიო მოსახლეობის  უსაფრთხოებას ითვალისწინებდა. მთავრობა აცხადებს, რომ ISIS-ის მსგავსი დაჯგუფებების  დასამარცხებლად, რომლებიც ათასობით ადამიანს კლავენ, საჭიროა საიდუმლო ოპერაციების განხორციელება. ის ასევე აცხადებს, რომ ამ დოკუმენტების გავრცელების შედეგად, საზღვარგარეთ მყოფი შტატების აგენტების სიცოცხლე დიდი საფრთხის ქვეშაა.

საქართველოში, გვჭირდება და გვინდა აშშ-სა და NATO-ს მხარდაჭერა და დაცვა. მაგლითად, ისეთი ქვეყნებისაგან, როგორიცაა რუსეთი. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ შტატები მხარს დაუჭერს უკრაინას და NATO დაეხმარება მოკავშირეებს. აშშ-ის მთავრობა კი ამბობს, რომ ყოველივე ეს შეუძლებელი იქნება, თუკი დაჯგუფებები როგორიცაა: Wikileaks-ი,  საჯაროდ გამოაქვეყნებს საიდუმლო ინფორმაციას, რადგანაც ის არა მხოლოდ მოკაავშირეებამდე, არამედ მტრის ყურამდეც მიდის.

მეორე მხრივ, ორგანიზაციები, როგორიცაა: Wikileaks-ი, თვლიან, რომ შტატების მთავრობამ ძალიან ღრმად შეტოპა, როდესაც საკუთარი მოქალაქეების მოსასმენად ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენა, რომელთა არსებობის შესახებ ხალხს არც კი ჰქონდათ წარმოდგენა და მთელი ეს ძალაუფლება იმ უმცირესობის ხელში აღმოჩნდა, ვინც ქვეყანას განაგებდა. Wikileaks-ის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს ამხელა ძალაუფლება. ბოლო წელია აშშ-ის მთავრობა დათანხმდა  იმას, რომ აღარ მოუსმენდა თავის მოქალაქეებსა და მოკავშირე ქვეყნებს. თუმცა, ლეგალური ომები კიდევ მიმდინარეობს Wikileaks-სა და PirateBay-სთან და ასევე, შტატების მთავრობა კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას Google, Apple და Facebook-თან.

საბოლოო ჯამში, სიტუაცია მუდმივად ვითარდება. ახლანდელი მოვლენების თანახმად, კვლავ ხდება ურთიერთობების ფორმირება ინტერნეტსივრცესა და აშშ-ის მთავრობას შორის.

 

თინათინ გოგია