"გიორგი არეშიძემ საქმე რომ გააფუჭოს, ნარმანიას ეყოფა პოლიტიკური ნება, რომ კალაძის ცოლისძმა სამსახურიდან გაუშვას?" - კვირის პალიტრა

"გიორგი არეშიძემ საქმე რომ გააფუჭოს, ნარმანიას ეყოფა პოლიტიკური ნება, რომ კალაძის ცოლისძმა სამსახურიდან გაუშვას?"

"ჩემი აზრით, ნარმანია ამას ვერ შეძლებს. ამით საქმე ფუჭდება, ამაში ჩვენ ხელფასი უნდა გადავიხადოთ, ჩვენი სახსრები იკარგება და რაც მთავარია, ხალხი ზარალდება."

"ცოლის ძმას რომ ანიშვნინებ მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად, ზუსტად ეს არის ნეპოტიზმი"

ქვეყნის საშინაო პოლიტიკით უკმაყოფილო საზოგადოებას, მთავრობამ სასაყვედუროდ კიდევ ერთი მიზეზი მისცა. ნეპოტიზმში დაადანაშაულა მთავრობა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმაც, რომელმაც სხდომაზე კახი კალაძის ცოლის ძმას, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშნულ გიორგი არეშიძეს, "გამოცდა მოუწყო", როგორც ეს მოსწრებულად აღნიშნეს სოციალურ ქსელში.

- დაგაკმაყოფილათ თუ არა გიორგი არეშიძის პასუხებმა და რას ფიქრობთ, რატომ დაინიშნა ის ამ თანამდებობაზე?

- ჩემთვის ეს ფაქტი არის მიუღებელი, ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური შეცდომა. შეცდომა არის რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, ცოლის ძმას რომ ანიშვნინებ მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად, თან განათლების სამსახურის ხელმძღვანელად, ზუსტად ეს არის ნეპოტიზმი. მეორე შეცდომა არის ის, რომ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელ ადამიანს ნიშნავენ ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ადამიანს, რომელსაც, მხოლოდ "ქართულ ოცნებაში" საქმიანობის გამოცდილება აქვს და სხვა არაფერი. იქმნება შემდეგი სიტუაცია: გიორგი არეშიძემ საქმე რომ გააფუჭოს, ღმერთმა არ ქნას და სულ პირიქით მოხდეს, მაგრამ ბევრი რამ რომ გააფუჭოს, ნარმანიას ეყოფა პოლიტიკური ნება, რომ შენიშვნა მისცეს, ან გაუშვას სამსახურიდან ეს ადამიანი? ადამიანი, რომელიც არის პარტიაში ძალიან გავლენიანი პირის ახლო ნათესავი- კახა კალაძის ცოლისძმა. ჩემი აზრით, ნარმანია ამას ვერ შეძლებს. ამით საქმე ფუჭდება, ამაში ჩვენ ხელფასი უნდა გადავიხადოთ, ჩვენი სახსრები იკარგება და რაც მთავარია, ხალხი ზარალდება. არ შეიძლება ნეპოტიზმი და გამოუცდელი კადრების ამხელა თანამდებობაზე დასაქმება. ეს მიუღებელი იყო სააკაშვილის დროს, როცა ისინი ნიშნავდნენ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელ ადამიანებს. ეს იყო მიუღებელი და ეს ფაქტი ასევე მიუღებელი უნდა იყოს ამ მთავრობის დროსაც. ამას მე ვამბობ ხმამაღლა და სხდომაზეც ვთქვი კიდეც.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)