"ვისაც კახას გარდაცვალება გაუხარდა, იმ ადამიანებს აღარაფერი ეშველებათ" - კვირის პალიტრა

"ვისაც კახას გარდაცვალება გაუხარდა, იმ ადამიანებს აღარაფერი ეშველებათ"

"კეთილი, მსუქანა და ხითხითა! ქვეყანამ დაკარგა ადამიანი, რომლისთვისაც სულ ერთი არ იყო სამშობლო"

"მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების შემდეგ ასეთი დიდი დანაკარგი საქართველოს არ ჰქონია"

"უკრაინაში სერიოზულად განიხილავდნენ კახა ბენდუქიძის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას"

საქართველოს ეკონომიკის ექსმინისტრის, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელის კახა ბენდუქიძე გარდაცვალება საზოგადოებისთვის შოკი აღმოჩნდა. როგორც ახლობლები და თანამოაზრეები, ასევე მოწინააღმდეგეები და მტრებიც მის გარდაცვალებას ეხმაურებიან. ბენდუქიძე მეტად წინააღმდეგობრივი პიროვნება გახლდათ, შესაბამისად მის მოღვაწეობასაც მუდამ წინააღმდეგობრივად აფასებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში მოღვაწე წარმატებული ბიზნესმენი თავის დროზე საქართველოში ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაბრუნდა. მის მიერ გატარებულ ეკნომიკურ რეფორმებს დღემდე ბევრი აკრიტიკებს. მას ეძახდნენ იუდას, თუმცა მის დიდ შესაძლებლობებსა და ერუდციას მტრებიც კი აღიარებდნენ.

კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა: "კვირის ბოლოს კიევში უნდა შევხვედრილიყავით. ახლა უკვე საიდუმლო აღარაა, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ მის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას და იქ ამის შესათანხმებლად ჩადიოდა."- განაცხადა ექსპრეზიდენტმა. მისი გარდაცვალების გამო მწუხარება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც გამოთქვა. კახა ბენდუქიძის გახსენება ვთხოვეთ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანსა და ჟურნალისტ მიხეილ თავხელიძეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

- ვერ ვიტყვი, რომ კახა ბენდუქიძე ჩემი მეგობარი იყო, თუმცა დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მისი - ყველაზე საყვარელი "იუდას" მეგობარი! ის ჩემი საყვარელი რესპოდენტი იყო, საინტერესო და იუმორით სავსე.

- ძალიან ბევრმა "სასიხარულო" პოსტები მიუძღვნა მის გარდაცვალებას. რას ეტყოდით ასეთ ადამიანებს..

- 5000 მეგობარი მყავს "ფეისბუქზე" და არც ერთი ნეგატივი არ შემხვედრია. ჩემს "ნიუსფიდში" ყველა ტირის. თუ ვინმეს მართლაც "უხარია," მაგათზე რა უნდა გითხრათ. მაგათზე სათქმელს მათივე პოსტები ამბობს.

კახა ბენდუქიძე პროგრესზე ორიენტირებული ადამიანი იყო. კაცი, რომელიც განათლებაში და მომავალ თაობაში დებდა მთავარ ინვესტიციას. ინვესტიციას არა მხოლოდ ფულის სახით, არამედ დროის, ენერგიის და გულის სახითაც. ის ყველა გაგებით რეფორმატორი იყო - ყველაზე გახსნილი გონებით და ყველაზე განსხვავებული ხედვებით. კეთილი, მსუქანა და ხითხითა! ქვეყანამ დაკარგა ადამიანი, რომლისთვისაც სულ ერთი არ იყო სამშობლო.

- რას მიიჩნევთ კახა ბენდუქიძის მთავარ წარმატებად?

- აგრარული უნივერსიტეტს და იმას, რაც იქ გამთენიისას ხდებოდა. კახას გარდაცვალება შოკი იყო. წუხელ არ მძინებია, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. მისი ამბავი ზუსტად ისე მტკივა როგორც ჩემი, ძალიან ახლო ადამიანის გადაცვალება მეტკინებოდა.

მიშა თავხელიძე:

- კახა ბენდუქიძის წარმატებების ჩამოთვლა რომ დავიწყო, შესაძლოა 2-3 დღე დამჭირდეს. ის უნიკალური ადამიანი იყო, ყველანაირი გაგებით. მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების შემდეგ ასეთი დიდი დანაკარგი საქართველოს არ ჰქონია. მისი გარდაცვალებით საქართველომ დაკარგა დიდ პატრიოტი, რომელიც საქართველოზე უანგაროდ იყო შეყვარებული. ვიღაცები თურემ "სიხარულს" გამოხატავენ მისი გარდაცვალების გამო, რა შეიძლება ვუთხრა ასეთ ადამიანებს ვერც ვხდები. ვისაც კახა ბენდუქიძის გარდაცვალება ან საერთოდ ვინმეს გარდაცვალება გაუხარდება იმ ადამიანებს აღარაფერი ეშველებათ და რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვეტყვი?! ზოგი, უბრალოდ იდიოტია, ზოგიც უნამუსოა, ზოგიც ბოღმიანი და ზოგიც კიდევ სამივე ერთადაა. კახას გარდაცვალებით საქართველოს განათლების სისტემამ უდიდესი დანაკრაგი განიცადა როგორც ფინანსური ისე ინტელექტუალური კუთხით. მე არ ვიცი რამდენი დრო დაჭირდება ამ დანაკარგის აღდგენას. ის უამრავ ფულს დებდა საგანმანათლებლო პროექტებში, ამ ბოლო დროს რეალურად სხვა საქმეები აღარც კი აინტერესებდა. თუ გარშემო მიმოიხედავთ, ისეთი ხალხია ზედაპირზე წარმოჩენილი, შეიძლება არც დაიჯეროთ, რომ საქართველოში ნორმალური ხალხი კიდევ დარჩა, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ვიმედოვნებ, ისინი კახას დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)