"ჩემთვის რეკომენდაცია კახას არ გაუწევია" - გულახდილი ინტერვიუ კახა კალაძის ცოლისძმასთან - კვირის პალიტრა

"ჩემთვის რეკომენდაცია კახას არ გაუწევია" - გულახდილი ინტერვიუ კახა კალაძის ცოლისძმასთან

"ჩემი ახალგაზრდული გამბედაობით, ენთუზიაზმით და მონდომებით საზოგადოებას კი არ დავუმტკიცებ, ვაჩვენებ, რომ პასუხისმგებლობის აღება შემიძლია და საქმეს ბოლომდე მივიყვან"

"ელისაშვილს ჩემი პასუხი ვერ დააკმაყოფილებდა,რადგან მე შემიძლია ხუთი კი არა, ათი ძირითადი პრობლემა ჩამოვთვალო."

"ეს არ არის განათლების სამინისტრო, რაიმე დიდი გამოცდილება რომ იყოს საჭირო. მე არ დავნიშნულვარ განათლების მინისტრად, ან მინისტრის მოადგილედ. "

ბოლო პერიოდში კახა კალაძე დაადანაშაულეს ნეპოტიზმში, რადგან მისი ცოლის ძმა დაინიშნა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო საქმეთა სამსახურის უფროსად . ჩვენ გავესაუბრეთ გიორგი არეშიძეს:

- თქვენი მერიაში დანიშვნის გამო, კახი კალაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ...

- ნეპოტიზმს რაც შეეხება, მე ხშირად ავღნიშნავ, რომ ჩემი კარიერა დავიწყე აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მაშინ ოპოზიციაში ვიყავი, ბატონი დავით ნარმანიას გუნდში, "ქართულ ოცნებაში." რაც შეეხება კახასთან კავშირს, იმის გარდა, რომ კახა ჩემი ნათესავია და ერთი და იგივე პერიოდში მოგვიწია ერთი და იგივე პარტიაში საქმიანობა, მეტი შეხება ჩვენ არ გვქონია. მე სადმე დავინიშნებოდი თუ არ დავინიშნებოდი, კონტაქტი ამ კუთხით კახასთან არასდროს მქონია.

- ეჭვი შეაქვთ, რომ მცირე გამოცდილების გამო , ურეკომენდაციოთ ვერ დაინიშნებოდით...

- რეკომენდაცია კახას არ გაუწევია. მე მერის არჩევნების დროს ბატონი ნარმანიას გუნდში ვიყავი. ჩვენ, ახალგაზრდები საარჩევნო პრობლემებიდან გამომდინარე ვმუშაობდით . არჩევნების მეორე ტურის დამთავრების შემდეგ, ბატონმა დავითმა შემომთავაზა, წამოვსულიყავი მის გუნდში მერიაში და მე დავთანხმდი ამ წინადადებას. წამოვედი, ვუდგავარ გვერდში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 2015 წლიდანვე დაიწყოს მერის საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილის შესრულება, რომელიც ეხება სპორტსა და განათლების მხარეს. ჩემი აქ წამოსვლა პირადად ჩემსა და მერს შორის გადაწყდა, სხვა არავინ ჩარეულა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

- საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ დავით ნარმანიას არ ეყოფა პოლიტიკური ძალა, თანამდებობიდან გაგანთავისუფლოს, თუ რაიმეს "დააშავებთ" და საქმეს ვერ გააკეთებთ...

- რა დაშავებაზე არის საუბარი, რა შეიძლება მე აქ დავაშავო? არავის არაფერში არ აქვს დიდი გამოცდილება და თან ისეთი, რომ არაფერი შეეშალოს. ცხოვრება ყველას აძლევს შანსს, რომ რაღაც გააკეთოს. ამ შემთხვევაში, მე მომეცა ამის შანსი და გამოვიყენე. ჩემი ახალგაზრდული, გამბედაობით, ენთუზიაზმით და მონდომებით საზოგადოებას კი არ დავუმტკიცებ, ვაჩვენებ, რომ პასუხისმგებლობის აღება შემიძლია და საქმეს ბოლომდე მივიყვან.

- მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ არის განათლების სამინისტრო, რაიმე დიდი გამოცდილება რომ იყოს საჭირო. მე არ დავნიშნულვარ განათლების მინისტრად, ან მინისტრის მოადგილედ. ეს არის განათლების განყოფილება. რომელსაც ეხება სკოლამდელი აღზრდა და გადამზადება, არაფორმალური განათლება და ა.შ. ესეც განისაზღვრება მერის სააჩევნო პროგრამის მიხედვით. ჩემს გამოცდილებას რაც შეხება განათლების მიმართ, ლოგიკურია , ერთი კაცი ამხელა საქალაქო სამსახურს ვერ გაუძღვება. შესაბამისი პროცესების გავლის შემდეგ, ჩვენ გვეყოლება შესაბამისი კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც ამ საქმეს გაუძღვებიან. მე პასუხისმგებელი ვიქნები საზოგადოების წინაშე და არა კონკრეტული პიროვნებების მიმართ.

- საკრებულოს სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა გთხოვათ განათლების სფეროში ხუთი პრობლემის სადახელება..

- ელისაშვილს ჩემი პასუხი ვერ დააკმაყოფილებდა, რადგან მე შემიძლია ხუთი კი არა, ათი ძირითადი პრობლემა ჩამოვთვალო, მაგრამ ამ პრობლემებს, განათლების განყოფილება, რომელიც მერიაშია, ვერ მოაგვაებს. ჩვენ გვეხება სკოლამდელი აღზრდა და რა პროლემაც გვაქვს უკვე ცნობილია, ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურა, სოციალური ნაწილი, აღმზრდელები და ა.შ. ჩვენ შეგვიძლია საქმის გაკეთება მხოლოდ არაფორმალურ დონეზე და თუ ჩვენი განყოფილება რაიმეში საჭირო იქნება, დიდი სიამოვნებით ვითანამშრობლებთ განათლების სამინისტროსთან.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)