"ბუბა კიკაბიძეს "ჩაკუბოვების" არ ეშინია!..." - კვირის პალიტრა

"ბუბა კიკაბიძეს "ჩაკუბოვების" არ ეშინია!..."

"ვიღაც სულელმა დამირეკა და რა ვქნა ახლა?!"

"შეიძლება ვიღაც მანიაკმა სიტუაციით ისარგებლა"

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ტერორისტებმა ვახტანგ კიკაბიძის დახვრეტის პირობა დადეს. ამის შესახებ თავად მსახიობმა განაცხადა. კიკაბიძის თქმით, ტერორისტებმა მას ტელეფონით დაურეკეს და უთხრეს, რომ მის დახვრეტას აპირებენ. "ცოტა ხნის წინ დამირეკეს: "გისმენთ! – "ვახტანგი ბრძანდებით?" – "კი" – "ჩვენ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ვრეკავთ". მე სიცილი დავიწყე, რადგან ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. ვამბობ: "და რა?" – "ჩვენ თქვენ დაგხვრეტთ!". იმას, რაც მათ ამის შემდეგ ვუთხარი, ვერ გავიმეორებ. ეს ყველაფერი ძალიან კომიკურად გამოიყურება", – აღნიშნა კიკაბიძემ გადაცემა "სვეტსკაია ჟიზნის" ეთერში...

ვითარებაში გასარკვევად თავად ბუბა კიკაბიძეს დავუკავშირდით..

- ვიღაც სულელმა დამირეკა და რა ვქნა ახლა?! საიდან იცით, დონეცკიდან იყვნენ თუ არა?! მე არსად არაფერი მითქვამს და მორჩა რა, თავი დამანებეთ, აღარ მსურს საუბარი!

ბუბა კიკაბიძის პრესცენტრი – რატი აბზიანიძე:

- დაახლოებით ერთი თვის წინ ბატონმა ბუბამ `რია ნოვოსტის~ მისცა ინტერვიუ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. გადაცემაში დააფიქსირა თავის აზრი და განაცხადა, ახალგაზრდა რომ ვიყო და შესაძლებლობა მქონდეს, უკრაინაში ჩავიდოდი და იმ ხალხის გვერდით დავდგებოდი, რომლებიც თავს იცავენ რუსეთის აგრესიისგანო... ინტერვიუს გასვლიდან მეორე დღესვე დაურეკა ბატონ ბუბას ვიღაც გაურკვეველმა სუბიექტმა, მოახსენა დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ვარო და დაემუქრა, ამ განცხადებას არ გაპატიებთ და "ჩაგაკუბოვებთო..." ბატონმა ბუბამაც ისეთივე საკადრისი პასუხი გასცა, როგორსაც იმსახურებდა...

- ბატონ ბუბას მუქარა არ აშინებს?

- ბუბა კიკაბიძეს "ჩაკუბოების" მუქარა არ აშინებს... ჩვენ ბევრი რამ ვიფიქრეთ, შეიძლება ვიღაც მანიაკმა სიტუაციით ისარგებლა, დარეკა და დაემუქრა, შეიძლება, სულაც არ იყო სინამდვილეში უკრაინიდან... მუქარის შემდეგ უკრაინაშიც ბევრჯერ ვიყავით და ოდნავაც არ შეგვშინებია. ეს თემა ეხლა იმიტომ გახდა აქტუალური, რომ ორი დღის წინ უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გადაცემაში ბატონი ბუბა მიიწვიეს და მანაც ხუმრობით მოყვა ყველაფერი.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)